30
Jan
2020

6 ჩვევა, რომლითაც საკუთარ კარიერას აზარალებთ

30 Jan 2020

ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ საკუთარი ძლიერი მხარეები, მაგრამ როდესაც საქმე კარიერულ შეფერხებას ეხება, როგორც წესი, ეს ძლიერი მხარეებით გამოწვეული არაა ხოლმე. ფსიქოლოგების აზრით, მიზეზი იმ ჩვევებშია, რომლებიც კარიერაში ხელს გვიშლის და ლიდერს ძლიერი გუნდის შექმნასა და შენარჩუნებაში აფერხებს. მაინც, რა ჩვევები გვიშლის ხელს კარიერულ განვითარებაში და როგორ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს?

pasha-statiebi
pasha-statiebi

კონფლიქტის თავიდან არიდების ჩვევა

ეს არამხოლოდ რთული დისკუსიებისგან გაქცევაა (თუმცა, ესეც ამ ყველაფრის ნაწილია), არამედ, ნებისმიერი ტიპის კონფლიქტისგან გამოწვეული შიშია, თავდაჯერებულობის ნაკლებობა ან შეცდომების დაშვებისგან თავის არიდება. როცა გააცნობიერებთ, რომ კონფლიქტს შიშის გამო არიდე ბთ თავს, ბევრად მარტივდება მასთან გამკლავება. თუკი ღელავთ ამის გამო, დაიწყეთ უბრალოდ ამის შესახებ ფურცელზე წერით. საუკეთესო გამოსავალია, რომ პრობლემას თვალი გაუსწოროთ. ეს ის ჩვევაა, რომელიც თქვენგან აუცილებლად მოითხოვს ცვლილებას.

იმპულსურობა

არაპროგნოზირებადი ემოციური რეაქციები, ისეთი, როგორიც ბრაზი და იმედგაცრუებაა ან ახალი იდეის გადაუმოწმებლად და მოუმზადებლად ატაცებაა, ასევე საფრთხისშემცველია. ემოციას შეუძლია ძალიან გაგიფუჭოთ საქმეც და ურთიერთობებიც. ამიტომ, დასვით კითხვები: რომელ იდეას აქვს მომავალი? რა გამომრჩა? როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს ორგანიზაციის სხვა წევრები? როგორ მინდა აღიქვან ჩემი ნათქვამი იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემს მითითებებსა და შეტყობინებებს იღებენ?

გადაბრალება

ესაა საშინელი ჩვევა, რომელიც მხოლოდ თქვენს კარიერას კი არ აზარალებს, არამედ მთავარი მიზეზიცაა, რის გამოც თქვენს ორგანიზაციაში ინოვაციებისა და ინიციატივების ნაკლებობას განიცდით. გადამბრალებლები თავს მსხვერპლად აცხადებენ და მიზეზებს კოლეგებში ან ხელმძღვანელებში ეძებენ. ამიტომ, გაითვალისწინეთ ამ ფრაზების “რაციონიდან” ამოღება:
თქვენ და თქვენმა გუნდმა “გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ” და ამდენად, პასუხისმგებლობა არ გეკისრებათ.
თქვენ და თქვენი გუნდი უძლურნი ხართ, არ ფლობთ კონტროლს და არ იმსახურებთ რაიმეს დაბრალებას.
საქმის სხვა მონაწილეები ცუდები და არაკეთილისმოსურნეები არიან და ყველაფერი მათი ბრალია.

გადაერთეთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. ისწავლეთ მარცხიდან და გააცნობიერეთ არსებული გარემოება, შემდეგ კი დააკვირდით, რისიკონტროლს ფლობთ და რაზე შეგიძლიათ ზეგავლენის მოხდენა.

მოითხოვთ კონტროლს

შესაძლოა, ამით მარცხის თავიდან არიდებას ცდილობდეთ, მაგრამ უეჭველია, რომ სხვები მკაცრ მიკრომენეჯერად აღგიქვამენ და ეს მათ ქმედებებსაც დაეტყობათ. მათ არ ექნებათ ინიციატივები, იდეები, არც ღირებულ უკუკავშირს მოგაწვდიან, არც განვითარდებიან და არცთუ იშვიათად, სამსახურსაც დატოვებენ.

თუკი მიკრომენეჯმენტის ტენდენცია გაქვთ, პრაქტიკაში დანერგეთ უკუკავშირის მიმოცვლა, ისაუბრეთ მიზნებზე და მიეცით რჩევები, გაამხნევეთ გუნდის წევრები. აუცილებელია მეტი კომუნიკაცია, კონტროლის შესუსტება და იმ აზრით მუშაობა, რომ წარმატება გუნდური შედეგია.

პერფექციონიზმი

რასაკვირველია, ყველა საქმის საუკეთესოდ შესრულებისკენ უნდა ილტვოდეთ, თუმცა, ადამიანები, რომლებიც მუდმივად იდეალურისკენ ილტვიან, ხშირად სცდებიან დედლაინებსაც და შესაძლებლობებსაც. ეს კი ძალიან უარყოფითად აისახება საქმეზეც და კარიერაზეც. გამოსავალი სტანდარტების გამყარებაშია. ეძებეთ უკუკავშირი მოსალოდნელ შედეგებზე, გაღებულ ძალისხმევაზე და
ეცადეთ მოიშოროთ აზრები აუცილებლად იდეალურ შედეგებზე. შეასუსტეთ თქვენი წარმოდგენები სტანდარტებზე. ხშირად “საკმარისად კარგი” საკმარისად კარგია. ხოლო იდეალურზე საუბარი ძაბავს და თავს აბეზრებს ადამიანებს.

ძალაუფლების წყურვილი

ეს გულისხმობს კონტროლის მოთხოვნილებას ურთიერთობაში, კოლექცივში. ასევე, ემპათიის ნაკლებობასა და მბრძანებლობის სურვილს, უკომპრომისობას. ასეთი ლიდერები ნაჩქარევად იღებენ გადაწყვეტილებებს და სხვა ადამიანებს ხელს კრავენ. ამასთან გასამკლავებლად, საჭიროა ძალაუფლების სურვილის ფესვებს ჩავუკვირდეთ – ის, როგორც წესი, არასაკმარისობის განცდას უკავშირდება. ასეთ ადამიანს ხელმძღვანელობა აქებს, გუნდი კი ვერ იტანს. ეს კი ზარალის მომტანია ყველასთვის. ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ. იქნებ, სწორედ ძალაუფლების წყურვილია თქვენი პრობლემა? ან, იქნებ, ის, რომ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ? იმისათვის, რომ ეს კარიერაში შეფერხებად არ იქცეს, დაგჭირდებათ თანამშრომლების ნდობა აღადგინოთ, საამისოდ კი თანაგრძნობისა და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება მოგიწევთ.

ყოველ ჩვენგანს შეუძლია გაერკვას სიტუაციაში და გამოვიდეს მდგომარეობიდან, უბრალოდ, უკუკავშირის მიღებით. შესაძლოა, ძალაუფლება კმაყოფილების გრძნობას განიჭებთ, მაგრამ ბევრად უკეთ წაგივათ საქმე, თუკი ამ ძალაუფლებას გადაანაწილებთ.

ეს ჩვეულებები შესაძლოა, ოდესღაც სარგებლიანი იყო თქვენთვის, მაგრამ როცა საქმე ურთიერთობებსა და ლიდერობას ეხება, ძალიან გაგიჭირდებათ მათთან ერთად, კარიერული წინსვლა და უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა. მათი გაცნობიერებითა და დამუშავებით კი, ბევრ რამეს შეცვლით უკეთესობისკენ.

 

წყარო: HBR



განხილვა