in ,

6 რევოლუციური ტექნოლოგიური ტრენდი სასტუმროების ბიზნესის განვითარებისთვის 

თანამედროვე ტექნოლოგიები საოცარი ტემპით ვითარდება. სასტუმროების ინდუსტრიისა და დასვენების პროვაიდერი ბიზნესებისთვის, შესაძლოა, რაღაც მომენტში, რთული აღმოჩნდეს, დაეწიოს და მიჰყვეს ამ ცვლილებებს. თუმცა, რეალურად, ტექნოლოგია ხარჯების დაზოგვისა და მოგების ზრდის შესანიშნავი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, სასტუმროების მენეჯერებმა და მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ 6 ახალი, ტექნოლოგიური ტრენდი:

პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმები და მომსახურება – Cloud / Software as a Service (SaaS)

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც ცალკე აღებული მომსახურება, ტექნოლოგიის განვითარების ძირითადი საკითხია და იმის მიუხედავად, რომ ამ ინდუსტრიაში ჯერ ახალი მიმართულებაა, უკვე მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია Infor-ის მონაცემებით, სასტუმროების ბიზნესის ხელმძღვანელები Cloud Computing (ინფორმაციული ტექნოლოგიის ერთ-ერთი პარადიგმა)-ს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და ამას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

პირველ რიგში, Cloud Computing-ის გამოყენებისას, ბევრად ნაკლებია წინასწარი ინვესტიცია, რადგან საჭირო არ არის ავანსის გადახდა მოწყობილობების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის (სრული სამუშაო დღის ან სისტემის ასაწყობად შიდა IT თანამშრომლების ანაზღაურება). და მეორე – როგორც წესი, სასტუმროს ხელმძღვანელობას ურჩევნია, ზედმეტი თავის ტკივილი აირიდოს და IT მომსახურება ცალკე მიიღოს. თვითონ კი სტუმრებისათვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე კონცენტრირდეს.

კაპიტალური ხარჯების შემცირებისა და სერვისის „მორგების” კულტურის გარდა, სამუშაოს შესრულების ვადები რამდენიმე თვიდან რამდენიმე დღემდე მცირდება. შესაბამისად, ეს მომსახურება დროის დაზოგვის სერიოზულ შესაძლებლობასაც იძლევა.

სწორედ ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სარგებლის გათვალისწინებით, სასტუმროების ბიზნესში Cloud / Software as a Service (SaaS)-ის გამოყენება ჩვეულებრივი ნორმა უნდა გახდეს.

მობილური ტექნოლოგიები  

მობილური მოწყობილობები – ეს ახალი სიტყვაა ტექნოლოგიური სისტემის მუშაობაში. „ტაბლეტი“, „სმარტფონი“ და სხვ. ისეთი საშუალებებია, რომლითაც, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიურ რევოლუციას უწყობენ ფეხს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც სასტუმროების ბიზნესია. ის ხომ, ხშირ შემთხვევაში, თავის დამკვიდრებისა და წარმატებისთვის, ომის წინა ხაზზეა.

რატომღაც, აქამდე მიიჩნეოდა, რომ სამუშაო პროცესში მობილურ ტექნოლოგიების გამოყენებას მინიმალური ეფექტი ექნებოდა, რადგან სასტუმრო, თავისი არსითა და ბუნებით, ფიქსირებული ობიექტია. თუმცა, ეს მითი მალე დაიმსხვრა – დღეს „სმარტფონი“, „ტაბლეტი“ და მობილური ტელეფონი სარეგისტრაციო დახლის ორივე მხარეს (სტუმარი, რეგისტრატორი) საკმაოდ მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

ეს „ბენეფიტები“ მხოლოდ მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელს არ ეხება. პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებაზე მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა და მობილური მოწყობილობებისთვის მცირე დანახარჯი, პატარა დამოუკიდებელ სასტუმროს საშუალებას მისცემს, განავითაროს და დახვეწოს მომსახურება, კონკურენცია გაუწიოს თავისსავე სეგმენტის ობიექტს.

