ონლაინმუშაობა დღეს აღარავის უკვირს. 2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ, რომელიც თითქმის 2 წელიწადს გაგრძელდა, დაგვიმტკიცა, რომ დისტანციურად ბევრი საქმის კეთება შეიძლება, თანაც არანაკლებ იმაზე ხარისხიანად და მოსწრებულად, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში სიარულის დროს.
პარალელურად, ციფრული ხელსაწყოების ყოველდღიურმა ზრდამ დიდი გავლენა მოახდინა სამუშაო პროცესებზე. გაჩნდა პროფესიები, რომლებიც უშუალოდ ციფრული სამყაროსთვისაა დამახასიათებელი და რომელთა წარმომადგენლებისთვისაც აუცილებელი არ არის სამსახურში სიარული, მათ თავიანთი ამოცანების შესრულება სახლიდან ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მდებარეობიდანაც შეუძლიათ. ამ სტატიისთვის 7 ასეთი პროფესია შევარჩიეთ. ეს ის სპეციალობებია, რომლებზეც დღესდღეობით მოთხოვნაც მაღალია, ანაზღაურებაც და თან ონლაინმუშაობის საშუალებასაც იძლევა.
1. ქოფირაითერი
ქოფირაითინგი თანამედროვე პროფესიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მარკეტინგული ტექსტების მწერლებს დიდი მისია აქვთ – მათ ბიზნესისთვის სხვადასხვა ტიპის ქოფი უნდა შექმნან, რომელიც შეიძლება იყოს საინფორმაციო, მოწოდება მოქმედებისკენ, სლოგანი ან უბრალოდ პატარა, შემოქმედებითად მოყოლილი ამბავი.
იქიდან გამომდინარე, რომ ქოფირაითერს საქმიანობის განსახორციელებლად მხოლოდ წვეტიანი იდეები, კომპიუტერი და ინტერნეტი სჭირდება, სულერთია, საიდან იმუშავებს ის. თუ ამ პროფესიას აირჩევთ, შეგიძლიათ სავარძელში მყუდროდ მოკალათებულებმა იმუშაოთ სახლიდან, რადგან ქოფირაითერს არ სჭირდება მაინცდამაინც ოფისში მისვლა იმისთვის, რომ კრეატიული ტექსტი მოიფიქროს. მეტიც, თავისუფალი გარემო მას ეხმარება დაფიქრებასა და ინსპირაციის პოვნაში.
2. გრაფიკოს დიზაინერი
გრაფიკოს დიზაინერობაც იმ სპეციალობათა რიგებში დგას, რომლის გარეშეც დღეს ბიზნესის საქმიანობა წარმოუდგენელია. პრინტები, ბანერები, ლოგოტიპები თუ სხვა ვიზუალური პროდუქტები კონტენტის შექმნის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ გრაფიკოს დიზაინერის ჩართულობა აუცილებელია.
მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, არ არის სავალდებულო, რომ დიზაინერი დილის 10-დან საღამოს 18:00 საათამდე ოფისში იჯდეს, რადგან მისი მთავარი იარაღი კომპიუტერი და გრაფიკული ვიზუალის შესაქმნელი პროგრამებია. იმისთვის, რომ სწორად შეასრულოთ დავალება, საკმარისი იქნება მხოლოდ ბრიფი, რომელსაც დამკვეთი ან თქვენი კომპანიის მენეჯერი გამოგიგზავნიან, თქვენი ნამუშევარი თქვენც შეგიძლიათ ციფრულად გაუგზავნოთ და ასევე მიიღოთ უკუკავშირი.
3. UI/UX დიზაინერი
იგივე შეგვიძლია ვთქვათ UI/UX დიზაინერზე. როგორც ვხედავთ, ციფრული ხატვის წარმომადგენლებს სამუშაოს საკმაოდ მოქნილი ფორმატი აქვთ. UI/UX დიზაინერი ვებაპლიკაციების ვიზუალზე მუშაობს და საქმის განსახორციელებლად მასაც მხოლოდ ბრიფი, რამდენიმე ნიმუში და დასრულების ვადის ცოდნა სჭირდება. რა თქმა უნდა, ისეთი მაგალითებიც არსებობს, როცა UI/UX დიზაინერი ოფისში, გუნდის სხვა წევრებთან ერთად მუშაობს, თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დიზაინერი ეძებს ისეთ პროექტებს, რომლებიც სახლიდან მუშაობის საშუალებას მისცემს.
