შესაძლოა, თქვენი კომპანია ამაყობდეს, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი… თუმცა საუკეთესო განზრახვის შემთხვევაშიც შესაძლებელია, თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ზიანი მიაყენოთ – ეს კი უმეტესწილად მეტისმეტი ორგანიზებულობით არის გამოწვეული. როგორც არაერთი კვლევა აჩვენებს, სამუშაო პირობები და გარემოს მოთხოვნები სტრესის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.
მენეჯერებისთვის კარგ ამბავს ის წარმოადგენს, რომ სამუშაოების რესტრუქტურიზაციის რეალური გზები არსებობს, რომლებიც თანამშრომლების კეთილდღეობის მხარდაჭერას და გრძელვადიანი სარგებლის მოტანას უწყობს ხელს. მაგალითად, ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, სამუშაო ადგილის სტრატეგიულად შეცვლა არა მხოლოდ აუმჯობესებს ზემოთ ნახსენებ ფაქტორებს, არამედ პოზიტიური ბიზნეს-შედეგების წარმოქმნასაც უწყობს ხელს. მათ შორისაა პროდუქტიულობის გაზრდა და თანამშრომელთა “გადაწვის” შემცირება.
ცხადია, კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული რესტრუქტურიზაცია დიდ თანხებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. რეალურად, ეს ხშირად კარგ ინვესტიციასთან ასოცირდება. სტატიაში მოცემული Work Design for Health სტრუქტურა კი დაგეხმარებათ, ყველასათვის სასარგებლო სამუშაო პრაქტიკა შეიმუშაოთ:
1. მიეცით თანამშრომლებს მეტი კონტროლი იმაზე, თუ როგორ ასრულებ ისინი თავიანთ სამუშაოს
კვლევებმა აჩვენა, რომ შეზღუდული ქმედებების თავისუფლება ასოცირდება როგორც ცუდ მენტალურ ჯანმრთელობასთან, ისე გულის დაავადებების უფრო მაღალ მაჩვენებლებთან. უფრო მეტიც, სამუშაოს მაღალი მოთხოვნებისა და დაბალი სამუშაო კონტროლის კომბინაცია მნიშვნელოვნად ზრდის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილის რისკს.
დასაქმებულებისთვის შედარებით მეტი ავტონომიის მინიჭებამ კი, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამას მოწმობს მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრში ჩატარებული კვლევაც.
2. მიეცით თანამშრომლებს მეტი თავისუფლება, აირჩიონ, როდის და სად იმუშაონ
როგორც რამდენიმე კვლევა ადასტურებს, არჩევანის მეტი თავისუფლება ან სამუშაო გრაფიკზე კონტროლის აღება გაცილებით აუმჯობესებს დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას. ეს, შესაძლოა, მუშაობის დაწყების და დასრულების დროის ცვლილებას მოიცავდეს. მაგალითად, კომპანიაში Fortune 500, სადაც IT თანამშრომლები თავად წყვეტდნენ როდის და სად იმუშავებენ. ამან კი აშკარა გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა.
3. დასაქმებულთა გრაფიკის სტაბილურობის ამაღლება
დღეისათვის ბევრი საცალო და მომსახურების კომპანია დროულ დაგეგმვას იყენებს, რათა მოთხოვნილებების შეცვლის პარალელურად მათი სამუშაო ძალაც შეიცვალოს. არასტაბილური, არაპროგნოზირებადი გრაფიკი კი თანამშრომლებს პირადი ცხოვრებისა და ოჯახური პასუხისმგებლობის მართვაში უშლის ხელს. კვლევების მიხედვით, ასეთი არასტაბილური სამუშაო განრიგის მქონე თანამშრომლებს არაერთი უარყოფითი შედეგი აღენიშნებათ – მათ შორის, ძილის ხარისხის გაუარესება და გაზრდილი ემოციური სტრესი.
