in

რას ელოდებიან თქვენგან, როგორც კარგი ქოფირაითერისგან? იხილეთ 7 პასუხი ამ ერთ კითხვაზე

ხშირად ჩვენ ქოფირაითინგსა და კონტენტ სტატეგიაზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის – ისინი ავსებენ ერთმანეთს, მაგრამ ასევე, ორ განსხვავებულ მიზანს ემსახურებიან. 

ტრადიციულად, ქოფი ისაა, რასაც გასაყიდად ვიყენებთ. ალბერტ ლასკერის ფრაზა რომ გამოვიყენოთ, ეს არის ბეჭდვით გაყიდვის უნარი. მისი მიზანია დარწმუნება. 

ყველაფერ დანარჩენს აკეთებს კონტენტი: ის იზიდავს აუდიტორიას, იპყრობს მუდმივ ყურადღებას, აჩვენებს თქვენს უნარს მისი პრობლემების გადაჭრაში და საბოლოო შესყიდვას უხსნის გზას. 

როგორც წესი, მარკეტერებმა კარგად იციან ამ ორი მიმართულების მსგავსება/განსხვავებები და ყოველთვის ჰყავთ გუნდში ორივე კადრი. 

წარმოგიდგენთ ქოფირაითინგის 7 სტრატეგიას, რომელსაც წლების განმავლობაში გამოცდილი ოსტატები გვიზიარებენ:

1. სათაურები, სათაურები და კიდევ ერთხელ – სათაურები!

კარგმა ქოფირაითერებმა იციან, რომ თუ სათაური სუსტია, როგორი გადასარევი ტექსტიც არ უნდა ჰქონდეთ, შეიძლება მომხმარებელი უბრალოდ ვერ მივიდეს ტექსტამდე. იმის მიუხედავად, გყავთ თუ არა დიდი აუდიტორია, მაინც ყოველდღე უნდა იფიქროთ ახალ, კარგ სათაურზე, რადგან სხვანაირად თქვენი ერთგული მიმდევარიც კი არ მიაქცევს ყურადღებას თვითონ ქოფის.

2. მოერიდეთ მაღალფარდოვნებას!

იმის მიუხედავად, რომ ყველა პროფესიონალ მწერალს აქვს განსაკუთრებული სიყვარული მაღალფარდოვანი ფრაზებისა და გამონათქვამებისადმი და სიტყვებით თამაში მწერლისთვის სიამოვნებაა, ამან ყოველთვის შეიძლება არ აღაფრთოვანოს აუდიტორია. 

რა თქმა უნდა, კრეატიულ კონტენტს უხდება ორიგინალური სიტყვების დამატება, თუმცა ზომიერად და ბუნებრივად. ეცადეთ, ნაკლებად გამოიყენოთ ისინი, განსაკუთრებით სათაურში.

3. თქვენი იდეის მიხედვით, შეიმუშავეთ სტრატეგია

კარგმა კონტენტ მარკეტერმა მუდამ უნდა იფიქროს ახალ იდეებზე და შემდეგ მათი გამოყენების სტრატეგიაზე. ის არ წერს მშრალ, უზარმაზარ და გამოუსადეგარ ტექსტებს, რომლებიც მხოლოდ კითხვებს პასუხობს. მან უნდა გამოაქვეყნოს ისეთი ტექსტი, რომელიც ერთი მხრივ, ართობს და მეორე მხრივ, სასარგებლო ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. 

4. ჩაატარეთ კვლევა

საუკეთესო ქოფირაითერები ყველაზე დაჟინებული მკვლევრები არიან. ისინი მაღაროელებს ჰგვანან, რომლებიც სულ რაღაცას ეძებენ, თხრიან, ბურღავენ…იქამდე, სანამ საბადოს არ იპოვიან. პროფესიონალი ქოფირაითერები გვიზიარებენ, რომ შეიძლება გვქონდეს 7-ჯერ დიდი მასალა, მაგრამ მისგან მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიყენოთ.

