in

6 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული ზედმეტი მუშაობისგან იშლება

“ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირია ადამიანები, რომლებიც დაღლილობას ეჩვევიან”

M2
M2

დაფიქრდით და გაიხსენეთ, რამდენჯერ გაუღვიძებიხართ დილას თავის ტკივილს, მაგრამ შესასრულებელი საქმის გამო, ტკივილისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ, რამდენიმე ფინჯანი ყავა დაგილევიათ და მუშაობას შესდგომიხართ? ალბათ, ძალიან ბევრჯერ… და რა თქმა უნდა, ეს კარგ შედეგს არ გამოიღებდა. შესაძლოა, შუადღისთვის სრულიად გამოფიტული და ძალაგამოცლილიც კი ყოფილხართ.

ეს ნორმალურ მდგომარეობას არ წარმოადგენს — როდესაც პერიოდული თავის ტკივილი და უღონობა გაწუხებთ, ესე იგი, თქვენი სხეული რაღაცის თქმას ცდილობს. თუმცა ადამიანებმა ფიზიკური დისკომფორტის დაძლევა პროდუქტიულობის სახელით დავიწყეთ… ბევრი ჩვენგანი კვირაში დასაშვებ ნორმაზე მეტს მუშაობს და თან სჯერა, რომ პრობლემა არა თუ გიჟურ რეჟიმში, არამედ დროის სწორად ვერ გადანაწილებაშია.

როგორ გაანადგურებს ასეთი რეჟიმი თქვენს სხეულს და გონებას?

“ორი ძირითადი გზა არსებობს, რომლითაც ზედმეტ მუშაობას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შერყევა შეუძლია. ერთ-ერთი ქრონიკული სტრესის ბიოლოგიური შედეგებია, სადაც სტრესის ჰორმონების მატება არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს ზრდის. შემდეგ მოდის ქცევითი ცვლილებები. ისინი, ვინც არაადამიანურად დიდ დროს უთმობს საქმეებს, შესაძლოა, მავნე საკვებს მიირთმევდნენ, ეწეოდნენ, სვამდნენ და ძილისათვის განკუთვნილ დროსაც მუშაობდნენ”, — წერს BBC-ის ჟურნალისტი, კრისტინა რო.

ზედმეტი მუშაობის ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენა იმდენად სერიოზულია, რომ ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევაც ცხადყოფს. ამ უკანასკნელის თანახმად, ადამიანები, რომლებიც კვირაში 54 საათზე მეტს მუშაობენ, საკუთარ თავს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებენ — მილიონიდან სამი მეოთხედი გულის კორონარული დაავადებით და ინსულტით იღუპება.

კრისტინა რო აღნიშნავს, რომ “ზედმეტი შრომით სიკვდილი” ერთ ღამეში არ ხდება. ის ნელ-ნელა გროვდება წლების განმავლობაში.

გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ თქვენი სხეული “გადამწვარია”

დაბნეულობა, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, თავის ტკივილი… ეს ის გამაფრთხილებელი ნიშნებია, რომლებსაც ხშირად უგულებელვყოფთ. კლივლენდის კლინიკის ფსიქოლოგი ადამ ბორლანდი გადატვირთვას ასეთი მაგალითით აღწერს: “ეს ჰგავს მანქანას, რომელიც ცდილობს, მანქანა ძალიან მცირე რაოდენობის საწვავით მართოს. ველით, რომ ფიზიკურად და გონებრივად მაღალ დონეზე ვიმუშავებთ, როცა, რეალურად, ჩვენი “რეზერვუარები” ამოწურულია”. 

ნაცვლად იმისა, რომ ცალკეულ სიმპტომებს დავაკვირდეთ, საერთო კეთილდღეობა უნდა შევაფასოთ. კლივლენდის კლინიკა რამდენიმე საგანგაშო ნიშანს გამოყოფს:

  • საკუთარ თავზე ზრუნვის შეწყვეტა
  • მოუწესრიგებელი ძილი
  • არაჯანსაღი კვება
  • ვარჯიშზე უარის თქმა
  • ისეთი ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ალკოჰოლი ან ნარკოტიკული საშუალებები
  • მნიშვნელოვანი ურთიერთობებისა და ღონისძიებების უგულებელყოფა

“ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირია ადამიანები, რომლებიც დაღლილობას ეჩვევიან. ისინი სვამენ ყავას, ენერგეტიკულ სასმელებს, ან მიირთმევენ რაიმე ტკბილს, რათა დასვენების ნაცვლად კვლავ იმუშაონ. საბოლოო ჯამში, საქმის დასრულება უფრო მნიშვნელოვანია”, — აღნიშნავს სიუზან ჰასი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ყველას გვავიწყდება, რომ თავისუფალი, სამსახურებრივი აქტივობებისგან თავისუფალი დრო ისეთივე ღირებულია, როგორც მუშაობისთვის განკუთვნილი.

აღადგინეთ და განაახლეთ საკუთარი თავი

გონების სავარჯიშოები, როგორიცაა იოგა და მედიტაცია, დაგვეხმარება, უფრო მეტად გავეცნოთ ჩვენს სხეულს. ხშირად ისე ვართ ჩაფლული სამუშაოს სტრესში, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ ფიზიკურ დისკომფორტს. მაგრამ როდესაც სხეულის “სკანირებას” ვაკეთებთ, გონებრივად ვამოწმებთ საკუთარ თავს, თავიდან ფეხებამდე… აღვნიშნავთ შეგრძნებებს და დაავადებებს, როგორიცაა ტკივილი, დაძაბულობა ან გულძმარვა.

ბუნებაში მშვიდი გასეირნებაც კი დაგვეხმარება საკუთარი თავის გამოცდაში. დიდი ალბათობაა, რომ მოდუნება და საკუთარ თავთან დაკავშირება უფრო დიდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე სამუშაო სიაში შემდეგი პუნქტის განსაზღვრა.

წყარო: FastCompany

რობოტმა ქირურგიული ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარა!

რა გჭირდებათ NFT დიზაინის შესაქმნელად?