რა უნდა გააკეთოს ლიდერმა, რომ მისი გუნდის წევრები მუდმივად ვითარდებოდნენ და დასახულ მიზნებს აღწევდნენ? შონ დოილის თქმით, ხელმძღვანელი თანამშრომლებს სულ რაღაცას უნდა ასწავლიდეს და ხელს უწყობდეს, მიაღწიონ იმას, რაც სურთ. რიგ შემთხვევებში, სამომავლო, გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრაშიც კი ეხმარებოდეს. შონ დოილი ლიდერებს რამდენიმე რჩევას აძლევს, რომელიც, მისი აზრით, საერთო წარმატების საწინდარია.
შონ დოილი პროფესიონალი სპიკერი, მეთოდისტი, კონსულტანტი და ქოუჩია. ძირითადად, ადამიანის პოტენციალის განვითარების მიმართულებაზე მუშაობს. არის 14 წიგნის ავტორი (თემები: ბიზნესი და კომპანიის მართვასთან დაკავშირებული საკითხები). ამ სფეროში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და მის კლიენტებს შორის არიან: IMB, Charter Media, Kraft და სხვა.
შონ დოილი ყველა ხელმძღვანელს ურჩევს, თანამშრომლებს სხვადასხვა უნარ – ჩვევისა და ცოდნის შეძენაში დაეხმაროს, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია, რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:
„როდესაც თანამშრომლებს საქმეში ეხმარებით ან რამეს ასწავლით, აუხსენით, რატომ აკეთებთ ამას. აუცილებლად უთხარით, რომ საკუთარ თავზე იღებთ გუნდის თითოეული წევრის პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებას და ასე იქნება მომავალშიც. იმუშავეთ თითოეულ თანამშრომელთან, ასწავლეთ რაღაც ახალი.
ყველას უნდა მისცეთ შესაძლებლობა, სასურველ შედეგს მიაღწიოს. თითოეულ თანამშრომელთან იმუშავეთ და ასწავლეთ რაღაც ახალი. ერთხელ, „ლიდერთა განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მკითხა, მიმღები განყოფილების თანამშრომელსაც მე უნდა ვასწავლო რაღაც? დიახ, ყველას უნდა მისცეთ შანსი გაიზარდოს და განვითარდეს – მეთქი. რაღაც პოტენციალი თითოეულ მათგანს აქვს, უბრალოდ, საჭიროა ადამიანი, ვინც ამას დაინახავს და გუნდის სასარგებლოდ გამოიყენებს.
პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ჰკითხეთ გუნდის წევრებს, რის მიღწევა სურთ დროის სხვადასხვა პერიოდში. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვიან, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რას გააკეთებენ, „როცა გაიზრდებიან“. ერთად განიხილეთ მათი მიზნები, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მსგავსი საუბრებით, როგორც წესი, უფრო უადვილდებათ, სამომავლო გეგმების განსაზღვრა. თქვენი მხრიდან კი, ასეთი საქციელი აჩვენებს, რომ თქვენ გულწრფელად ზრუნავთ თანამშრომლებზე, გაინტერესებთ მათი მიზნები და მისწრაფებები და მზად ხართ, ყველაფერში დაეხმაროთ.
საკუთრი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის წევრებთან მუშაობის ორი გზა არსებობს: ერთი, როდესაც მათ უსწორებთ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში და როგორ გამოასწორონ შეცდომები. მაგალითად, გყავთ თანამშრომელი, რომელსაც, უბრალოდ, ჩვევად აქვს დაგვიანება. აუხსენით, რომ ეს საკითხი აუცილებლად მოაგვაროს და მიეცით კონკრეტული რჩევა, როგორ გადაჭრას პრობლემა. მეორე, როდესაც თანამშრომლებს ეხმარებით მიზნების მიღწევაში, ხელს უწყობთ, რომ გაიზარდონ და განვითარდნენ , შეიძინონ ახალი გამოცდილება, ცოდნა, უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, ლიდერთა უმრავლესობა ამ უკანასკნელს, თითქმის, არასოდეს აკეთებს.
თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის რაღაც ახლის სწავლება და მიზნების მიღწევაში დახმარება აუცილებელია. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის უცნაურად ჟღერს და თვლის, რომ საჭირო არ არის, მაგრამ, რეალურად, საქმე სხვაგვარადაა. აი, მაგალითად, მე. ერთი ხელმძღვანელი მყავდა, მასთან 2 წელი ვმუშაობდი. სულ მეუბნებოდა, რომ ჩემთვის ბევრი რამის სწავლება უნდოდა, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია. თუ ლიდერი თანამშრომლების განვითარებას საკუთარ პრიორიტეტად არ აქცევს და ყოველ დღე, თუნდაც, ელემენტარულ რამეს არ გააკეთებს საამისოდ, არაფერი გამოვა.
გახსოვდეთ,თქვენი გუნდის წევრებს საკუთარი იდეები, შიში, ხშირად დაუცველობის განცდა და წარსული აქვთ. ამ გრძნობებისა და გამოცდილების საშუალებით აღიქვამენ და ითვისებენ იმას, რასაც ასწავლიან. ამიტომ, თითოეული თანამშრომლის შემთხვევა ცალკე განიხილეთ და კონკრეტული მოცემულობა გაითვალისწინეთ“.
წყარო: www.entrepreneur.com