in

6 სტრატეგია გადაღლილი დასაქმებული მშობლებისთვის

იცით, რომ უნდა იმოძრაოთ, მაგრამ უბრალოდ ვერ პოულობთ იმპულსს…

ოდესმე გქონიათ ისეთი სტრესული კოშმარი, როცა ვიღაცები მოგდევენ და სასოწარკვეთილად ცდილობთ გაქცევას? თქვენი დაძაბულობა მატულობს – იცით, რომ უნდა იმოძრაოთ, მაგრამ უბრალოდ ვერ პოულობთ იმპულსს.

შეიძლება, პანდემიის მიერ შექმნილ ახალ რეალობაში სწორედ ეს შეგრძნება ჰქონდეთ გადაღლილ დასაქმებულ მშობლებს. რა თქმა უნდა, Covid-19-ის საწყის ეტაპზე არავინ ელოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა პროცესი. ბევრმა ჩვენგანმა სიმტკიცეც გამოიჩინა, მაგრამ ახლა, როცა პანდემიის ირგვლივ კვლამ ამდენი გაურკვევლობაა, ენერგიისა და იმედის დონე მნიშვნელოვნად იკლებს. საზაფხულო დასვენება დასრულდა, სწავლა იწყება, სამსახურში დაბრუნება ახლოვდება და თქვენი მომხმარებლები გელოდებიან.

ამ ყველაფრის ფონზე ყველას გონებაში ტრიალებს ერთი კითხვა – როგორ უნდა განახორციელოთ ყველა ცვლილება უახლოეს თვეებში, როცა თავს დაღლილად გრძნობთ?

პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ მარტო არ ხართ. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მშობელი გამოთქვამს მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ყველაფერს ნულიდან იწყებდნენ. შესაძლოა, ამის გამო იმდენად ინტენსიურ სტრესს განიცდიდეთ, რომ გამუდმებით თქვენს ცხოვრებაში არსებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე ფიქრობდეთ – სამსახურიდან წამოსვლა, კარიერის შეცვლა ან სხვა ქვეყანაში გადასვლა.

ყოველ შემთხვევაში, მოდით, დეპრესიის ამ უმწეო განცდას დავაღწიოთ თავი. მაშინაც კი, თუ ცვლილებებს გეგმავთ, შეიძლება, გადატვირთულობისა და გადაღლის გამო უარი თქვათ მათზე. ბუნებრივია, არავის სურს ბავშვების სკოლაში წაყვანა, სამსახურის სივრცეში დაბრუნება და აქტიური ცხოვრების დაბრუნება, როცა ენერგია სათანადო დონეზე არ იმყოფება.

სტატიაში მოცემული ექვსი მარტივი მეთოდი და სტრატეგია კი თქვენი ენერგიის მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ.

მეთოდი #1: შეჯამება

იდეა: იმისათვის, რომ იმპულსი იგრძნოთ, რომლისკენაც მიემართებით, საკუთარ მიღწევებს უნდა გადახედოთ.

ყოველდღიურად 15 წუთი გამოყავით და გონებაში ან ფურცელზე ჩამოთვალეთ, რა გააკეთეთ სამსახურისთვის და ოჯახისთვის 2020 წლის მარტიდან დღემდე. ეცადეთ, ნაკლებად სარკასტული იყოთ – მაგალითად, არ არის საჭირო ასეთი ფრაზების თქმა: “გამუდმებით ნეტფლიქსს ვუყურებდი და იმაზე მეტ ნახშირწყლებს ვიღებდი, ვიდრე ადამიანს შეუძლია”. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს სრულებით მართალი იყოს, მაგრამ მისი ადგილი ამ ჩამონათვალში არ არის. გახსოვდეთ, ძირითად აქცენტს მიღწევებზე ამახვილებთ და არა – კრიტიკაზე.