თქვენ არა მხოლოდ კარგი ბლოგპოსტი უნდა დაწეროთ, არამედ უნდა გამოიკვლიოთ ის თემა, რაზეც ამ ბლოგს აკეთებთ. 

5. იპოვეთ „დამშეული” ადამიანები

ცნობილი ქოფირაითერი, გარი ჰალბერტი ამბობდა: „კარგი რესტორნის საიდუმლო კარგი ადგილმდებარეობა, მენიუ და დაბალი ფასები კი არაა, არამედ მშიერი ხალხი, რომელიც რესტორნისგან ელის სასურველ შეთავაზებას”. 

შეგვიძლია ეს ფრაზა ქოფირაითერულად გავშალოთ – ჩვენთვის, ქოფირაითერებისთვის, „მშიერი ხალხი” არის ის აუდიტორია, რომლებიც მოწყურებულნი არიან იმას, თუ რას ვეტყვით ჩვენ. ამისთვის მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალი ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს, რათა დავინახოთ, რა აკლიათ მათ და როგორი ამბების მოსმენა, წაკითხვა ან ყურება სჭირდებათ. ამის მიხედვით თქვენ, როგორც კარმა ქოფირაითერმა, უნდა განსაზღვროთ – სარეკლამო ტექსტი შესთავაზოთ თუ უბრალოდ რაიმე შინაარსით სავსე, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით მიადევნებს თვალს.

6. არასოდეს დაგავიწყდეთ, საით მიდიხართ

ქოფირაითერებში ხშირია გზის აბნევის შემთხვევები. სიტყვებმა ხშირად იცის კონტროლიდან გამოსვლა და გზიდან გადახვევა – ეცადეთ, ამას თავი აარიდოთ. 

როდესაც ზუსტად იცით, რაზე წერთ, რა კონტენტს ამზადებთ, თქვენ მომხმარებლისგან მიიღებთ იმ ქცევას, რომელსაც ელოდებით. თუ თავად აცდებით გზას, მომხმარებელსაც დააბნევთ. 

ზოგადად, კონტენტ მარკეტინგი იმითაა უპირატესი, რომ ექსპერიმენტების შესაძლებლობასაც გვაძლევს, მაგრამ ნებისმიერ ექსპერიმენტსაც კი აქვს კონკრეტული მიზანი.

დასვით კითხვები: აუდიტორიის გაფართოება მინდა? ელ. ფოსტის გამომწერების გაზრდა? მომხმარებლის განათლება რამე საკითხის ირგვლივ? ახალი პროდუქტის დაანონსება?…ეს და კიდევ უამრავი კითხვა არსებობს, რომელსაც მიზნისკენ მიჰყავხართ.

მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ ისეთი ექსპერიმენტები, რომელიც დაეფუძნა მიდგომას – „დავდოთ და ვნახოთ, რას იზამს”.

7. ნუ იქნებით მოსაწყენები

დიდი დევიდ ოგილვი გვეუბნებოდა: „ილაპარაკე სიმართლე, მაგრამ გახადე ის მომხიბვლელი”. 

გამოიყენეთ: პერსონიფიკაცია, დიდი ფანტაზია, საინტერესო იდეები, მკითხველისთვის მოსახერხებელი ფორმატირება, იუმორი. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ თქვენ ჯამბაზად უნდა გადაიქცეთ თქვენს საქმეში, უბრალოდ სახალისო ფრაზების შერევით მეტად იპყრობთ ადამიანების ყურადღებას, მათი ღიმილი კი ლოიალობას ზრდის იმ ბრენდის მიმართ, რომლისთვისაც კონტენტს ქმნით!

სმარტ აკადემიას კიდევ ერთი პრაქტიკული კურსი “მარკეტინგის ეკოსისტემა” დაემატა, რომელსაც ქეთი მეფარიძე წარუძღვება

რამ დაგაბნიათ? „ლიტვურმა საცხობმა“, უბრალოდ, პურის შეფუთვა შეცვალა