ჩვენს რუბრიკაში, გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ხელსაყრელ ტოპ 3 ETFs-ზე უკვე გიამბეთ. თუმცა, მათ გარდა კიდევ არსებობს წამყვანი გაცვლითი სავაჭრო ფონდები, რომელთა აქციების შეძენაც, ექსპერტების თქმით, ნამდვილად ღირს. დღეს, 7 მათგანს გაგაცნობთ.
1. ETF, რომლითაც ეს „შვიდეული“ უნდა გაიხსნას SPDR S&P 500 ETF Trust (ticker: SPY)-ია. ის ერთ-ერთი პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდია, რომელიც Wall Street-ზე 1993 წელს გამოჩნდა და დღეს, $375 მილიარდის აქტივებს აკონტროლებს. შედეგად, სავაჭრო ბირჟის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. თუ გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ისეთ დიდი ბრენდებს ირჩევთ, როგორებიცაა: Apple Inc. (AAPL), Microsoft Corp. (MSFT) to Johnson & Johnson (JNJ), მაშინ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, SPDR S&P 500 ETF Trust-ის რესურსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
2. როდესაც გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გაცვლით სავაჭრო ფონდებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Vanguard Russell 2000 ETF (VTWO). ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, თქვენს პორტფოლიოში, ძირითადად, დიდი კორპორაციების აქციები იყოს. მაგრამ დღეს დომინანტი კომპანიების უმეტესობა ნელა იზრდება. ამიტომ, საჭიროა, ერთგვარი მიქსის გაკეთება, ანუ ფინანსების ჩადება ორივე ტიპის კომპანიებში. ფონდი Vanguard ისეთ საშუალო და მცირე ბიზნესების ფასიან ქაღალდებზეც გთავაზობთ წვდომას, რომლებსაც უდავოდ გააჩნია ზრდის პოტენციალი. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის. Vanguard-ის ღირებულება $7 მილიარდია და 1 000 ყველაზე მსხვილ ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. თუმცა, მის პორტფელში, ასევე, შედის 2 000-მდე მცირე მასშტაბის კომპანია. მაგალითად, ფეხსაცმლის მწარმოებელი Crocs Inc. (CROX) და ფარმაცევტული კომპანია Biohaven Pharmaceutical Holding Company Ltd.(BHVN). 100%-იან გარანტიას, რომ ინდივიდუალური აქციები აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს, ვერც ერთი ექსპერტი ვერ მოგცემთ, მაგრამ Vanguard-ში შედის მცირე ზომის კომპანიების აქტივები, რომლებსაც ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნიათ. ამიტომ, ერთობლივად აღებული მათი აქციები ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მხოლოდ ნელა განვითარებადი, დიდი კორპორაციების ფასიანი ქაღალდების შეძენა, მათ ხომ მეტი სტაგნაცია ახასიათებთ.
3. გრძელვადიანი ინვესტირებისთვის, ასევე, ძალიან საინტერესოა ფონდი iShares Core S&P Mid-Cap ETF (IJH). თუ მაინცდამაინც დიდი ხნის დაარსებულ და ახლად შექმნილ, მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიას შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი, ოქროს შუალედის პოვნაში ეს ფონდი დაგეხმარებათ – iShares Core S&P Mid-Cap ისეთ ჰოლდინგებს აერთიანებს, რომლებიც არც ძალიან მასშტაბურია და არც ძალიან პატარა. მაგალითად, საფინანსო კომპანია Solaredge Technologies Inc. (SBNY)-ის და მზის ენერგიის Solaredge Technologies Inc. (SEDG) შესაძლოა, ეს სახელები აქამდე არც კი გსმენიათ, თუმცა $67 მილიარდის აქტივების მფლობელი ფონდის სტრატეგია, შემოგთავაზოთ საშუალო ზომის კომპანიების ფასიანი ქაღალდები, ნამდვილად მიმზიდველია და ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს გრძელვადიანი ინვესტორებისთვის.