ამის შემდეგ უფრო გააფართოვეთ ფიქრის არეალი – იფიქრეთ სამუშაო მიზნებზე, ურთიერთობებზე, ბავშვის განვითარებაზე. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შემოთავაზებული მარკერები ისევე გამოიყურება, როგორც პროფესიონალური რეზიუმე – ეს მხოლოდ თქვენთვისაა. მათ შორის, მიღწევებს შორის შეგიძლიათ დაწეროთ, რომ იზოლაციის სტრესის დროსაც კი ახერხებდით შვილის დამშვიდებას, არასდროს გამოგიტოვებიათ Zoom-ის შეხვედრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სათანადო და ადეკვატური აღიარება გამოხატეთ თქვენი მიღწევების, გამძლეობისა და მოთმინებისთვის.

მეთოდი # 2: “დახურეთ წარსული”

იდეა: ადამიანის გონება მუდამ დასრულებულ მოცემულობებს ითხოვს – უნდა დავასრულოთ A, რათა სრული ყურადღება B-სკენ მივმართოთ. მაგალითად, როდესაც სამუშაო კვარტალურ პერიოდებადაა დაყოფილი, შეგიძლიათ საკუთარ თავს უთხრათ: “რაც გაკეთდა, დასრულდა. ახლა კი შემდეგზე გადართვის დროა”. სწორედ ასეთი მიდგომა გამოიყენეთ ამ შემთხვევაშიც – ჩახურეთ წარსული, რათა მომავლისთვის გამოათავისუფლოთ ადგილი.

ეტაპობრივად იფიქრეთ თქვენს პანდემიურ გამოცდილებაზე და თითოეული მათგანი მოინიშნეთ. თქვენი წარწერები შეიძლება სერიოზული ან არასერიოზული, მარტივი ან უნიკალური იყოს. როდესაც მათ გონებაში ჩამოთვლით ან ფურცელზე დაწერთ, დიდი სქელი ხაზი გაავლეთ მათსა და იმ ფაზას შორის, რომელშიც ახლა შედიხართ.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო წარსული, გაითვალისწინეთ, რომ ახალ ეტაპზე გადადიხართ – აქ კი აღარ გჭირდებათ ზედმეტი ტვირთი… თუ ეს დაგეხმარებათ, წარსული ფაზების სახელები ჩამოწერეთ, დაჭმუჭნეთ და ნაგვის ურნაში მოისროლეთ. ნება თქვენია, ისე დაასრულეთ წარსული, როგორც თავად გსურთ. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომავალში სუფთა გეგმით და ახალი მიზნებით უნდა შეაბიჯოთ.

მეთოდი # 3: იპოვეთ თქვენი “კონტროლის წერტილი”

იდეა: დიახ, მომდევნო რამდენიმე თვე დაძაბული და მშფოთვარე იქნება. სიმართლე ითქვას, რთულია ყველაფრის ერთდროულად გაკეთება – მშვიდად ყოფნა, კონცენტრირება, ყურადღებიან მშობლად დარჩენა, როდესაც ქაოსის ზეწოლის ქვეშ ხართ. იმასთან შესახვედრად, რაც პირადი და კარიერული ცხოვრების თვალსაზრისით მოდის, ერთგვარი ხელშესახები პირადი გრძნობა გჭირდებათ.

ამიტომაც, საჭიროა, პირადი კონტროლის წერტილი იპოვოთ. ის შეიძლება გულისხმობდეს ადგილს, მოქმედებას, საგანს, ჩვევას ან რაიმე კომბინაციას – არ არის აუცილებელი, იგი თქვენს საქმიანობას, მეუღლეს ან შვილებს უკავშირდებოდეს. სრულიად მისაღებია, თუ თქვენი კონტროლის წერტილად ავტომობილის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას აღიქვამთ. ასევე, კონტროლის წერტილი, შესაძლოა, 5 წუთიანი ვარჯიში, ტანსაცმლის პერფექციონისტულად დალაგება, ყოველ დილას ჭიქა ყავის დალევა, ლოცვა ან მედიტირება იყოს.

