თუ გარეტ ფინჩს დავუჯერებთ, Bumpp-ის პიარისა და მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელს, რომლის მისიაც ადამიანების უკეთეს ქმნილებებად ქცევის ირგვლივ ტრიალებს, საზრიანი ბრენდები მომდევნო წლისთვის პიარგეგმის შედგენას მშვიდ ზაფხულის სამუშაო სეზონზე იწყებენ… სწორედ ამიტომ, ასეთი ბრენდებისთვის ცნობილ 7 მეთოდს გვიზიარებს:
1. ასახვა და განხილვა
ბრენდები 2023 წელს თავიანთი PR ძალისხმევის შესაფასებლად არსებულ შეფერხებებს იყენებენ — აკვირდებიან, რამ იმუშავა კარგად და რამ არა, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი… საკუთარი გამარჯვებების შეფასებით იგებენ, თუ რაში შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, სწავლობენ წარუმატებლობებით და იღებენ გადაწყვეტილებებს, რას აარიდონ თავი მომავალში.
2. მკაფიო მიზნების დასახვა
ეკონომიკური გარემოს ცვლილება მიზნებსაც ეხება, შესაბამისად, ბრენდები კრიტიკულად განიხილავენ და ხელახლა განსაზღვრავენ თავიანთ PR მიზნებს 2024 წლისთვის — რა უნდა გააკეთონ აუცილებლად იმისათვის, რომ კონკურენტებისგან გამორჩევა შეძლონ? შემდგომი პროდუქტის გაშვებას უკეთესი კავშირი სჭირდება მომხმარებლებთან? თავიანთი ბრენდის რეპუტაციის გაუმჯობესება სურთ თუ მიღწევებზე ყურადღების გამახვილება? როცა ბრენდის ირგვლივ ყველაფერი იცვლება, იცვლება მიზნებიც.
3. მომხმარებელთა ანალიზი
მომხმარებლებს დღეს ბეიბი ბუმერები, თაობა X, მილენიალები, თაობა ზეტი და თაობა ალფაც კი წარმოადგენს, რომელთაც სულ ახლახან შეუსრულდათ 13 წელი. რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პერსპექტივების მთელ სპექტრზე, ეფექტურმა ბრენდებმა დრო უნდა დაუთმონ თავიანთი განვითარებადი მომხმარებლების გაანალიზებას, რათა იმ გზებით დაუკავშირდნენ, რომლებიც სწორედ მათ სურთ. ბრენდები რამდენიმე თვეს უთმობენ შეფასებას და თავიანთი არხების, კონტენტისა თუ შეტყობინებების მათზე მორგებას.
4. ინფლუენსერები და კრეატორები
სახელგანთქმული ინფლუენსერები და კრეატორები უკვე ძალიან კომერციულად და არაავთენტურად მიიჩნევიან… მათ ადგილს კი მიკრო ინფლუენსერები და კონტენტ კრეატორები იკავებენ. ბრენდები პროაქტიულად განიხილავენ თავიანთ ჩამონათვალს, ამასთან, აკვირდებიან, რამდენად რელევანტურია და ვის აქცევენ მომხმარებლები ყურადღებას. ეს ბრენდებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ, რამდენად გონივრულია მათი ინვესტიციები.
5. კონტენტის სტრატეგია
კონტენტის კარგ სტრატეგიას ფიქრისთვის სივრცე სჭირდება, რათა განვითარდეს და შემოქმედებითიც იყოს. მშვიდი სამუშაო კვირები ამისთვის შესანიშნავია და ამ დროს ბრენდის აქტივობები მთავარ კულტურულ მოვლენებს, ტრენდებსა თუ ქმედებებს უნდა შეუსაბამოთ. ახალი ან განახლებული სტრატეგია მომდევნო წლის შედეგებს გაამარტივებს. ასე ბრენდებიც უფრო მოქნილად შეძლებენ კონტენტის მართვასა თუ განთავსებას, როცა სამუშაო დღეები ისევ საქმეებით დატვირთული გახდება.
6. მედია დაფარვა
ბრენდები იმასაც აკვირდებიან, თუ რამდენად დაიმსახურეს მედიის ყურადღება 2023 წელს. საკმარისად შთამბეჭდავები იყვნენ? მათი მიდგომა ცოტა გაფანტული იყო თუ რეაქტიული? ეფექტური ბრენდები პროაქტიულები არიან და ახორციელებენ გეგმას, რომელიც მათ ძირითად მედია საშუალებებთან თავიანთი ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმარებათ. ისინი ადგენენ თავიანთი აუდიტორიისთვის სწორ მედიას და აყალიბებენ კარგად გამოკვლეულ გეგმას, რათა სასურველი გავლენის მქონე დაფარვა მიიღონ. ეს კი ჩვენთვის „გამომუშავებული მედიის“ სახელით არის ცნობილი, ზუსტად იმიტომ, რომ გვიწევს, გამოვიმუშაოთ იგი…
7. კვალიფიკაციის ამაღლება
პიარის წარმატების გარანტიას თქვენ ირგვლივ არსებული ადამიანების გაძლიერება გთავაზობთ იმაში, რასაც აკეთებენ. წარმატებული ბრენდები უბრალოდ დამატებით დროს კი არ იყენებენ, რათა სავალდებულო ვიდეო-ტრენინგებს გაეცნონ, არამედ ისინი თანამშრომლებს მედია ტრენინგებს, ქოუჩინგსა და ვორკშოფებს სთავაზობენ, რათა მოამზადონ ნარატივები და შეტყობინებები მომდევნო გაშვებებისთვის, ღონისძიებებისა თუ კამპანიებისთვის.
დაბოლოს, გამოდის, თუ თქვენს მშვიდ ზაფხულს პროაქტიულ დაგეგმვასა და სტრატეგიულ აზროვნებას დაუთმობთ, ახალ წელს კარგად შემუშავებული PR მიდგომით შეხვდებით…