სამსახურებრივ ურთიერთობებზე პანდემიის გავლენა კვლავ შესამჩნევია. სოციალური ტრენდებიც იცვლება, რაც ისევ ხელმძღვანელებისა და გუნდის წევრების ურთიერთობებზე მოქმედებს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღეს თანამშრომლებს შთაგონება სჭირდებათ, რაც ხელმძღვანელებს შემდგომი 6 გზით შეუძლიათ:
1. მიიღეთ „თავდაჯერებული მოწყვლადობა“
ძლიერი ლიდერის იმიჯი კვლავ აქტუალურია, ამიტომ თანამშრომლებს სურთ, ლიდერებმა მათი თავდაჯერება გაზარდონ. თუმცა სასურველია, თავდაჯერებული ლიდერი მოწყვლადიც იყოს, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რაც არიან, ითხოვენ დახმარებას და მზად არიან უკუკავშირის მოსასმენადაც. რთულ რაღაცებსაც ეჭიდებიან და ამასთან ერთად, ისეთ სამუშაო გარემოს ქმნიან, რომელშიც გუნდის წევრები თავს თავდაჯერებულად გრძნობენ. თუმცა მოწყვლადობას ზედმეტ სიახლოვესთან ნუ გააიგივებთ — კარგი ლიდერები პერსონალურ გამოცდილებებს ისე აზიარებენ, რომ უსაფრთხო საზღვრებიც შეინარჩუნონ.
2. გაუწიეთ პოპულარიზაცია ბალანსირებულ ავტონომიას
ურთიერთსაწინააღმდეგოდ კი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, რაც უფრო მეტ ავტონომიურობას მისცემთ გუნდის წევრებს, მით უფრო მაღალ ჩართულობას მიიღებთ შედეგად. ხელმძღვანელები პასუხისმგებლობის შეგრძნებას ბადებენ ჯგუფში ინდივიდების გაძლიერებით, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. ამ საკითხზე კვლევაც ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ — „გუნდები, რომლებსაც ნაწილობრივი ავტონომიურობა მიეცათ, ანუ ან პროექტის იდეა უნდა განესაზღვრათ, ან ის, თუ ვისთან ერთად იმუშავებდნენ, აჯობა სრული ავტონომიურობის მქონე გუნდებსა და იმათ, რომელთაც საერთოდ არანაირი ავტონომიურობა ჰქონდათ…“.
3. წაახალისეთ ჯანსაღი კამათის პროცესი
როცა ერთ აზრზე ვერ თანხმდებით, ეს დესტრუქციული შეიძლება ჩანდეს. მიუხედავად ამისა, გვეუბნებიან, რომ კონსტრუქციულ უთანხმოებას უკეთესი გადაწყვეტილების მიღებამდე და ინოვაციებამდე მივყავართ. მართალია, როცა კონფლიქტი პერსონალური ხდება, ეს გუნდის ნაკლებ პროდუქტიულობას იწვევს, მაგრამ როცა აღნიშნული პროცესი პრიორიტეტებსა და მიზნებზეა ფოკუსირებული, უთანხმოება უკეთეს შედეგებსაც გვთავაზობს. უბრალოდ საჭიროა, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი სივრცე შექმნათ განსხვავებული იდეებითა და აზრებით, რათა ხელი შეუწყოთ პატივისცემით სავსე დებატებს.
4. პრიორიტეტი მიანიჭეთ პერსონალურ განვითარებას
მხოლოდ ბიზნესის შედეგებზე ფოკუსირების ნაცვლად, პრიორიტეტი მიანიჭეთ გუნდის წევრების პერსონალური ზრდისა და განვითარების პროცესს. როცა თქვენ ინვესტიციებს ჩადებთ მათი ტრენინგებისა თუ სხვა განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში, პირდაპირ მიანიშნებთ მათ, რომ ეს გუნდი თქვენთვის მნიშვნელოვანია.
5. დააფასეთ ინდივიდუალური განსხვავებები
კარგი ხელმძღვანელები გუნდის წევრების ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ ინტერესებს ითვალისწინებენ. ასე კი აღნიშნავენ, რომ გუნდის თითოეული წევრი უნიკალურია და მათგან საუკეთესო შედეგების მიღება განსხვავებული სამუშაო პროცესებით შეიძლება.
6. გააახლეთ დინამიკა რეგულარულად
თქვენი გუნდი ჯგუფია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში არსებულ ყველა წესს თავისი მნიშვნელობა აქვს. ისინი წესების შეთანხმებასა და ღირებულებების განსაზღვრას დროს უთმობენ. თუმცა, როცა ვიღაც გუნდიდან მიდის, ყველაფერი ირევა. შესაბამისად, ყოველი ცვლილებისას ხელახლა გიწევთ გუნდის დინამიკის შეფასება და ერთად მუშაობის პრინციპებზე შეთანხმება. ამას დროც სჭირდება, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ყველაზე ეფექტური გზაა იმაზე შესათანხმებლად, თუ რა სტანდარტებით იმუშაოთ და რა გაითვალისწინოთ ამ პროცესში.
ახლა კი რადგან უკვე ექვსივე მეთოდს გაეცანით, დაფიქრდით, როგორ შეძლებთ მათ დანერგვას თქვენს ჯგუფში…