მეთოდი # 4: მომავლის წამყვანი

იდეა: თუ პოზიტიური ხედვა გაქვთ იმის შესახებ, თუ რა გსურთ მომავალთან დაკავშირებით, სტრესული ფაქტორები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებით, მეტისმეტად მნიშვნელოვანი არ იქნება. ყოველი გაღებული შრომა და საქმისთვის გამოყოფილი საათი, რომელსაც ახლა დადებთ, საბოლოო მიზნამდე მიგიყვანთ.

წარმოიდგინეთ, რომ დრო გავიდა. პანდემია დასრულდა და კარგ მდგომარეობაში იმყოფებით… როგორია თქვენ მიერ აღქმული იდეალური მომავალი აწმყო? შესაძლოა, თქვენი შვილები სკოლაში კარგად სწავლობდეთ, კმაყოფილი იყოთ ახალი მოქნილობით, რომელიც სამსახურში დაინერგა. ამრიგად, შეგიძლიათ, სტრესი გადალახოთ და ნეგატიური კონტექსტი დადებითად გარდაქმნათ.

მეთოდი # 5: ყურადღება მიაქციეთ თქვენს კარიერას

იდეა: თქვენ მრავალი საათი გაატარეთ პანდემიასთან ბრძოლაში და, როგორც ჩანს, ნაკლებ იმპულსს იძენთ კარიერის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ეს ბევრისათვის დამთრგუნველია. ასე რომ, დროა, ყურადღება თქვენს მომავალზე გაამახვილოთ, ნაცვლად მხოლოდ ამჟამინდელი საქმეებისა.

ამისათვის, კვირაში 15 წუთი გამოყავით და მთელი თქვენი ყურადღება კარიერას, პროფესიულ ზრდას დაუთმეთ. ეს შეიძლება, იმ ადამიანების LinkedIn პროფილების დათვალიერებას მოიცავდეს, რომლებიც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებთ კარიერის თვალსაზრისით. ან, იქნებ ხელახლა დაუკავშირდეთ ყოფილ თანამშრომლებს, რათა კოლეგებთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

გაითვალისწინეთ, თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ პანდემიის თანმდევი სტრესისგან თავის დასაღწევად. ახლა კი დროა, ყურადღების მცირე ნაწილი მაინც მიმართოთ სამომავლო მიზნებისკენ – საბოლოოდ სად გსურთ, ყოველდღიურმა საქმიანობამ მიგიყვანოთ?

მეთოდი # 6: მენტორობა გაუწიეთ სხვა დასაქმებულ მშობელს

იდეა: როცა თქვენს ნიჭს, გამოცდილებას და ცოდნას სხვა ადამიანებს გაუზიარებთ, თავს უფრო გულუხვ, საჭირო ადამიანად იგრძნობთ. პანდემიის ამ ეტაპზე კი ეს გრძნობები ძალზე მნიშვნელოვანია… ცხადია, ბევრი თავისუფალი დრო არ გაქვთ, რათა სხვებს გაუწიოთ მენტორობა, მაგრამ ცოტაოდენი დროისა და სურვილის გამონახვით, საჭირო კმაყოფილებას თუ ფსიქოლოგიურ სტიმულს მიიღებთ.

საახლობლო წრეში გამონახეთ დასაქმებული მშობლები. შესაძლოა, სამსახურში ისეთი გუნდის წევრიც კი იყოს, რომელიც პანდემიის დროს გახდა მშობელი ან მისი შვილები ახლა აპირებენ სკოლაში წასვლას. შემდეგ კი უბრალოდ შესთავაზეთ: “მომდევნო რამდენიმე კვირაში ყველანი დაკავებულები ვიქნებით, მაგრამ თუ ოდესმე სურვილი გექნებათ, შეგვიძლია ცოტა ხნით შევხვდეთ. მე კი რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ყველაფერს, როგორც დასაქმებული მშობელი”. 

გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა სტრესულ სიტუაციებს ეფექტურად გაუმკლავდეთ. სწორედ ასე შეძლებთ ახალი გზების პოვნას ერთგულ, პროფესიონალ თანამშრომლამდე და მოსიყვარულე მშობლამდე.

წყარო: HBR



„სუფთა სახლი“ ვაქცინაციის კამპანიას შეუერთდა!

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება