in

5 წიგნი თვითგანვითარებაზე, რომელიც საქმიან ადამიანებს გამოადგებათ

ადამიანისთვის თვითგანვითარებაზე ზრუნვა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. რამდენადაც თავდაჯერებულები და გაბედულები ვართ, მით უფრო არ გვეშინია ახალ-ახალი გამოწვევების, საქმიან თუ პირად ურთიერთობებში სიახლეების მიმღებლობაც მაღალი გვაქვს და ზოგადად, ცხოვრება თითქოს ასე უფრო მარტივია. თვითგანვითარებაზე მუშაობის ბევრნაირი მეთოდი არსებობს. ეს მეთოდები ადამიანისთვის ინდივიდუალურია – ვიღაცას წიგნების კითხვა ეხმარება, ვიღაცას ქოუჩთან ან ფსიქოლოგთან სიარული და ასე შემდეგ.

ლიტერატურა ამ კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. წიგნები, რომლებიც პერსონალურ განვითარებაზეა ორიენტირებული, ეფექტურად გვეხმარება, რომ საკუთარ თავს სხვა თვალით შევხედოთ, ცხოვრებისეული უნარები გამოვიმუშაოთ, პრობლემები გადავჭრათ და რაღაც მოვლენებს თავისი სახელი დავარქვათ. 

აღნიშნულ თემაზე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის” პარტნიორი, მედეა ტაბატაძე გაგვესაუბრა და თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა იმ მხატვრულ თუ ბიზნეს ლიტერატურაზე, რომელმაც მის პერსონალურ განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინა…

მხატვრული ლიტერატურისა და ბიზნეს ლიტერატურის კითხვის გრაფიკი მაქვს, რაც გულისხმობს, რომ უმეტესად ბიზნეს ლიტერატურას ვკითხულობ, თუმცა თვის ბოლოს 1 კვირა მაინც ეთმობა მხატვრულ ლიტერატურასაც. ახლა ჩამოთვლას მხატვრულით დავიწყებ: ძალიან მიყვარს ამ მიმართულებით კობო აბე, დოსტოევსკი, კამიუ, ჰემინგუეი, დოჩანაშვილი, ქარჩხაძე…გამორჩეულად მიყვარს ქიქოძე, მისი ყველა შედევრი წაკითხული მაქვს. ძალიან დიდია ჩემი მხატვრული ლიტერატურის სია, კიდევ დავამატებდი, კაზანძაკასიც ძალიან მიყვარს… თუმცა რაკი დასახელებულები გამახსენდა, ესე იგი, ყველაზე მეტად ამ ავტორებმა მოახდინეს ჩემზე გავლენა. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ არ მქონია შემთხვევა,  როდესაც წამიკითხავს მოთხრობა ან რომანი , რომელსაც არ დაუტოვებია ჩემზე ემოციური და რა თქმა უნდა ინტელექტუალური „კვალი”.

რაც შეეხება ბიზნეს ლიტერატურას, აქაც ბევრია. მიყვარს უოლტერ ისააკსონი (ამ ავტორის წიგნებიდანაც ყველა მაქვს წაკითხული). გამორჩეულად მომეწონა The Innovators; მომეწონა ჯიმ კოლინზიც (მისი ნაწარმოებებიც ყველა წავიკითხე და ვფიქრობ good to great ან  how mighty fall ყველას ჯობია. ძალიან მიყვარს ადამ გრანტი  (ოთხი დიდი წიგნი აქვს ადამს და ოთხივე მომწონს: უახლესია think again, give and take, originals, leif and the fail. განსაკუთრებით მიყვარს მალკომ გლადუელი და მისი ყველა წიგნი ასევე ძალიან მომწონს, თუმცა talking to strangers და  blink: thinking without thinking გამორჩეულია ჩემთვის. ასევე მომწონს და  მიმდევარი ვარ იუვალ ნოა ჰარარის, ისააკ/აიზეკ  აზიმოვის და ალბათ, ეს სიაც ძალიან დიდი იქნება, რადგან ძალიან მიყვარს ბიზნეს ისტორიების, ტრანსფორმაციების, „დიდი იდეების” და უცნობი ამბების შესახებ კითხვა, ახლის აღმოჩენა და მერე აღფრთოვანება, ასე მემართება კითხვის დროს…”

რაც შეეხება ჩვენს სიას, მოვიძიეთ და გადავხედეთ მსოფლიო მასშტაბით ტრენდულ ბიზნესლიტერატურას, რომელიც რეკომენდებულია წასაკითხად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თვითგანვითარება აინტერესებთ და ჩვენი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. დეილ კარნეგი – როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე?

ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდგომაც, აუცილებლად დაფიქრდებით ადამიანურ ურთიერთობებზე. ერთი შეხედვით, თითქოს ბანალური თემაა – ადამიანური ურთიერთობები, მეგობრების მოპოვება, სხვებზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა წიგნის სტრუქტურა და შინაარსი ისეა აგებული, რომ მკითხველს ითრევს და ნათლად მიახვედრებს, რატომაა ასე მნიშვნელოვანი სწორი პოზიციების ქონა ადამიანებთან ურთიერთობისას, ცხოვრების უნარების დახვეწაზე მუშაობა და სხვა.

2. HBR – საკუთარი თავის მართვა

ეს ლიტერატურა ქართულ ენაზეცაა ნათარგმნი და მისი როგორც ბეჭდურად, ისე ონლაინ შეძენა შეგიძლიათ. წიგნი კრებულია, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს ექსპერტის ნაშრომს აერთიანებს საკუთარი თავის მართვის შესახებ. აქ ამოიკითხავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: წონასწორობის შენარჩუნება პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის, ფიზიკური და გონებრივი ენერგიის აღდგენა, თანამშრომლებთან ურთიერთობა, გულწრფელი უკუკავშირების გაცემა და მიღება და სხვა.

3. კალ ნიუპორტი – Deep work

ეს არის პრაქტიკული რჩევებით სავსე წიგნი პერსონალურ განვითარებაზე, რომელიც დაგეხმარებათ, მოახდინოთ სწორი ფოკუსირება საგნებსა და მოვლენებზე; ასევე, გამოყოთ დრო იმ აქტივობებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის წიგნი, რომელიც გარკვეულწილად გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ, მაგრამ ამავდროულად დაგეხმარებათ. კალ ნიუპორტი თამამად მიუთითებს შოკისმომგვრელ რეალობაზე, თუ რამდენად დაკარგეს ადამიანებმა ფოკუსირების უნარი ჩვენს თანამედროვე სამყაროში.

4. სოფია ამორუზო – როგორ გავხდი GIRLBOSS

ეს თავად ავტორის ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც სრულიად არაფორმალური, არააკადემიური ენით გვიყვება საკუთარი განვლილი ცხოვრების, სირთულეების დაძლევისა და ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარების შესახებ. წიგნი საკმაოდ მარტივი ენით არის დაწერილი, ამიტომ მკითხველისთვის მოსაწყენი არასოდეს ხდება, თუ როგორ გადაიქცა ღარიბი გოგონა ბიზნესვუმენად და აღმასრულებელ დირექტორად. წიგნი ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი.

5. ტიმ ფერისი – The 4-Hour Work Week 

ეს საკმაოდ პოპულარული წიგნია და ბევრი მკითხველი ჰყავს. აქ ამოიკითხავთ დეტალურ გეგმას, თუ როგორ გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი. ავტორის მიზანი ამ წიგნში არის, მკითხველამდე მიიტანოს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც სკოლაში არ ისწავლება, არადა თვითგანვითარებისა და წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. ავტორი წიგნი საკუთარი წარმატების გამოცდილებასაც გვიზიარებს და გვებნება, რომ ყველაფერი, რაზეც ის ლაპარაკობს, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

IKEA-ს ავეჯი მალე თქვენთან ლაპარაკს შეძლებს

ქართველი ლოგოდიზაინერები, რომლებიც Instagram-ზე უნდა გამოიწეროთ