ხშირად ბევრი ჩვენგანი იმაზე ჩივის, რომ წიგნების საკითხავად საკმარისი დრო არ აქვს.
მაგრამ დაფიქრდით: რამდენი მოკლე ტექსტური შეტყობინება, ახალი ამბის სათაური, ინფორმაცია თვითმფრინავის იაფ ბილეთზე, წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, კომენტარი ბლოგზე, ტვიტერსა თუ ინსტაგრამზე იხარშება ჩვენს ტვინში და რამდენ რამეს ვცემთ პასუხს? კალიფორნიის უნივერსიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენ დღეში, სულ მცირე, 100,000 სიტყვას ვკითხულობთ.
ნილ პასრიჩა ამბობს, რომ თუ გვინდა, მეტი ვიკითხოთ, რაღაცებს უნდა გადავეჩვიოთ. და პირველ რიგში, ეს სმარტფონზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა. ის გვირჩევს, რომ ყველა აპლიკაციას არა პირველ, არამედ მომდევნო გვერდებზე მოვუყაროთ თავი, ახალი ამბების ჟურნალების გამოწერა გავაუქმოთ, ნამდვილი, ხის ფურცლებიანი წიგნები ვიკითხოთ.
და ეს ყველაფერი წიგნის კითხვად რატომ ღირს? – იმიტომ, რომ ბევრი წიგნის კითხვა ჩვენი ტვინის იმ ნაწილს ხსნის, რომელიც ემპათიაზე, თანაგრძნობასა და გაგებაზეა პასუხისმგებელი. კითხვა გვეხმარება, ვიყოთ უკეთესი ლიდერი, მასწავლებელი, მშობელი, ნათესავი და ა.შ.
თავად ნილ პასრიჩა ამბობს, რომ მას წელიწადში უკვე 100 წიგნის წაკითხვა შეუძლია. თუ როგორ, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
1. იცხოვრე წიგნების სამყაროში
ჩვენ საკაბელო თუ ინტერნეტ ტელევიზიაზე ვართ დამოკიდებულები. სახლში წიგნების თაროები გვაქვს, თუმცა ის მხოლოდ დეკორია. გზაში მიგვაქვს წიგნები, თუმცა მანქანის უკანა სავარძელზე მივუჩენთ ადგილს და სამუდამოდ იქ რჩება. ერთ-ერთი არგენტინელი მწერალი ამბობდა, რომ მის გარშემო წიგნები თუ არ იყო, ვერ იძინებდა. არჩევანი ჩვენზეა, რა თქმა უნდა. შესაძლოა, ამ მწერალივით ვერ შეიყვაროთ წიგნები, თუმცა ის სურნელება, სიმყუდროვე, რაც წიგნებს მოაქვთ, შეუძლებელია, სასიამოვნო არ იყოს.
2. წითელი ნათება ღამით
მაიკლ ბროისი ამბობს, რომ წითელი განათება მელატონინის წარმოქმნას უწყობს ხელს. კაშკაშა ნათებას საპირისპირო ეფექტი აქვს. იმ დროს, როცა წითელი განათება გამშვიდებს და სიმყუდროვის შეგრძნებას განიჭებს, ეკრანისა თუ ჭერის განათება როგორც თვალებს, ისე გონებას ძაბავს. დაძინების წინ კითხვა ძილის წინაპირობა უნდა გახდეს. ამიტომ, ასეთი ნათება ძალიან კარგი გამოსავალია.
3. ტელეფონი ნაკლებად ხელმისაწდვომი გახადე. სმარტფონი დისტრაქციისა და ყურადღების გაფანტვის შესანიშნავი წყაროა. შეგიძლია, ნელ-ნელა, საღამოს 7 საათის მერე, მესიჯების შემოწმება შეწყვიტო. და ძალიან მალე, ვერც კი მიხვდები, რაში ხარჯავდი აქამდე დროს.
4. პოდკასტები და Booktube-ები: რა წავიკითხო შემდეგ? – ამ კითხვის გადაჭრა იმ ოცნების მანქანებს შეუძლიათ, რომლებზეც პოდკასტები და ბუქთუბებია ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ხელში ჭერა და ფურცლების სუნი საოცარი გამოცდილებაა, პოდკასტების მოსმენაც არანაკლებ კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ თანამედროვე მსოფლიოს ავყვეთ.
5. გააუქმე ახალი ამბების გამოწერა: პოლიტიკური მეცნიერი, ჰერბერტ სიმონი ამბობს, რომ ინფორმაციის სიჭარბე ყურადღების მოკრების შესაძლებლობას ასუსტებს. ამიტომ, გააუქმეთ ჟურნალები და გაზეთები, რომლებიც მუდმივად ინფორმაციას გაწვდიან. თავადვე შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, ონლაინ გამოცემების ვებგვერდებს ესტუმროთ და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ასე მიიღოთ.
6. უბრალოდ, იკითხეთ: როგორც სეთ გოდინი ამბობს, ადამიანები იშვიათად კითხულობენ წიგნებს iBook-ში იმიტომ, რომ ძალიან მალე, კითხვის დაწყებისთანავე, მათ რომელიმე სოციალურ მედიაში მოსული შეტყობინების შემოწმება უნდებათ. აზრის გაწყვეტა კი ხელს გვიშლის, ახალ სამყაროში ღრმად ჩავყვინთოთ და ისე მოვექცეთ კითხვით მიღებული შთაბეჭდილების ქვეშ.
მაინც ნილ პასრიჩა გვირჩევს, რომ ნამდვილი წიგნები ვიკითხოთ. მათ ხელით შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს ხეების ნაწილის განადგურებას,ის ამბობს, რომ ესაა საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარ გონებაში ჩასაკარგად. მხოლოდ წიგნები გვაძლევს საშუალებას, მთლიანი წარმოდგენის რეჟისორები ვიყოთ და ბოლომდე მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას, რომელსაც ვერანაირი შეტყობინება ვერ ჩაახშობს.
7. გაესაუბრეთ წიგნის გამყიდველებს. ნილ პასრიჩა: „წიგნის მაღაზიაში რომ შევდივარ, ყბედობას ვიწყებ, გამყიდველს ჩემს ამბებს ვუზიარებ და შემდეგ ის ჩემთვის იმ მომენტში შესაფერისი წიგნის ძებნას იწყებს, მაგალითად, ამბის, რომელიც ჩემს განქორწინების შემდგომ პერიოდს მოუხდება, ან ავსტრალიაში მოგზაურობამდე გამომადგება, ან ბავშვებთან ურთიერთობისთვის… წიგნების მაღაზიაში და პროფესიონალური რჩევის მიღება როგორც სასიამოვნო, ასევე, ძალიან სასარგებლოა.
„მოკლედ, ხომ ამბობენ, ის ხარ, რითიც იკვებებიო. მე მივამატებდი, რომ შენ ის ხარ, რასაც კითხულობ.
ქცევის შეცვლა თუ გინდათ, დაე, დღესვე დაიწყეთ და უფრო მეტი წიგნი იკითხეთ!“
წყარო: HBR