კრიტიკა არავის უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ის იმ კლიენტისგან მოდის, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რას აკეთებ და რატომ. ზოგიერთი ფრაზა გონებაში რჩება და წლების შემდეგაც გახსენდება, კარიერული წარმატების მიუხედავად.
გამოცემა Creative Boom-მა ყველაზე გამაღიზიანებელი ფრაზები მოაგროვა. ამ გამოცდილებიდან ჩანს, რომ უკუკავშირის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ტიპი გამოიკვეთა და თითოეულ მათგანთან გამკლავების პრაქტიკული გზებიც არსებობს.
#1: გზავნილი, რომელიც მუქარას ჰგავს
„გასაგებად მინდა გითხრა: თუ საბოლოო ნამუშევარი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ამ კვირაში წარმოადგინე, ძალიან უკმაყოფილო ვიქნები”.
რა იმალება ამის უკან:
ეს რეალურად კრიტიკა არ არის, უფრო შიშია, რომელიც ავტორიტეტული ტონითაა შეფუთული.
შესაძლოა, კლიენტს საკუთარი უფროსის, სხვა სტეიკჰოლდერების ან საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელი ადამიანების რეაქციის ეშინოდეს. პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს შენში ან შენს იდეაში.
როგორ უპასუხო:
თავდაცვაზე გადასვლას სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნო და გაარკვიო, ვინ უნდა დაამტკიცოს საბოლოო შედეგი, რა შეიძლება არ მოეწონოს მას და კონკრეტულად რისი ეშინია კლიენტს.
ასე საუბარს პირადი დაპირისპირების ნაცვლად პრობლემის გადაჭრის მიმართულებით გადაიყვან.
ფრაზა #2: „შეიძლება, ცოტა ნაკლებად დიზაინერული იყოს?“
ეს კრეატიული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილია – კლიენტი პროფესიონალ დიზაინერს სთხოვს, რომ ნამუშევარი ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურებოდეს.
ხშირად პრობლემა თავად დიზაინი კი არაა, არამედ ის, რომ კლიენტმა ჯერ ვერ იპოვა სწორი სიტყვები იმ ემოციის ან ბიზნესპრობლემის აღსაწერად, რომლის მოგვარებაც რეალურად სურს.
როგორ უპასუხო: ნუ ჰკითხავ, როგორი უნდა იყოს „ნაკლებად დიზაინერული“ ნამუშევარი. ჰკითხე, რის გაკეთებაში დაეხმარება მას ასეთი დიზაინი, რასაც არსებული ვერსია ვერ აკეთებს. ასეთი კითხვებით შესაძლოა გაირკვეს, რომ პრობლემა ვიზუალურ გადაწყვეტაში კი არა, სრულიად სხვა შიშში ან ბიზნესმიზანშია.
ფრაზა # 3: „Canva-შიც შემიძლია ამის გაკეთება“
კიდევ ერთი გავრცელებული შემთხვევაა, როცა კლიენტი დიზაინერს საკუთარ Canva-ვერსიას წინასწარ უგზავნის.
კლიენტმა უბრალოდ არ იცის, რამდენი სამუშაო დგას პროფესიონალური დიზაინის უკან. მისთვის შეიძლება დიზაინი შაბლონში ტექსტისა და რამდენიმე ვიზუალური ელემენტის განთავსებას ჰგავდეს.
როგორ უპასუხო: პირველი რეაქცია – გაღიზიანება, ჯობს შენთვის შეინახო. ამის ნაცვლად, კლიენტს აჩვენე, რეალურად როგორ მუშაობს დიზაინის შექმნის პროცესი: რა ვარიანტები განიხილე და რატომ უარი თქვი ზოგიერთ მათგანზე; რა მოთხოვნები აქვს ხელმისაწვდომ დიზაინს; რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის ვიზუალური სისტემა და ა.შ.
მთავარია, ამას პროფესიული ჟარგონით ნუ გადატვირთავ. უბრალოდ დაანახე, რატომ არის პროფესიონალური დიზაინი უფრო რთული, ვიდრე მზა შაბლონში რამდენიმე ელემენტის ჩასმა.
ფრაზა# 4. „ბიუჯეტი არ გვაქვს განსაზღვრული“
კლიენტი ამბობს, რომ კონკრეტული ბიუჯეტი არ აქვს. შენ იწყებ იდეების განვითარებას, ფიქრობ განხორციელების გზებსა და სხვადასხვა ფასზე. შემდეგ ის გპასუხობს: „ყველა ვარიანტი ძალიან ძვირია”.
