in

5 მითი დისტანციურ მუშაობაზე, რომელიც უნდა დაივიწყოთ!

როდესაც “გუგლში” დისტანციურად მუშაობაზე ფოტოებს ეძებთ, როგორც წესი, პლიაჟზე ან მთაში, ლეპტოპთან უზრუნველად მოკალათებული ადამიანების სურათებს წააწყდებით ხოლმე. რა კარგია – გაიფიქრებთ, თან ცოტათი შეგშურდებათ კიდეც, რომ თქვენ ოფისში სხედხართ, სხვა კი – თავისუფლად მუშაობს. რაც შეეხება, კომპანიებს, მათთვის ეს მექანიზმი არამხოლოდ ეკონომიურია, არამედ საშუალებას აძლევს, საერთაშორისო შრომითი ბაზრიდან მიიზიდონ თანამშრომლები. თუმცა, დისტანციური მუშაობის ეფექტურობაში ზოგიერთს მაინც ეპარება ეჭვი. მოდით, განვიხილოთ 5 მითი დისტანციურ მუშაობაზე, რომელიც თავიდან უნდა ამოიგდოთ:

მითი #1. დისტანციური მუშაკები ზარმაცები არიან და საქმეს არ აკეთებენ

როდესაც დისტანციურად მუშაობთ, როგორც წესი, თქვენს კოლეგებსა და ხელმძღვანელებს წარმოდგენაც არ აქვთ, ამ მომენტში რას აკეთებთ, რადგან არ სხედხართ მათ გვერდით და არ აქვთ უტყუარი მტკიცებულება, რომ საქმეს აკეთებთ. დრომ და პრაქტიკამ კი, საწინააღმდეგო დაამტკიცა. პირიქით, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები ამბობენ, რომ ბევრად დიდ დროს უთმობენ საქმეს, ვიდრე მაშინ, როდესაც ოფისში ისხდნენ. ამგვარად, ისინი მოქნილები არიან საქმის მიმართ და ცხოვრების ხარისხიც მაღლა იწევს. ამას გარდა, იმატებს პროდუქტიულობას – არ არსებობს ყურადღების გამფანტველი გარემოება.

მითი #2. დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები თავს მარტოდ გრძნობენ

დისტანციურად მომუშავე ადამიანები, ზოგჯერ, მარტოსულები ჰგონიათ. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ასეთ თანამშრომლებს კარგი გუნდური მუშაობა არ შეუძლიათ. ამას გარდა, დისტანციური მუშაობით დაინტერესებულ ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ასეთ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, ვერ ექნება საკმარისი ინტერპერსონალური ურთიერთობა. თუმცა, ეს სულაც არ არის აუცილებლად ასე. ბევრი აღნიშნავს, რომ დისტანციურად მუშაობა არანაკლებ დატვირთულია სოციალური ურთიერთობებით, ვიდრე საოფისე, თუ მეტად არა.

მითი #3. Work-Life ბალანსი უფრო ადვილია, როცა დისტანციურად მუშაობ

როგორ წარმოგიდგენიათ, დისტანციურად მომუშავე თანამშრომელი? თვლით, რომ ის რამდენიმე ამოცანას შეასრულებს, შემდეგ კი, სახლის საქმეებს მიხედავს, ბავშვებს მოუვლის, სადილს გაამზადებს..? სინამდვილეში, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები მაქსიმალურად კონცენტრირებულად სხედან სამუშაო მაგიდასთან და ყველანაირად ცდილობენ ოჯახურმა საქმემ ხელი არ შეუშალოთ. Work-Life ასეთ დროს ბევრად რთულია, რადგან თავად წყვეტ, როდის მორჩე სამუშაო საათებს და შესაძლოა, სულმა წაგძლიოს და რამდენიმე საათით გაახანგრძლივო კიდეც სამსახურის საქმე. ასეთ დროს, ბალანსის დაცვა სულაც არ არის მარტივი და მეტ თვითდისციპლინას მოითხოვს.

მითი #4. ადამიანებს ვერ უხელმძღვანელებ დისტანციურად.

ჩვეულებრივი დამქირავებლები ხშირად სკეპტიკურად უყურებენ თანამშრომლების დისტანციურად ყოლას, რადგან მათ ვერ გააკონტროლებენ, წარმოიდგინეთ, რას ფიქრობენ დისტანციურ მენეჯერებზე. სინამდვილეში, ეს სავსებით შესაძლებელია. სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები თანამშრომლების მართვა მენეჯერს დისტანციურად ისე შეუძლია, რომ ოფისში მისვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

მითი #5. დისტანციურად მუშაობისას, საკუთარი თავისთვის მეტი დრო გრჩება

ეს აუცილებელი ფაქტი არ არის. შესაძლოა, იფიქროთ, რომ დისტანციურად მუშაობისას აუცილებლად შეძლებთ ჯიმში სიარულს ან ყოველდღიურ მედიტაციას, მაგრამ ეს თავად ადამიანის თვითდისციპლინაზეა დამოკიდებული და შინაგან ძალისხმევაზე.

 

წყარო: hubspot

e-library ინგლისურენოვან ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე 70%-იან ფასდაკლებას აცხადებს 

სარეკლამო ფესტივალ White Square-ის თარიღები შეიცვალა