in

2025 წლის 7 პროგნოზი სოციალური მედიის შესახებ

კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ 2025 წელს სოციალურ მედიაში, ინდუსტრიის ექსპერტები გვპასუხობენ. როგორც ვიგებთ, კრეატორების საქმე მხოლოდ კონტენტის შექმნა აღარ იქნება და აღარც ლინკდინი უნდა ჩავთვალოთ „კარგი იქნება რომ გქონდეს“ პლატფორმად. თუმცა მათ ჩვენთვის კიდევ ბევრი რამ აქვთ სათქმელი, ამიტომ, მოდით, პირდაპირ პროგნოზებისკენ გადავინაცვლოთ:

1. კრეატორები და ბრენდები საკუთარი სამყაროს მშენებლობას დაიწყებენ

თუ არსებულ ვარაუდს დავუჯერებთ, 2025 წელს კრეატორები და ბრენდები ტრადიციული სტრატეგიებიდან იმერსიული, ურთიერთდაკავშირებული ეკოსისტემების შექმნისკენ გადაინაცვლებენ — იმისკენ, რასაც ზოგიერთი კონტენტისთვის „კინემატოგრაფიულ სამყაროს“ უწოდებს.

ბრენდები და კრეატორები საკუთარ თავს მედიაიმპერიებად ჩათვლიან და ისეთ ფრენჩაიზებს მიბაძავენ, როგორებიც Star Wars ან Marvel-ია. თუმცა სამყაროს შექმნა, მხოლოდ ბიზნესის გაფართოებას ან კონტენტის შექმნას არ ეხება, აქ საქმე ავთენტურ, ინტერაქციულ ურთიერთობებშია, რასაც შემდეგ პროგნოზამდე მივყავართ.

2. პატარა საზოგადოებები პრიორიტეტული გახდება

2025 წელს კრეატორები და მათი აუდიტორია პატარა, ექსკლუზიური სივრცეებისკენ დაიწყებენ სწრაფვას. AGAIN Interactive-ის შემოქმედებით ხელმძღვანელ ენთონი გალასოს თუ დავუჯერებთ, კომენტარების სექცია რეალური ჩართულობის ნამდვილ ჰაბად იქცევა და აუდიტორიასთან კავშირს მეტად ავთენტურსა და პერსონალურს გახდის.

ხოლო Spam გვერდები თუ კერძო საზოგადოებები კრეატორებს საშუალებას მისცემს, კონტენტზე კონტროლი შეინარჩუნონ და, ამასთან, ავთენტური ურთიერთობებიც ჩამოაყალიბონ. ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ინსტაგრამის Broadcast Channels სწორედ ამ ცვლილებას ასახავს პირადი, კურირებული ინტერაქციებისკენ.

3. კონტენტის შექმნისას AI-ს უფრო მეტად გამოიყენებენ

ვარაუდობენ, რომ პლატფორმები კვლავ დადებს ფსონებს ხელოვნურ ინტელექტზე, მაგრამ ეს გზა მარტივი არ იქნება. შესაძლოა, ზოგიერთმა ჭარბად გამოიყენოს იგი, ზოგჯერ კი გამჭვირვალობის ნაკლებობამ მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში. მიუხედავად ამისა, პლატფორმების AI ხელსაწყოები სოციალურ მედია მენეჯერებსა და კრეატორებს უფრო ეფექტურად მუშაობის საშუალებას მისცემს. ეს სამუშაო ნაკადსაც გაამარტივებს და გარე AI ხელსაწყოების გამოყენებასაც აღარ გახდის საჭიროს.

4. მოკლეფორმატიანი ვიდეოები დომინირებას განაგრძობს

ამ კუთხით გამონაკლისი არც 2025 წელი იქნება და პლატფორმებზე აქტუალურობას კვლავ მოკლე ვიდეოები შეინარჩუნებს. თუმცა ამჯერად იმ სივრცეებშიც კი, სადაც მანამდე გრძელ ან სტატიკურ კონტენტს ანიჭებდნენ უპირატესობას.