4. თუ ინვესტიციის ჩადება ევროპულ ან აზიურ კომპანიებში გირჩევნიათ, მაშინ Vanguard FTSE All-World ex-U.S. ETF (VEU) დაგაინტერესებთ, რომელიც გლობალური კომპანიების აქციებზე წვდომას გთავაზობთ. ამ ფონდს, სფეროს ექსპერტები, „ყოფილ ამერიკულ“ ფონდსაც უწოდებენ – ამერიკული კომპანიების აქციები ნელ-ნელა ჩაანაცვლა და დღეს მის პორტფელში ევროპული და აზიური ბიზნესის ფასიანი ქაღალდებია თავმოყრილი. მაგალითად, შვეიცარიული სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტი Nestle ADR (NSRGY) და იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor Corp. (TM). პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, ამ ETF-ში წარმოდგენილია შემდეგი სამი ქვეყნის კომპანიები და აქციები: იაპონია – 17%, ჩინეთი -10%, დიდი ბრიტანეთი – 9%.
5. გაცვლითი სავაჭრო ფონდი, რომელიც განვითარებადი ბაზრების მოთამაშეებს აერთიანებს, Vanguard FTSE Emerging Markets ETF (VWO)-ია. ის $110 მილიარდის აქტივებს განკარგავს და Wall Street-ზე ერთ-ერთ უმსხვილეს ETF-დ ითვლება. აქვს საკმაოდ აგრესიული შეთავაზებები და ძირითადად, საზღვარგარეთის ბაზრებზეა ორიენტირებული. ამ ფონდში წარმოდგენილია ჩინეთის, ტაივანის, ინდოეთისა და ბრაზილიის ბაზრების მოთამაშეები. ის აერთიანებს 5 200-ზე მეტ ბიზნესს, მათ შორისაა, პატარა კომპანიები, რომელთა აქციებზე წვდომა და ინვესტირება ჩვეულებრივი საბროკერო ფირმების მეშვეობით შეუძლებელია. მაგალითად, ტაივანური Semiconductor Manufacturing Co. Ltd.(TSM)-ით დაწყებული და პლანეტის უმსხვილესი მწარმოებლებით დასრულებული.
ასე რომ, თუ გსურთ სტანდარტული მსხვილი აქციების ნაცვლად, განვითარებად ბაზარზე ჩადოთ ინვესტიცია, VWO ზუსტად თქვენთვის არის.
6. Vanguard Total World Stock ETF (VT) დივერსიფიცირებული გაცვლითი სავაჭრო ფონდია, რომელიც ყველა ზომის, სექტორისა და რეგიონის 9 300 კომპანიის აქტივებს აერთიანებს.
ფონდში შემავალი კომპანიების, დაახლოებით, 60% ა.შ.შ.-ში მდებარეობს, რადგანაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზარი აქაა. თუმცა, ასევე, აერთიანებს იაპონური, ბრიტანული, ფრანგული კომპანიების აქტივებს. ფონდის 10% ჩინეთის ბაზარი მოიცავს.
თუ თქვენ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელება მსოფლიო ბაზარზე გსურთ და გინდათ, ეს პროცესი მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდეს, ცალ-ცალკე კომპანიებში ფულის დაბანდებას, ნამდვილად ჯობს ამ ETF-ის საშუალებით, განახორციელოთ ინვესტიცია.
7. აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს გთავაზობთ iShares Core U.S. Aggregate Bond ETF (AGG).
თუ წინა ფონდები სხვადასხვა მასშტაბისა და განვითარების აქციებს გთავაზობდათ, AGG iShares-ის საშუალებით ობლიგაციებსაც აერთიანებს. ფინანსური ქაღალდების ეს ტიპი საინვესტიციო დონის ფიქსირებულ შემოსავლებს უზრუნველყოფს. ფონდის პორტფელი $89 მილიარდის აქტივებს აერთიანებს და მასში 9 800 სხვადასხვა კომპანია შედის. ეს ნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი და დივერსიფიცირებული ობლიგაციების ფონდი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ვარიანტია.
ამჟამად ფონდი გთავაზობთ 1.4%-იან შემოსავალს, რომელიც S&P 500-ის მაჩვენებელსაც კი აღემატება. ეს პირობები ძალიან მიმზიდველს ხდის ფონდს, რადგან აქციების მოგების გარდა, გაქვთ შესაძლებლობა, ფიქსირებულად, გარკვეული პერიოდულობით, ობლიგაციებიდან საერთო მოგების წილი მიიღოთ.
დასასრულს კი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რაც არაერთხელ გვითქვამს ჩვენს სტატიებში – არჩევანი მხოლოდ თქვენი საუკეთესო ინტერესების, თუ საჭიროების მიხედვით, სიტუაციის დეტალური შეფასების, რისკებისა და ბენეფიტების აწონ-დაწონვის შემდეგ უნდა გააკეთოთ
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.