როდის დაიწყო ეს ყველაფერი? ისტორია საინტერესო ფაქტებს გვინახავს, ამ დღის ავტორის ჩათვლით, რომელსაც ჯერ დედის დღის გაოფიციალურება სურდა, შემდეგ კი ძალიან ნანობდა ამას. არ მოსწონდა თუნდაც ის, რომ ამ დღისთვის ყვავილის ფასები იზრდებოდა და ბიზნესები მას სათავისოდ იყენებდნენ…
და დედის დღის ტრადიციების შესახებ თუ იცით? ზოგიერთ ქვეყანაში დედას დილით სიმღერით აღვიძებენ, ზოგან კი პატივისცემის ნიშნად უჩოქებენ… ქვემოთ სწორედ ამ და სხვა საინტერესო ფაქტებზე მოგიყვებით უფრო დეტალურად:
1. ისტორიაში პირველად დედის დღე 1908 წელს აღინიშნა
ეს ამბავი ანნა ჯარვისის სახელს უკავშირდება, რომელმაც გადაწყვიტა, პატივი მიეგო 1905 წელს გარდაცვლილი დედისთვის. მისმა ფართომასშტაბიანმა წერილების კამპანიამ, რომელიც ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს გაუგზავნა, საფუძველი ჩაუყარა ისტორიაში პირველად დედის დღის ოფიციალურ აღნიშვნას დასავლეთ ვირჯინიასა და ფილადელფიაში. უკვე 1914 წლის 9 მაისს, შაბათს, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ყოველი მაისის მეორე კვირა დედის დღის ეროვნული დღესასწაული იქნებოდა.
2. დედის დღემდე ე. წ. მეგობარი დედების, მომუშავე დედებისა და დედების მშვიდობის დღეები აღინიშნებოდა
თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ანნა ჯარვისი იყო პირველი, ვისაც დედებისთვის პატივის მიგების იდეა გაუჩნდა. თავად ანნას დედა ენ რივზ ჯარვისი ზედამხედველობდა Mothers’ Day Work Clubs-ს, რომლის მიზანიც ადგილობრივი საზოგადოების ჯანმრთელობისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესება იყო. Mothers’ Friendship Day-საც წარუძღვა, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ მშვიდობასა და შერიგებას ემსახურებოდა.
საინტერესოა, რომ სახელგანთქმული მწერალი ჯულია უარდ ჰოუიც საუბრობდა Mother’s Peace Day-ის შესახებ 1870-იან წლებში და მას სამოქალაქო თუ საფრანგეთ-პრუსიის ომების შემდეგ კარგ განტვირთვის საშუალებად მიიჩნევდა. 1904 წელს კი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფეხბურთის ყოფილი მწვრთნელი და Fraternal Order of Eagles-ის პრეზიდენტი ფრენკ ჰერინგი დედების წვლილზე ღიად საუბრობდა და სხვებსაც მოუწოდებდა ამისკენ. ამიტომაც, დღეს Fraternal Order of Eagles ამბობს, რომ დედის დღის დაარსებაში წვლილი თავადაც მიუძღვით.
3. დედის დღის დამფუძნებელმა საბოლოოდ უარყო ეს დღესასწაული
ანნას მალევე მოუწია იმ სუბიექტებთან ბრძოლა, რომლებიც ამ დღესასწაულიდან სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. როგორც ვიგებთ, 1920-იან წლებში ფლორისტებს, რომლებიც ყოველ მაისში თეთრი მიხაკების ფასს ზრდიდნენ, ბოიკოტი გამოუცხადა. ფიქრობდა, რომ ისინი დედის დღის რეალურ არსს ამახინჯებდნენ.
ლედი ელეონორა რუზველტიც კი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ათწლეულის განმავლობაში დედის დღეს ფონდების მოსაზიდად იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფული დედათა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლების შესამცირებლად იყო გამიზნული. ანნამ მისი ქონებაც სასამართლო სარჩელებს შეალია, რათა თავისივე ქმნილების არსი დაეცვა… ერთხელ ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა — „ვწუხვარ, რომ ოდესღაც დედის დღის აღნიშვნა წამოვიწყე“.
4. დედის დღის საფოსტო ბარათის დიზაინი ნახევრად ფრანკლინ რუზველტმა შექმნა
1934 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დიდი როლი ითამაშა ამერიკული საფოსტო ბარათის შექმნაში, რომელიც დედის დღეს მიაგებდა პატივს. მასზე ცნობილ Whistler’s Mother-ის ნახატს ვხედავთ, როგორც დედობის სიმბოლოს. თავად რუზველტი საფოსტო ბარათების შეგროვებით იყო დაინტერესებული, ამიტომ, თავადვე წყვეტდა, რა სიტყვები უნდა ყოფილიყო მასზე და, ზოგადად, როგორი ვიზუალი უნდა ჰქონოდა. საფოსტო ბარათზე In Memory and In Honor of the Mothers of America-ის ფრაზა იკითხება. იგი 2 მაისს გამოუშვეს და ასე კოლექციონერების საყვარელ ნივთად აქციეს.
5. დედის დღე დიდი ბიზნესია
მიუხედავად ჯარვისის ამხელა ძალისხმევისა, თქვენთვისაც კარგად ნაცნობია, რომ დღემდე ბიზნესებისთვის დედის დღე ნამდვილი დღესასწაულია: ყოველწლიურად საშუალოდ 113 მილიონი მისალოცი ბარათი იყიდება, ფლორისტებს კი ამ დღეს დახარჯული თანხის 25%-ს უწილადებენ…
6. დედის დღეს მსოფლიო განსხვავებული გზებითა და დროით აღნიშნავს
დედის დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა, თარიღები და კულტურული მახასიათებლები განსხვავებულია. მაგალითისთვის, ჩვენთან თუ 3 მარტს აღვნიშნავთ და დედებს უმეტესად საჩუქრებს ან სიურპრიზს ვუკეთებთ, მექსიკაში ყოველ 10 მაისს აღინიშნება, რა დროსაც ბავშვები დედას ტრადიციული სიმღერით Las Mañanitas აღვიძებენ. ტაილანდში კი 12 აგვისტოს ბავშვები დედისადმი პატივისცემის გამოსახატავად უჩოქებენ, მუხლს იდრეკენ მის წინაშე… დაბოლოს, ეთიოპიაში წვიმიანი სეზონის დასასრულს, ოქტომბერში, დედის დღის აღსანიშნად 3-დღიან ფესტივალ Antrosht-ს აწყობენ…