in

5 რჩევა, როგორ არ გადავტვირთოთ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში

ახალი წელი მხიარულებასთან ერთად გემრიელ კერძებთან და ტკბილეულთანაც ასოცირდება. ამ დღეს ყველა ოჯახში ფუსფუსია, სუფრას მრავალი ტრადიციული თუ ახალი კერძი ამშვენებს და თან ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ გვიხანგრძლივდება შობა-ახალი წლის აღნიშვნა, მოლხენა ერთ და ორ დღეს კი არა, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, ორგანიზმი საკმაოდ გადატვირთულია. 

ამ თემაზე სახალისო მიმებსაც ხშირად ვხვდებით და დიეტოლოგებთან ვიზიტიც აქტიურდება, რადგან ასეთი გადატვირთული კვების შემდეგ ცხოვრების ჯანსაღ და ნორმალურ პირობებში დაბრუნება რთული ხდება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ახალი წლის მენიუ არ არის ჩვეულებრივი. მასში ჭარბადაა ტკბილი, ცხიმიანი, ნიგვზიანი კერძები, რომლებიც საკმაოდ კალორიულიცაა და რთულად გადასამუშავებელიც, ამიტომ ამ დღესასწაულზე ჩვენი ორგანიზმი ნამდვილად დიდ განსაცდელშია.

ამ სტატიაში რამდენიმე რეკომენდაციაა მოცემული, თუ როგორ დავიცვათ თავი საახალწლო სუფრის ზეწოლისგან, როგორ შევინარჩუნოთ ფორმა და არ გავიუარესოთ ჯანმრთელობა.

#1 – შეადგინეთ შეძლებისდაგვარად მსუბუქი მენიუ

შეიძლება ეს რჩევა სასაცილოდ ჟღერდეს, რადგან გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, ხაჭაპური და სხვა შემწვარ-მოხრაკული საჭმელი თუ ნიგვზიანი ფხალი ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ეცადეთ მენიუ არ იყოს გადატვირთული ყველა კატეგორიის მავნე საკვებით. უარი თქვით ბევრი მაიონეზიანი სალათის, ბევრი ნიგვზიანის მომზადებაზე და იმყოფინეთ 1 სახეობის კერძი თითო კატეგორიიდან. მოამზადეთ მხოლოდ აუცილებელი და ის კერძები, რომლებიც ოჯახში განსაკუთრებულად გიყვართ და ოჯახურ ტრადიციად გაქვთ, არაა საჭირო სუფრის გადავსება.

#2 – არ შეწყვიტოთ წყლის სმა

თუ მანამდე წყალს რეგულარულად იღებდით, ეს წესი ახალი წლის დღეებზეც გაავრცელეთ. დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღება დაგეხმარებათ მძიმე და მრავალფეროვან საკვებთან გამკლავებაში. ასევე შიმშილის შეგრძნების გაკონტროლებაში. ალკოჰოლის, ტკბილეულისა და ნიგვზიანების მიღებისას კავდება სითხე, ამიტომ მისი ანაზღაურება წყლის რეგულარული დალევით აუცილებელია.

#3 – არ იშიმშილოთ

ბევრი ჩვენგანი საახალწლო დღეების გადაგორების შემდეგ შიმშილობას აცხადებს. ჰგონია, რომ თუ არაფერს შეჭამს ან მინიმალურად მიიღებს საკვებს, მარტივად დაიკლებს მომატებულ კილოგრამებს. დიეტოლოგები ასეთი სიმკაცრის ნებისმიერ ფორმას სასტიკად უარყოფენ და მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვების დაწყებას გვირჩევენ. თუ ახალი წელი გასტრონომიულად გადატვირთული გქონდათ, არავითარ შემთხვევაში არ მოუწყოთ ორგანიზმს შოკი შიმშილობით. უბრალოდ აირჩიეთ ბალანსირებული კვება, კალორიული დეფიციტი და წყლის სწორ მიღებასთან ერთად დაიცავით ეს წესი.

#4 – მოკლე ვარჯიშები

შეიძლება იფიქროთ, რომ ვარჯიშისთვის საახალწლო დღეების მოცდენა როგორ შეიძლება, თუმცა ყოველდღიურად ნახევარ საათს მაინც თუ გამოყოფთ და რამდენიმე ვარჯიშს გააკეთებთ, ყველა კუნთი ტონუსში გექნებათ და თავს გადავსებულად არ იგრძნობთ, ასევე ვარჯიში დაგეხმარებათ კალორიების წვაში. აქვე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თუ მოლხენისას ბევრ ალკოჰოლს სვამდით და ღამეებს ათენებდით, ამ შემთხვევაში ვარჯიში რეკომენდებული არ არის. ვარჯიშის დროს ენერგია გჭირდებათ, ამის გარეშე ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეგიძლიათ.

#5 – მოერიდეთ წახემსებებს

ახალ წელს ყველაზე მეტად რაც მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, არის ხშირი წახემსებები. როცა სახლში მრავალნაირი სასუსნავი და საკვებია, რთულია ნებისყოფის გამოჩენა. ამის გამო უმეტესობა მთელი დღის განმავლობაში სასუსნავს მივირთმევთ. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ჩვევა დავძლიოთ და შევძლოთ საკვების ბალანსირებულად მიღება. როცა მთელი დღე ვსუსნაობთ, ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ გვშია, უბრალოდ ასეთი ჩვევა გვაქვს გამომუშავებული. 

ბოლოს, ბონუსად გეტყვით, რომ უმჯობესია, არ დადგეთ სასწორზე. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან შეგიშლით ხელს მოტივაციაში. დაახლოებით 1 კვირა, საახალწლო დღეების ჩავლის შემდეგ, გამოიყენეთ სწორი კვებისთვის და შემდეგ გაიკონტროლეთ წონა. 

იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ, ჩვენ კი ბედნიერ და ჯანმრთელ ახალ წელს გისურვებთ!

რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

YSL 2023 წლის კოლექციისთვის ახალ შეფუთვას წარმოადგენს

რატომ არის ERP კომპანიისთვის მნიშვნელოვანი?