გიფიქრიათ, რომ რასაც ნაგვის ურნაში უშვებთ, შეიძლება მეორედაც, მესამედაც ან სულაც, დაუსრულებლად მოიხმაროთ?.. ნარჩენების პრობლემა დღესდღეობით საკმაოდ მწვავედ დგას. რეალურად კი, ნაგავსაყრელები სწორედ იმ ნივთებით ივსება ხოლმე, რომელთა კიდევ ბევრჯერ გამოყენება შეგვიძლია. ამ ქმედებას კი ორმაგად დადებითი ეფექტი შეიძლება, მოყვეს. მაგალითად, ძველი ნივთის მრავალჯერადად გამოყენებით, გარდა იმისა, რომ ნარჩენს არ წარმომქმნით, ფულიც გეზოგებათ. შესაბამისად, შეღავათს უკეთებთ როგორც საკუთარ თავს, ისე – პლანეტას.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ სახლის ნივთებს, რომელიც შეგიძლიათ, დაუსრულებლად გამოიყენოთ:
შუშის ქილები და კონტეინერები
მინა და მეტალი მარტივად გადამუშავდება, თუმცა, მაინც რატომ უნდა მოვისროლოთ ისინი ნაგავში და მათ გადამუშავებას დაველოდოთ, როცა უბრალოდ შეგვიძლია ისინი მრავალჯერადად გამოვიყენოთ?!.. შუშის ქილები ისაა, რისი მრავალი დანიშნულებით გამოყენება შეიძლება. გარდა იმისა, რომ მათში საკვები იდეალურად ინახება, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადასხვა მარცვლეულის/ბურღულეულის შესანახად, დეკორატიული მიზნით, ფულის შესაგროვებლად და ა.შ რაც შეეხება კონტეინერებს, ერთი მრავალჯერადი კონტეინერი რეალურად ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება. ხშირად, როცა სახლიდან სამსახურში საკვები მოგვაქვს, ყოველ დღე ახალ-ახალ პლასტმასის კონტეინერს ვიყენებთ. მაშინ, როცა შეგვიძლია, ყოველდღე ერთი და იმავე კონტეინერით ვატაროთ საკვები სამსახურში.
ჟურნალ-გაზეთები და ქაღალდის ჩანთები
სახლი სავსე გაქვთ ქაღალდის ჩანთებით, გაზეთებით, ჟურნალებით და სხვა მასალებით? ბევრი ვარიანტია იმისთვის, თუ როგორ მივცეთ ამ ქაღალდებს სხვადასხვა დანიშნულება. თუკი ქაღალდის ჩანთები მრავლად გიგროვდებათ და აღარ იცით, სად წაიღოთ, ეცადეთ მაღაზიაში მისულმა აღარ გამოართვათ ამგვარი ჩანთა და ძველი წაიღოთ. ხშირად ამგვარი ჩანთები საკმაოდ გამძლეა და ბევრჯერ შეიძლება, მათი გამოყენება. რაც შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, იგი ძალიან კარგია Homemade ნივთების გასაკეთებლად, სხვადასხვა ნივთის გასაფორმებლად, მისწრებაა შესაფუთად და ა.შ
სამოსი, პირსახოცი, საწოლის თეთრეული
არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ მსგავსი ნივთები. წაიღეთ ისინი ქიმწმენდაში და ახალივით იქნება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ტანსაცმლის გამოყენება შეგვიძლია. ხდება ხოლმე ისე, რომ ფორმა აღარ მოგვწონს, რისი მოგვარებაც მარტივად შეიძლება. უყურეთ ხოლმე DIY ტიპის ვიდეოებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, გადააკეთოთ თქვენთვის არასასურველი სამოსი სასურველად. თუკი კერვა გეხერხებათ კი, უფრო მარტივად შეძლებთ ამას. თუ მაინც და მაინც აღარ გსურთ კონკრეტული სამოსი, მიეცით მას, ვინც ჩაიცვამს. მისი ადგილი სანაგვეზე არ არის.
ცელოფნის ჩანთები
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცელოფნები დედამიწის ყველაზე დიდი “ტკივილია”. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თუნდაც უღრან ტყეში, მის ნარჩენს მაინც ყველგან წააწყდებით. სწორედ ამიტომ, აუცილებელი არაა, მაღაზიიდან მოტანისა და დაცლის შემდეგ მაშინვე ნაგვის ურნაში გადაუძახოთ მათ. ცელოფანი საკმაოდ ბევრჯერ შეგიძლიათ, იხმაროთ თუნდაც საყიდლებზე წასვლისას, ნაგვის ურნაში ჩასადებად, კონკრეტული ნივთების შესანახად და ა.შ დაფიქრდით მანამ, სანამ მოლარეს ახალ ცელოფანს გამოართმევთ.
კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისი, ისევე როგორც აბაზანის სხვა მრავალი ნივთი ძალიან ბევჯერ და ბევრი დანიშნულებით შეიძლება, მოიხმაროთ. ყველაზე კარგი ვარიანტი ამ შემთხვევაში საწმენდი საშუალებაა – მისი მეშვეობით უამრავი რამის გაწმენდა შეიძლება, თანაც ძალიან პატარა და კომფორტულია საამისოდ. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტანსაცმელზე თმების მოსაშორებლად, წარბების დასავარცხნად და ა.შ
ძველი ავეჯი
ძველი ავეჯი რომ საკმაოდ მასშტაბური ნარჩენია, ამაზე არავინ დავობს. გარდა იმისა, რომ მათი გაწმენდა და თავიდან გამოყენება შეგიძლიათ, ასევე, შეგიძლიათ, მისცეთ მათ, ვისაც სჭირდებათ, მაგალითად: ვინტაჟურ კაფეებს, რომლებიც ასეთ ნივთებს აგროვებენ. ასევე, შეიძლება ავეჯის ხე გამოიყენოთ სხვადასხვა მიზნით. ან სულაც, ძველ სახლში წაიღოთ და იქ მოუნახოთ ადგილი. ნუ იფიქრებთ, რომ მათი ადგილი ნამდვილად ნაგავსაყრელზეა. მგონი რომ ავეჯთან ერთად სხვა მრავალი ნივთის მრავალჯერ ან სულაც დაუსრულებლად მოხმარება შეიძლება.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.