ეს ლინკდინსაც ეხება, რომელზეც ამბობენ, რომ B2B სფეროში მოკლე ვიდეოების ჰაბად იქცევა. თანაც აუდიტორიის 24% თაობა ზეტია, რომელთაც კონტენტის სწრაფად ყურება უყვარს. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ წელს ლინკდინზე ჭარბად შეგვხვდება ფრაგმენტები ვებინარებიდან თუ პოდკასტებიდან.

ეს, რაღა თქმა უნდა, YouTube Shorts-საც შეეხება, კრეატორებს კი საშუალება მიეცემათ, მოკლე ფორმატის ვიდეოების მაქსიმალური ხილვადობა და ჩართულობა უზრუნველყონ. განმასხვავებელი ფაქტორი ვიზუალური სთორითელინგი იქნება, რაც დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან კრეატორებს დღეს უამრავი შესაძლებლობა აქვთ დინამიკური ვიზუალური რედაქტირებისთვის.

5. LinkedIn ინფლუენსერების ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდება

როგორც ჩანს, 2025 წელს ლინკდინი პროფესიული დასაქმების პლატფორმიდან ინდივიდებისა და ბრენდების შემოქმედებით ჰაბად იქცევა, შესაბამისად, დომინანტურ ძალად მოგვევლინება კრეატორთა ეკონომიკაში. ამგვარად, პლატფორმა გახდება, სადაც პროფესიონალებს შეუძლიათ, კარგ კრეატორებად ჩამოყალიბდნენ.

ლინკდინიც ვიდეოკონტენტზე ფოკუსირდება, რაც კრეატორებს ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალ შესაძლებლობას გაუჩენს. თანაც პლატფორმამ მომხმარებლებს უკვე გააცნო გაუმჯობესებული ანალიტიკისა თუ რედაქტირების ხელსაწყოები — პლატფორმაზე ვიდეოების ატვირთვის მაჩვენებელი 34%-ით გაუმჯობესდა, ნახვების კი 36%-ით.

ამგვარად, LinkedIn უკვე ის პლატფორმა კი აღარ არის კრეატორებისა და ბრენდებისთვის, რომლის ქონაც კარგი იქნებოდა, არამედ აუცილებელია იმისათვის, რომ რელევანტურობა შეინარჩუნონ ციფრულ ეპოქაში.

6. პლატფორმები თავიანთ ეკოსისტემებად ჩამოყალიბდებიან

2025 წელს სოციალური მედია პლატფორმები ეკოსისტემებად იქცევა, სადაც კრეატორებსა და ბრენდებს შეეძლებათ, მართონ ყველაფერი, დაწყებული კონტენტის შექმნიდან, დამთავრებული აუდიტორიის ჩართულობით ისე, რომ არც პლატფორმა დატოვონ. ეს კონსოლიდაცია სამუშაო პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. Meta-ც მათ შორისაა, რომლის AI ხელსაწყოები გარე პროგრამების ჩართულობას გამორიცხავს, შესაბამისად, Facebook და Instagram მომხმარებლებს აწვდის ყველაფერს, რაც სჭირდებათ…

7. კრეატორთა ბიზნესმოდელები განვითარდება

კრეატორთა ეკონომიკა იზრდება, ამიტომ 2025 წელს ელიან, რომ ისინი ცალკეული მეწარმეებიდან სტრუქტურირებულ ბიზნესად ჩამოყალიბდებიან. შექმნიან გუნდებსა და კომპანიებს მათ გარშემო, რათა კონტენტის შექმნის პროცესი და მასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები პროფესიონალურ დონეზე შესთავაზონ მაყურებლებს.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ კრეატორები ეცდებიან, აუდიტორიას მრავალ ადგილზე დახვდნენ და თავიანთი გავლენაც გააფართოონ ფიზიკურ ღონისძიებებზე. ამგვარად, მათთვის 2025 წელს საკმარისი მხოლოდ კონტენტის წარმოება აღარ იქნება, კრეატორებმა მეწარმეებივით უნდა იფიქრონ, გუნდები შექმნან, ინოვაციური მიდგომები შემოგვთავაზონ და ბიზნესიც გააფართოონ, რათა ასე კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრება შეძლონ.

„ჩემს ყველა სიმღერას აქვს კონტექსტი და შინაარსი” – Salien

რა მოხდება ზომბების აპოკალიფსის დროს? — Kia-ს ამ კითხვაზე პასუხი აქვს