ჯანსაღი ცხოვრების წესის კომბინაციას, როგორიცაა სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში და სოციალიზაცია, შეუძლია მეხსიერების დაქვეითების ტემპი შეანელოს და დემენციის რისკიც შეამციროს. ამას 10-წლიანი კვლევა ადასტურებს და შესაბამის რეკომენდაციებსაც გვთავაზობს, რათა მეხსიერება, ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტური ფუნქცია, ჯანსაღად შევინარჩუნოთ.
სამწუხაროდ, ის ასაკთან ერთად სტაბილურად უარესდება, რაც მოქმედებს როგორც ცხოვრების ხარისხზე, ისე პროდუქტიულობაზე. წინა კვლევების მტკიცებულებები კი არასაკმარისი აღმოჩნდა მეხსიერების ტრაექტორიაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენის შესაფასებლად. ხოლო ახალ კვლევაში ამ ორს შორის მჭიდრო კავშირია გამოვლენილი. „პოზიტიური ჯანსაღი ქცევების ერთობლიობა მეხსიერების ნელ დაქვეითებასთან და კოგნიტიურად ნორმალურ მოვლენად აღიქმება“, — წერენ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 60 წელზე მეტი ასაკის 29 000 ადამიანის კოგნიტიური ფუნქციები შეისწავლეს. საწყის ეტაპზე, 2009 წელს, მეხსიერების ფუნქცია გაიზომა ტესტების გამოყენებით და ადამიანები შემოწმდნენ APOE გენზე, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ყველაზე ძლიერი რისკფაქტორია. შემდეგ კი სუბიექტებს 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, პერიოდული შეფასებებით.
შედეგად, გამოითვალეს ჯანსაღი ცხოვრების წესის სკალა, რომელიც 6 ფაქტორს აერთიანებს: ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში, აქტიური სოციალური კონტაქტები, შემეცნებითი აქტივობა, არამწეველი და ნაკლები ალკოჰოლი.
მათი ქულების მიხედვით კი, ნულიდან ექვსამდე, მონაწილეები ცხოვრების სტილის ჯგუფებად დაყვეს: ხელსაყრელი (ოთხი-ექვსი ჯანსაღი ფაქტორი), საშუალო (ორი-სამი ჯანსაღი ფაქტორი) ან არახელსაყრელი (0-დან 1 ჯანსაღი ფაქტორი).
ჯანსაღი კვება განისაზღვრა ამ 12 საკვებიდან მინიმუმ 7-ის მიღებით: ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, მარილი, ზეთი, კვერცხი, მარცვლეული, პარკოსნები, თხილი და ჩაი.
მეორე ფაქტორად კვირაში მინიმუმ ორჯერ წერა, კითხვა და თამაში ჩაითვალა. ამასთან, აქცენტი გაკეთდა ალკოჰოლის ნაკლებ მოხმარებაზე, კვირაში 150 წუთზე მეტ ვარჯიშსა და სიგარეტისთვის თავის დანებებაზე.
რაც შეეხება სოციალიზაციას, ადამიანებთან კონტაქტი კვირაში ორჯერ მაინც აუცილებელია და ის მეექვსე ფაქტორია — მათ შორის ისეთი აქტივობები, როგორიცაა ოჯახისა და მეგობრების მონახულება, შეხვედრებზე დასწრება ან წვეულებებზე სიარული.
როგორც დადგინდა, APOE გენის მქონე ადამიანებს, რომლებიც ზოგადად ჯანმრთელები იყვნენ, მეხსიერების პრობლემები ნაკლებად ჰქონდათ. საერთო ჯამში, ოთხიდან ექვსი ჯანსაღი ქცევის პირებს 90%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ დემენციის განვითარების. თანაც, ორიდან სამი ჯანსაღი ქცევის ზრდასრულებში დემენციის განვითარების შანსები 30%-ით მცირე იყო.
„ეს არის კვლევა, რომელიც ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და მყარი მტკიცებულებები დაადგინა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მეხსიერება/აზროვნებას შორის. ძალიან ცოტამ თუ იცის ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც დემენციის რისკების შესამცირებლად შეგვიძლია“, — ამბობს დოქტორი სიუზან მიტჩელი, კვლევის წამყვანი ხელმძღვანელი.