რეალურად, ბრენდის ცნობადობა მთელი თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის მიზანს წარმოადგენს. გამორჩეული სახელის დამკვიდრებითა და ადამიანებში ნდობის მოპოვებით, მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც უმარტივებთ. მაგრამ როგორ უნდა გაიგოთ, რამდენად გამოიღებს თქვენი ძალისხმევა შედეგს? როგორ უნდა გაუძლოთ კონკურენციას ან გაუმკლავდეთ კრიზისს? მართალია, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ამ კითხვებს ერთი ქმედებით შეგიძლიათ უპასუხოთ: გაზომეთ თქვენი ბრენდის ცნობადობა.
შესაძლებელია თუ არა ბრენდის ცნობადობის ზუსტად გაზომვა?
ამ კითხვაზე ერთდროულად კი და არა შეგვიძლია გიპასუხოთ. შეძლებთ კონკრეტულად იმის გაზომვას, რამდენმა ადამიანმა იცის თქვენი ბრენდის შესახებ ბაზარზე? რა თქმა უნდა, ვერა… და შეგიძლიათ დაადგინოთ, რომელი მარკეტინგული ძალისხმევა მიაპყრობს მეტ ყურადღებას თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურებისკენ? რა თქმა უნდა, კი.
თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ ყველა ტიპის აქტივობა და საზომები, რათა გაიაზროთ, რამდენად იცნობენ ან ხედავენ თქვენს ბრენდს პოტენციური მომხმარებლები — დაწყებული თქვენი ვებგვერდით, გაგრძელებული სოციალური მედიითა და დამთავრებული მყიდველის მთლიანი გამოცდილებით.
როგორ ზომავთ ბრენდის ცნობადობას?
მართალია, უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველას გამოყენება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. მთავარია, რასაც აირჩევთ, თქვენს მარკეტინგულ მიზნებს პასუხობდეს და თქვენსავე სტრატეგიას შეესაბამებოდეს.
1. ბრენდის ძიების მაჩვენებელი
ცნობადობის გასაზომად ერთ-ერთი მარტივი გზა თქვენი ბრენდის შესახებ ძიებებზე თვალყურის დევნებაა — რაც უფრო მეტი ადამიანი ეძებს თქვენს ბრენდს, მით უფრო მეტმა იცის მასზე. ეს მონაცემები Google Ads-ის ფასიანი ძიების კამპანიებისა თუ Google Search Console-ის ორგანული ძიების შედეგებით შეგიძლიათ მიიღოთ.
2. ვებგვერდის სტუმრები
აქ კი შეგიძლიათ გაიგოთ, ვინ ჩაწერა პირდაპირ თქვენი ვებგვერდის მისამართი ან ვინ შემოვიდა პირველად. ამაში ანალიტიკის ხელსაწყოები დაგეხმარებათ, განსაზღვრავთ, როგორ უკავშირდება ისინი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად გაწეულ ძალისხმევას.
3. ბრენდის ხსენება
საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ადამიანები ინტერნეტში თქვენზე საუბრობდნენ, ამისთვის მათ მრავალი პლატფორმაც აქვთ. აქ კი კარგი ის არის, რომ არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ სოციალურ მედიასა თუ ონლაინ სივრცეში, ვინ და როგორ ახსენა თქვენი ბრენდი. ამას უმარტივესად Google Trends-ისა და Google Analytics-ის საშუალებით მოახერხებთ — შეგიძლიათ შეტყობინებებიც ჩართოთ, რომელიც მაშინვე გაცნობებთ, როგორც კი თქვენს ბრენდს ვინმე ახსენებს.
4. სოციალური მედია ჩართულობა
გაზომეთ, რამდენ ადამიანამდე მივიდა თქვენი პოსტი, რამდენჯერ ახსენეს თქვენი ბრენდი, დააკვირდით შთაბეჭდილებებს, შენახვებისა და ჩართულობის მაჩვენებლებს, რათა გაიაზროთ, რამდენად კარგადაა თქვენი ბრენდი წარმოდგენილი სოციალურ მედიაში. ამ ინფორმაციების მისაღებად ყველა სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო უნდა გამოიყენოთ.
5. ვიდეოს გაზომვა
ვიდეო მარკეტინგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა, აქ კი ბრენდის ცნობადობის განსასაზღვრად ვიდეოს გაზომვის ხელსაწყოები კარგ საშუალებას გთავაზობთ. დააკვირდით ნახვების, გაზიარების, კომენტარებისა და კლიკების რაოდენობას თქვენს ვიდეოზე. თუ მაღალი ჩართულობის მაჩვენებლები აქვს, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ბრენდი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. კარგი კი ის არის, რომ ამ ინფორმაციის მიღება თავად ვიდეო პლატფორმებშია შესაძლებელი.
6. მთლიანი მოგზაურობა
ე. წ. ატრიბუციის მოდელი საშუალებას გაძლევთ, მომხმარებელთა ქცევას მყიდველის მოგზაურობის განსხვავებულ საფეხურებზე დააკვირდეთ. თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ ატრიბუციის რომელ მეთოდს მიმართავთ… თუმცა რომელიც უნდა აირჩიოთ, ნებისმიერი დაგეხმარებათ იმ მარკეტინგული ტაქტიკებისა და არხების გაანალიზებაში, რომლითაც მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე იქონიებთ გავლენას; შესაბამისად, მარკეტინგული კამპანიების შედეგებსაც გააუმჯობესებთ.
7. მომხმარებელთა უკუკავშირი
როგორ უკავშირდება ეს ბრენდის ცნობადობას? კავშირი საკმაოდ პირდაპირია. რაც უფრო კმაყოფილები არიან თქვენი მომხმარებლები, მით უფრო სურთ, რეკომენდაცია გაგიწიონ კოლეგებთან ან გააზიარონ დადებითი გამოცდილებები სოციალურ მედიაში. კარგი შეფასებები კი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ბრენდი პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენსავე მომხმარებლებზე, როცა ცუდი იმ ასპექტებს წარმოადგენს, რომლებსაც გაუმჯობესება სჭირდება.
თუმცა არ დაგავიწყდეთ, ერთი მეთოდი ყველაზე არ მოქმედებს. თანაც ყველა ბიზნესს თავისი სტრატეგია აქვს, ამიტომ განსხვავებული ვარიანტები ცადეთ და ნახეთ, რა მუშაობს საუკეთესოდ თქვენს შემთხვევაში…