ანუ ბიუჯეტი თურმე არსებობდა, უბრალოდ მის გასაგებად მთელი კონცეფციის შექმნა დაგჭირდა. მაშინ რატომ არ ამბობენ კლიენტები ბიუჯეტს თავიდანვე?
ზოგჯერ ამის მიზეზი უხერხულობაა, ზოგჯერ სიფრთხილე, ზოგჯერ კი უბრალოდ არ იციან, რა ღირს კონკრეტული დიზაინის ან კრეატიული სამუშაოს შესრულება და არ სურთ საკუთარი შესაძლებლობების წინასწარ გამხელა.
როგორ უპასუხო:
ბიუჯეტის შესახებ თავიდანვე პირდაპირ ჰკითხე. თუ კლიენტი გეუბნება, რომ არ იცის, დაახლოებით მაინც მიაწოდე მსგავსი პროექტების ღირებულების დიაპაზონი. შემდეგ სთხოვე, სამუშაოს კრეატიულ ნაწილზე გადასვლამდე დაასახელოს დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი. ეს ყველას დროს დაზოგავს.
ფრაზა # 5: „როცა ვნახავ, მივხვდები“
ბრიფი რამდენჯერმე შეიცვალა და კლიენტმა უამრავი ვიზუალური ვარიანტი ნახა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა. თანამშრომლობა დასრულდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საბოლოო შედეგი უბრალოდ Arial-ის შრიფტით დაწერილი ერთი სიტყვა იყო.
როგორ უპასუხო: ნუ დაიწყებ პირდაპირ სრულფასოვანი კონცეფციის შექმნას. პროცესი შეანელე და პატარა ნაბიჯებად დაყავი. მაგალითად, მოამზადე სხვადასხვა ვიზუალური მიმართულების რამდენიმე რეფერენსი და სთხოვე კლიენტს, თითოეულზე მოკლედ გითხრას, რა მოსწონს და რა – არა.
ფრაზა # 6: „სხვებმაც ასე თქვეს“
როცა კლიენტი საკუთარ მოსაზრებას კოლეგების, პარტნიორის ან ოჯახის წევრების სახელით გადმოსცემს, შესაძლოა, პასუხისმგებლობის აღებას გაურბოდეს. თუ გადაწყვეტილება სხვას მიეწერება, კრიტიკის შემთხვევაში თავად აღარ ხდება მისი ავტორი.
როგორ უპასუხო: შეგიძლია თავაზიანად იკითხო, შესაძლებელია თუ არა იმ ადამიანისგან პირდაპირი უკუკავშირის მიღება, ვისაც იდეა არ მოეწონა. თუ ეს შეუძლებელია, თავად კლიენტს ჰკითხე, ეთანხმება თუ არა ამ შეფასებას და კონკრეტულად რატომ.
ფრაზა # 7: კომპლიმენტი, რომელიც სინამდვილეში კომპლიმენტი არ არის
„დამტკიცებულია, თუმცა იმედგაცრუებული ვარ” – ასეთი, ნახევრად დადებითი შეფასება ზოგჯერ სრულ უარზე უფრო რთულია. როცა კლიენტი უბრალოდ ამბობს, რომ „კარგია“, მაგრამ აშკარად უკმაყოფილოა, გაუგებარია, საერთოდ რა უნდა შეიცვალოს.
როგორ უპასუხო: ფულის აღება და პროექტიდან გასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ თუ ასეთი ფრაზა წლების შემდეგაც გახსოვს, ალბათ, ღირს ერთხელ მაინც გაარკვიო, რა მოხდა. მთავარია, შენი საუბარი ისე არ ჟღერდეს, თითქოს აუცილებლად შექებას ითხოვ. უთხარი, რომ გინდა გაიგო, რისი გაუმჯობესება შეგეძლო და რას გაითვალისწინებ მომავალში.
შესაძლოა, ამ საუბარმა რეალური პრობლემა გამოავლინოს და გამოსავალიც მარტივად მოიძებნოს. შესაძლოა – ვერა. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც გეცოდინება, რომ სიტუაციის გასარკვევად ყველაფერი გააკეთე.