სოციალური ქსელები

სასტუმროების ბიზნესში, სოციალურ მედიას დიდი გავლენა აქვს. დღეს Trip Advisor ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა იმ ადამიანებისთვის, ვისაც დასვენება სურს და სასტუმროებსა და გასართობ ადგილს ეძებს. ბოლო დროს, ასევე, ძალიან პოპულარულია Facebook-ის და Twitter-ის პლატფორმები. სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის შექმნა და მონიტორინგი, უკვე აუცილებლობას წარმოადგენს.

სასტუმროების ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია „ონლაინ“ რეპუტაცია. ეს საკითხი მარკეტინგის ჩარჩოებს სცდება და პირდაპირ დაკავშირებულია ყოველდღიურ ოპერაციებთან. ამიტომ, სოციალური ქსელების მონიტორინგი ობიექტის მართვის ერთიან სისტემაში უნდა შედიოდეს, თითოეულ საკითხზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება რომ მოხდეს.

პერსონალიზებული სისტემები

კლიენტი, როგორც წესი, ყველაფერში პერსონალიზაციას ელოდება: ტელევიზორის ეკრანზე მისასალმებელი შეტყობინებიდან დაწყებული, ოთახში ყვავილებით დამთავრებული. ამით იქმნება ძალიანი მნიშვნელოვანი მონაცემები – ჩნდება ინფორმაცია, მომსახურების მიღებისას, რას ანიჭებს სტუმარი უპირატესობას. მენეჯერმა, ეს ყველაფერი, სასტუმროს მართვის ერთიან სისტემაში უნდა დაამუშაოს და გააანალიზოს. ამ შემთხვევაში შეძლებს, კლიენტმა სხვა დროსაც მისი სასტუმროს სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ან შესაძლოა, სულაც ერთი დღით ჩამოსულ სტუმარს, თითოეულ დეტალში დაანახოს პერსონალიზაცია და ისეთი პირობები შეუქმნას, რომ უფრო დიდხანს დარჩეს.

ინტეგრაცია

სასტუმროს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია და დატვირთვა აქვს. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი: ღამის გათენების ან ღონისძიების ჩატარების ადგილიდან დაწყებული, გოლფის სათამაშო მოედნისა და გამაჯანსაღებელი კურორტით დამთავრებული. თითოეული ასეთი მიმართულება, როგორც წესი, ცალ-ცალკე პროგრამული უზრუნველყოფით იმართება. სისტემების ინტეგრაცია სასტუმროს ხელმძღვანელობას შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს სრული ინფორმაცია და უფრო სწრაფად დაამუშაოს მონაცემები, გააკეთოს „რეპორტი“ და ბოლოს და ბოლოს, მიიღოს უფრო ზუსტი მონაცემები მოგების შესახებ. ეს ყველაფერი კი გაამარტივებს როგორც სასტუმროს მართვის, ისე მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესს.

გლობალიზაცია

ამ ინდუსტრიაში, სულ ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია გლობალიზაციაა. 21-ე საუკუნეში, სასტუმროს ბიზნესში, თითოეულმა მოთამაშემ, მართვის განსხვავებული მიდგომები და მეთოდები უნდა გამოიყენოს. მხოლოდ ასე შეძლებს გადარჩენას და წინსვლას არსებულ, ერთგვარი, ეკონომიკური ქაოსის პირობებში. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა და ბიზნესი მუდმივად ვითარდება, ეჭვგარეშეა, ინდუსტრიაში საერთაშორისო კავშირები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ სასტუმროების ბიზნესში ტექნოლოგიური სისტემების გამოყენება ხელს შეუწყობს  გლობალურ პერსპექტივებს. რაც შეეხება თავად ამ სისტემებს – შესაძლოა, იყოს ძალიან მარტივი, ვთქვათ, სასტუმროში საერთაშორისო ენების გამოყენება, ან უფრო ფართო მნიშვნელობის საკითხი – სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების დანერგვა.

წყარო: www.ihf.ie



National Geographic-ის ფოტოების ილუსტრირებული ვერსიები! – ორიგინალური კოლაჟი

ილონ მასკის მორიგი გამოგონება! საბავშვო ზომის წყალქვეშა ნავი, ტაილანდელი ბავშვების გადასარჩენად! – UPDATE