in

6 კითხვა, რაც დისტანციურ სამუშაოზე შერჩევისას უნდა დაუსვათ კანდიდატს

რა შეკითხვების დასმაა მნიშვნელოვანი დისტანციურ სამსახურში კანდიდატის აყვანისას? ამ კითხვაზე LinkedIn-ის მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გასცა პასუხი. ჩვენ კი, მათ შორის, საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ. ინტერვიუს ჩატარებისას, მნიშვნელოვანია სწორი შეკითხვების დასმა, ზუსტად იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რისი კეთებაც მათ მოუწევთ. გადახედეთ LinkdIn-ელების ამ მოსაზრებებ, ვიმედოვნებთ, სწორი თანამშრომლის პოვნაში დაგეხმარებათ:

როგორ ანაწილებთ სამუშაო განრიგს? როგორ ინარჩუნებთ კონცენტრაციას? დაასახელეთ ერთი რამ, რა გაწუხებთ დისტანციური მუშაობისას…

იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს კანდიდატი და როგორ გამოსდის საქმე საუკეთესოდ, მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, დისტანციურად მუშაობს თუ არა. ასევე, უნდა იცოდეთ, რა უჭირს მას და როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს. გასაუბრებისას, მნიშვნელოვანია ვიდეო ფორმატში საუბარი, რათა ნახოთ, როგორ წარადგენს თანამშრომელი საკუთარ თავს და როგორ არის მოწყობილი მისი სამუშაო სივრცე. მოუწყობელი სამუშაო სივრცე ყოველთვის პრობლემა არაა, თუმცა, საერთოდ, მოწესრიგებული ადამიანი უფრო მეტად პროდუქტიულიცა არის ხოლმე.

როგორ ინარჩუნებთ გუნდთან ჩართულობას და კოლაბორაციას, დისტანციური მუშაობის პირობებში?

ბუნებრივია, ასეთი შეკითხვა ხელმძღვანელი პოზიციის შემთხვევაში უნდა დაისვას. რა ნაბიჯები უნდა გადადგას კანდიდატმა, რომ თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს? რა გზით შეუძლია მათი ჩართულობის გაზრდა, რა ტაქტიკა ან ხედვა აქვს? კარგი თანამშრომელი, რომელიც დისტანციური მუშაობისას პროდუქტიულად და გუნდურად მოქმედებს, შეძლებს იყოს კარგი დისტანციური ხელმძღვანელი.

გაიხსენეთ მაგალითი, როდესაც კოლაბორაცია გჭირდებოდათ რაღაც პროექტზე, რომელიც დროულად უნდა ჩაგებარებინათ მთლიან გუნდს…

ეს ქცევით გამოცდილებას გვაცნობს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა წარსული გამოცდილება ადამიანის მომავალ ქმედებებზე გარანტიას ვერ მოგვცემს, მაინც საინტერესოა მოსაზრებაზე დაფუძნებული კითხვების დასმა. ამას გარდა, შეკითხვა გაძლევთ საშუალებას, დეტალები გამოკითხოთ – კონკრეტულად, რა გევალებოდათ? როგორ იმუშავა ამ ყველაფერმა? რა ისწავლეთ? რას გააკეთებდით სხვანაირად?

დაასახელეთ ხუთი ნივთი, რომელიც თქვენი სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია…

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რამდენად “მეგობრობს” ისეთ ონლაინ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Zoom, Slack, Teams… თუმცა, ადამიანების უმეტესობას, მეტნაკლებად, აქვს საკომუნიკაციო პლატფორმებთან ურთიერთობის გამოცდილება. ეს შეკითხვა გვიყვება, თუ რა სტრატეგია და პერსპექტივა აქვს კანდიდატს, დისტანციურ მუშაობასთან მიმართებაში – მაგალითად, კამერა, მიკროფონი, სხვადასხვა მოწყობილობები, ერგონომიული დამხმარე საშუალებები, რაც კომფორტული მოთავსების საშუალებას იძლევა და სხვა.

გაიხსენეთ, როცა რთული პრობლემის გადაჭრა მოგიწიათ, ხელმძღვანელის კონკრეტული მითითების გარეშე. როგორ გაუმკლავდით?

ესაა შეკითხვა ნებისმიერი კანდიდატისთვის. ამგვარად, გებულობთ როგორ უმკლავდება ადამიანი სიტუაციას დამოუკიდებლად. თეორიულად, შეიძლება ყველა კითხვაზე გვქონდეს პასუხი, თუმცა პრატიკა სრულად გამოავლენს დროული და გონივრული რეაგირების უნარს. ამასთან, საქმე ისაა, რომ ბევრ ადამიანს არ უყვარს დახმარების თხოვნა, რადგან ფიქრობენ, ამან შეიძლება სუსტად წარმოაჩინოს (რაც ასე არ არის). მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუკი კანიდატს შეუძლია კითხვების დასმა, ინფორმაციის ეფექტურად მოძიება. საინტერესოა ისიც, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები იმ სიტუაციებზე, რაზეც მკაფიო მითითება არ გააჩნიათ.

როდესაც სამუშაოს შესრულება სახლიდან გიწევთ, რამდენად ადვილია/ძნელია იმ წერტილის პოვნა, როდის შეწყვიტოთ საქმე? რამდენად აქცევთ ყურადღებას სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსს?

რასაკვირველია, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს იმ კითხვასავით ჟღერს: “რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი სისუსტე?”, ხოლო თავის მხრივ, კანდიდატმა შეიძლება გიპასუხოთ, რომ ის არ შეწყვეტს მუშაობას, სანამ ყველაფერს არ მორჩება ან ბალანსი არასოდეს ყოფილა პრობლემა. თუმცა, როგორც წესი, ასეთ კითხვებზე პასუხი მცდარია. თანაც, არც დამსაქმებელს სურს, რომ ეს ტყუილი იყოს – ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებისეული ბალანსი ხომ ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობას, თქვენ კი, გსურთ, რომ თანამშრომელი ნაყოფიერად მუშაობდეს. კარგმა დამსაქმებლებმა ეს იციან. ბრწყინვალე ხელმძღვანელები კი ქმნიან ისეთ პირობებს, რომელიც თანამშრომელს ამ ბალანსის პოვნაში დაეხმარება.

 

წყარო: inc



აქ.ახლა “თიბისი კონცეპტი” გამოჩნდა

მობილური ტელეფონი, რომელსაც 120x ზუმი აქვს და 23 წუთში იმუხტება