in

6 ივლისს დედამიწა მზისგან ყველაზე შორს იქნება

ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულობით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაგრამ ხვალ, 6 ივლისს, ჩვენი პლანეტა ყველაზე შორს იქნება მზისგან. ამ ყოველწლიურ მოვლენას აპელიონის სახელით ვიცნობთ და იმას გულისხმობს, რომ დედამიწა საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას იმ წერტილამდე მიაღწევს, რომელიც ვარსკვლავისგან უდიდეს დისტანციაზეა.

M2
M2

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) მიერ განსაზღვრული დადგენილებით, დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 150 მილიონი კილომეტრია. ხოლო იმის გამო, რომ ციური სხეულის ტრაექტორია ოდნავ ელიფსურია, წელიწადის კონკრეტულ დღეებში ეს მანძილი მცირდება და იზრდება — ზოგჯერ უფრო ახლოსაა მზესთან (პერიჰელიონი), ზოგჯერ კი სიშორის პიკს (აპელიონი) აღწევს. მიმდინარე წელს პერიჰელიონი 4 იანვარს დაფიქსირდა, 6 ივლისს კი მეორე მოვლენის დრო დგება.

პერიჰელიონი და აპელიონი პირველად მე-17 საუკუნეში შენიშნა ასტრონომმა იოჰანეს კეპლერმა, რომელმაც გამოთვალა, რომ მზის გარშემო პლანეტების ორბიტა ელიფსურია. ასევე, დაასკვნა, რომ პერიჰელიონისას თითოეული ციური სხეული ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობს, აპელიონისას კი — ნელა. შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული რამდენიმე დღით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სამხრეთში.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე მილიონობით კილომეტრის სხვაობას ეხება, აპელიონი ჩვენი პლანეტის ტემპერატურაზე არ მოქმედებს. ზოგადად, სეზონის ცვლილებებზე დედამიწის ღერძის 23,5-გრადუსიანი დახრილობა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში მზე სხვადასხვა განედებზე სხვადასხვა კუთხიდან ანათებს.

„მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი ქართული ელ. კომერციის ბაზარზე VELI.store-ს ირჩევს“ – ელექტრონული კომერციის კვლევის შედეგები

ავტოფარეხში დაწყებული კიდევ ერთი წარმატებული ამბავი – HP