ამის პარალელურად კი, Gap-ის კვლევის თანახმად, მეტ სტაბილურობა დადებითად აისახება როგორც დასაქმებულებზე, ისე უშუალოდ კომპანიაზეც. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში სტაბილურობის გაუმჯობესებამ შუალედური გაყიდვების 7%-იანი ზრდა განაპირობა, ხოლო შრომის პროდუქტიულობა 5%-ით გაიზარდა. რაც მთავარია, შემცირდა თანამშრომელთა სტრესის დონე.
4. მიაწოდეთ თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
სამუშაო ადგილის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება, შესაძლოა, თანამშრომლების კეთილდღეობისთვის კარგი იყოს. ექიმების, მედპერსონალისა და პრაქტიკოსების კვლევა მოწმობს, რომ მათ, ვინც ადგილზე პრობლემების იდენტიფიცრებისა და გადაჭრის სტრუქტურირებულ პროცესში მონაწილეობენ, აღარ აღენიშნებოდათ “გადაწვა”. ასევე, თანამშრომლები, რომლებსაც პრობლემების გუნდურად გადაწყვეტის შესაძლებლობა ჰქონდათ, ნაკლებად განიცდიდნენ სამსახურის მიმართ უკმაყოფილებას.
5. ორგანიზაცია საკმარისად დაკომპლექტებული უნდა იყოს, რათა დატვირთვა გონივრულად გადანაწილდეს
მაღალმა მოთხოვნებმა, როგორიცაა დატვირთული სამუშაო საათები ან ძალიან მძიმე თუ სწრაფი მუშაობის საჭიროება, შესაძლოა, ძალიან ცუდად იმოქმედოს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მაღალი მოთხოვნებისა და კონტროლის დაბალი დონის სინთეზი ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს – მათ შორისაა დეპრესიის გამძაფრება, არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მატება.
ცხადია, ეს გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული… თუმცა მუშახელის გადაწვა და სამსახურიდან წასვლა მეტ პრობლემებსა თუ ხარჯებს წარმოშობს. ეს კი ნეგატიურად აისახება სრულიად კომპანიაზე.
6. წაახალისეთ მენეჯერები, რათა მხარი დაუჭირონ თანამშრომელთა პირად მოთხოვნილებებს
ბევრი თანამშრომელი ბავშვებზე ან ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნავს. რიგ შემთხვევებში მათ ლიდერები ეხმარებიან, რომლებიც მზად არიან, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, როდესაც სამუშაო და პირადი ცხოვრების დაბალანსებაა საჭირო. მოხუცთა თავშესაფრებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესი მენეჯერების შემთხვევაში თანამშრომლებს ნაკლები გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორი აღენიშნებოდათ და უკეთაც ეძინათ.
ასევე, ოჯახის მხარდამჭერი ქცევების შესაქმნელად განხორციელებული პროგრამები დადებითად აისახება სამუშაო ცხოვრების ბალანსსა და პირად ჯანმრთელობაზე. ამ ტრენინგების გავლის შემთხვევაშიც თანამშრომლებმა მაღალი პროდუქტიულობა და სამუშაოსადმი კმაყოფილება იგრძნეს.
7. იზრუნეთ თანამშრომელთა შორის სოციალური კუთვნილების გრძნობის განვითარებაზე
სამუშაო კულტურის შექმნა, რომელშიც თანამშრომლებს შეუძლიათ, კოლეგებთან ე. წ. “დამხმარე” ურთიერთობა განავითარონ, დადებითად აისახება დასაქმებულებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ სამსახურში ასეთი ურთიერთობები ნაკლებ ფსიქოლოგიურ სტრესთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, სოციალური კუთვნილების გრძნობის გაძლიერება სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრი მენეჯმენტის პრაქტიკა, რომელიც თანამშრომელთა კეთილდღეობას აუმჯობესებს, სარგებელს მოუტანს დამსაქმებლებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ტიპის კომპანიებს უფრო მეტი ერთგული თანამშრომელი ჰყავს. ეს კი ყველა კარგი ლიდერის სასურველი შედეგია.
წყარო: HBR