დღეს შემოქმედებითი საქმეების მქონე ადამიანებს LinkedIn-ში მრავლად შეხვდებით, საკუთარ თავს არეკლამებენ, კონტაქტების გაზრდაც სურთ და პროფესიული განვითარებაც. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია ისეთი, რომელმაც შედარებით ახალ სოციალურ პლატფორმას ვერაფერი გაუგო. თუ მათ შორის ხართ, ქვემოთ გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც LinkedIn-ისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ:
1. გაიაზრეთ, რა სარგებელს გთავაზობთ LinkedIn
პირველი ნაბიჯი სწორედ პლატფორმის დადებითი მხარეების გააზრებაა. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ, სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, ტოქსიკური და ნეგატიური კონტენტისგან დაცლილია. ქვემოთ კი ერთ-ერთი ქოუჩის გამოცდილებას გაგიზიარებთ:
„LinkedIn-იდან იმას იღებთ, რასაც მასში დებთ, ბოლო წლებში ყოველდღიურად ვტვირთავ ვიდეოებს და არცერთი უარყოფითი კომენტარი მიმიღია“.
2. გაიაზრეთ, რომ აქ ყველაფერი სამსახურს უკავშირდება
ერთადერთი განმასხვავებელი ფაქტორი მხოლოდ პოზიტიური ატმოსფერო არ გახლავთ, ეს საქმიანი პლატფორმაცაა. აქ საკუთარ თავზე ან თქვენს სამსახურზე უნდა ილაპარაკოთ. შესაბამისად, კარგად გაიგებთ, თუ რას აკეთებენ თქვენი კოლეგები, მათ აზრებსაც მოისმენთ და შეძლებთ, თქვენი ნამუშევრებიც გაუზიაროთ. ჩათვალეთ, რომ აქ ყველა ერთ თამაშს თამაშობს — საკუთარ თავზე ლაპარაკით პოტენციურ დამსაქმებლებსა თუ მომხმარებლებს უკავშირდება. ამგვარად, ლინკდინში არც X-ის მსგავსი მიმები მოგაბეზრებთ თავს და არც ინსტაგრამის საუზმისა თუ ვახშმის ფოტოები.
3. დაიწყეთ დაპოსტვა და დაკომენტარება
LinkedIn რომ დაიხმაროთ, ჯერ თქვენც უნდა გაიღოთ რაღაც. აქ კი პოსტების თანმიმდევრული განთავსება იგულისხმება, რაც კავშირების გაზრდაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ასე შეძლებთ იმ კომპანიის თანამშრომლების აზრი მოისმინოთ, რომელშიც მუშაობის დაწყება გსურთ. თუ ილუსტრატორი ხართ, შემოქმედებით ხელმძღვანელები დაიმატეთ, შემდგომ კი მათ პოსტებზე დააკომენტარეთ, რაც ურთიერთობის დაწყებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. შეგიძლიათ, ახლად შეძენილ მეგობარს პირადი შეტყობინებაც გაუგზავნოთ, უბრალოდ მიესალმოთ, სთხოვოთ რჩევა ან რეკომენდაცია. კარგი იქნება, თუ თქვენს გამომწერებს თქვენივე პროგრესის შესახებაც მოუყვებით.
4. ნუ იქნებით მორცხვი
საკუთარ მიღწევებზე დამაჯერებლად ისაუბრეთ, ნუ შეგრცხვებათ თქვენს წარმატებაზე საუბრის. ეცადეთ, ბუნებრივი იყოთ და დაფიქრდით, ასე რამდენი ადამიანი იქცევა. ოღონდ სხვებს ნუ მიბაძავთ, არც იმას დააკვირდეთ, როგორ წერენ საკუთარ თავზე კონკურენტები, მხოლოდ ის დაპოსტეთ, რაც ნამდვილად განაღვლებთ და რისიც ნამდვილად გჯერათ.
5. ფრთხილად მართეთ თქვენი კავშირები
მართალია, აქ ბოტები არ შეგხვდებათ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, ვის დაუკავშირდებით თქვენი პროფილით. ეცადეთ, იპოვოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული ადამიანები, რომლებიც თქვენსავე ინდუსტრიაშია ჩართული — ასე თქვენი საწყისი გვერდიც სულ საინტერესო პოსტებით იქნება სავსე.
6. თავიდან აირიდეთ LinkedIn-ის კლიშეები
ბევრ დადებით მხარესთან ერთად, ხშირად პლატფორმა ბიზნესჟარგონებით ივსება, ხან რაღაც იმდენადაც აქტუალურდება, რომ მალევე ხდება მოსაწყენი… თქვენ კი ამის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევენ, უმჯობესია, თუ მარტივ ენას გამოიყენებთ და ამბავს ჩვეულებრივი ადამიანივით მოჰყვებით. ასე ბევრს დააინტერესებთ. კარგი იქნება, თუ თქვენს პოსტს ორიგინალური დასაწყისიც ექნება და არა ისეთი, როგორსაც ხშირად ვხვდებით, მაგალითად „მე შეცდომა დავუშვი…“.
7. გამოიყენეთ სათაურის სივრცე
LinkedIn-ზე არსებული სივრცე თქვენი თავის გასაცნობად გამოიყენეთ, აღწერეთ, ვინ ხართ და რას აკეთებთ, რადგან როცა, მაგალითად, სხვის გვერდზე აკომენტარებთ, პირველი ამ ინფორმაციას ეცნობიან ადამიანები, შესაბამისად, იგი თქვენი ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
გამოდის, LinkedIn უსასრულო შესაძლებლობებითაა სავსე, მთავარია, ჯერ მისი დადებითი მხარეები დაინახოთ, გაიაზროთ, რა განასხვავებს სხვა სოციალური მედიებისგან, დაუკავშირდეთ თქვენს აუდიტორიას და შემდეგ მართოთ იგი, დაძლიოთ სიმორცხვე, დაბოლოს, გააცნოთ სხვებს საკუთარი თავი.