4. პროგრამისტი
პროგრამირება ის სფეროა, რომელიც მრავალი პლუსით გამოირჩევა და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად იქცა. მაღალი ანაზღაურება, დასაქმების ფართო შესაძლებლობა, განვითარების პერსპექტივა – ეს ის მიზეზებია, რის გამოც პროგრამისტობა დღეს ბევრს აქვს თავის ძირითად საქმიანობად შერჩეული, თუმცა მისი კიდევ ერთი უპირატესობა დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაა, რადგან კოდის წერისთვის აუცილებელი ნამდვილად არ არის ერთ ოთახში ყოფნა, მთავარია, პროგრამისტმა იცოდეს თავისი ამოცანა და პროდუქტის შესაქმნელად ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტი თუ სხვა საჭირო ინფორმაცია. მოცემული დედლაინის ფარგლებში ის სახლიდანაც მშვენივრად გაართმევს თავს საქმეს და უკვე აწყობილ პროგრამას, ვებგვერდს თუ აპლიკაციას გუნდის წევრებსა თუ დამკვეთებს ონლაინაც თავისუფლად გაუზიარებს.
5. ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
ციფრული მარკეტინგის მენეჯერებს, როგორც წესი, რამდენიმე პროექტი აქვთ ხოლმე და თითოეულზე სხვადასხვა დროს, პრიორიტეტების მიხედვით მუშაობენ. მათი სამუშაო გრაფიკი ძირითადად მეილების გაგზავნის, შეხვედრებზე დასწრების, კონტენტის შექმნისა და მარკეტინგული სტრატეგიების მონიტორინგისგან შედგება. რადგან სიტყვა „შეხვედრა” ვახსენეთ, არ იფიქროთ, რომ რაღაც გვეშლება და ეს პროფესია შემთხვევით მოხვდა სტატიაში, რადგან დღესდღეობით ონლაინშეხვედრის იმდენი მარტივი საშუალება არსებობს, რომ სხვა ადამიანებთან ერთად Zoom-ით, Google Meet-ით და სხვა ხელსაწყოებით ჩართვა ჩვეულებრივი ამბავია. მეილის დაწერას, სტრატეგიის გადახედვას, კონტენტზე დაკვირვებასა და შეფასებას არ სჭირდება მაინცდამაინც ოფისიდან მუშაობა. ეს ყველაფერი თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს დისტანციურადაც.
6. სოციალური მედიის მენეჯერი
დისტანციური სამუშაოები სოციალურ მედიაში გულისხმობს კომპანიებთან, ბრენდებთან, ინფლუენსერებთან ან სხვა პირებთან თანამშრომლობას ისე, რომ გაიზარდოს მათი გაყიდვები და აქტივობა სოციალურ ქსელებში.
ამ პროფესიის წარმომადგენელსაც ჩვეულებრივ შეუძლია თავისი საქმე სახლიდან გააკეთოს: დაგეგმოს სოციალური მედიის კამპანია, მართოს კონტენტი სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორებიცაა: Facebook, Instagram, YouTube, TikTok და სხვები. მისი სხვა მოვალეობები შეიძლება შეიცავდეს ბრენდირებული კონტენტის შექმნას, მაგალითად, პოდკასტი, ვიდეო და რეკლამა.
7. კონტენტმენეჯერი
კონტენტმენეჯმენტი საინტერესო და, რაც მთავარია, ახლა ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. ისინი ადგენენ კომპანიის კონტენტკალენდარს, კოორდინაციას უწევენ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს, ამზადებენ აუთლაინებს, სხვა თანამშრომლებთან განიხილავენ მარკეტინგულ მიზნებს და აწარმოებენ ანგარიშებს მომხმარებელთა ჩართულობისა და ბრენდის აღიარების წარმატების მაჩვენებლების შესახებ.
ყველა ამ ჩამოთვლილი ამოცანის განხორციელება შესაძლებელია დისტანციურად. ამ პროფესიის წარმომადგენლისთვის მთავარია კომუნიკაციის უნარი, სოციალური ქსელების სპეციფიკის ცოდნა, უკუკავშირის მიღებისა და ინტეგრაციის უნარები.
ციფრული ინდუსტრია მრავალ საინტერესო და ხელმისაწვდომ შესაძლებლობას გვთავაზობს, რათა თან სამსახური, შემოსავლის წყაროც გვქონდეს და თან კომფორტულ გარემოში, საკუთარი სახლიდანაც შევძლოთ მუშაობა. ამ მიმართულების პროფესიების არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არჩევთ სამომავლო სპეციალობას ან არსებულის ახლით შეცვლაზე ფიქრობთ, ჩვენი ჩამონათვალიდან რომელიმე შეგიძლიათ აარჩიოთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











