in

7 წიგნი მენეჯმენტზე, რომელიც უნდა წაიკითხოთ 2023 წელს – მაია ქობალიას რეკომენდაცია

მენეჯერის კარიერაზე ბევრი ჩვენგანი ოცნებობს. გუნდის, პროექტებისა და კომპანიის მართვა ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს და წარმატებული ადამიანების პროტოტიპებად ილუსტრატორები, მწერლები თუ სცენარისტები ხშირად სწორედ მენეჯერებს გვიხატავენ ხოლმე, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მენეჯერის საქმე ისეთი რომანტიზებული ნამდვილად არ არის, როგორც წიგნებსა და კინოში. მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები გააჩნია და მოდუნების უფლება თითქმის არასოდეს აქვს. 

სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა მკითხველისთვის სასარგებლო რჩევები მიგვეცა იმ ლიტერატურაზე, რომელიც მენეჯმენტით დაინტერესებულ ან უკვე მოქმედ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული. ამისთვის მაია ქობალიას, წიგნების დიდ მოყვარულს, ქალთა პიროვნული, ემოციური და ეკონომიკური გაძლიერების ქომაგსა და ერთ-ერთ დიდ ფინანსურ ორგანიზაციაში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვთხოვეთ. მაიამ აღნიშნა, რომ ყველაზე მორგებული ერთი ფორმულა არ არსებობს, ამიტომ ეს 7 წიგნი, რომელიც მან შეარჩია, შეიძლება ყველა ტიპის ადამიანისთვის არ იყოს, თუმცა მისი საყვარელი შვიდეულია და თვლის, რომ ბევრ ადამიანს ამ ლიტერატურის გაცნობა შეიძლება წინსვლაში დაეხმაროს.

მაია ქობალია:

დანიელ გოლმანის „ემოციური ინტელექტი“ (“Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ” Daniel Goleman)

ალბათ რთულად წარმოსადგენია, ისეთ მენეჯერს ვუწოდოთ წარმატებული, რომელსაც საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია, რომელსაც ემპათია, კოლეგებისა და გუნდის წევრების მოტივაცია არ გამოსდის. ასეთ მენეჯერს ძალიან გაუჭირდება გუნდის წევრების გაგება, რომ არაფერი ვთქვათ კომპანიის წარმატებით გაძღოლაზე. კარგი მენეჯერი კარგი კომუნიკატორია, ემოციური კომუნიკაციის 90% კი არავერბალურია. დანიელ გოლმანის კლასიკად ქცეული ეს წიგნი ემოციური ინტელექტზე, სწორედ ამ თემებს ეხება – გოლმანი ემოციური ინტელექტის კვლევისას იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გამორჩეული ლიდერის ჩამოყალიბებისთვის ემოციური ინტელექტი სხვა თვისებებზე ბევრად  უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი თავის შეცნობა სამყაროს უკეთეს აღქმაში და სხვების უკეთეს გაგებაშიც გვეხმარება.

რიჩარდ თალერისა და ქას სანშტაინის ,,მუჯლუგუნი“ (“Nudge: Improving Decisions About Health, Wealth and Happiness”, Richard Thaler, Cass Sunstein)

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქცევითი მეცნიერებისა და ეკონომიკის პროფესორის – რიჩარდ თალერისა და წამყვანი იურისტის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის – კას სანშტაინის წიგნი გვაცნობს არჩევანის არქიტექტურას: რა იმალება ჩვენი გადაწყვეტილებების მიღმა. ფსიქოლოგიის დახმარებითა და ძალიან საინტერესო მაგალითებით, ავტორები ხსნიან ადამიანების ეკონომიკურად ირაციონალურ ქცევებს. წიგნში მოყვანილი კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს შეიძლება ვუბიძგოთ („Nudge“ ქართულად სწორედ „ბიძგს, მუჯლუგუნს“ ნიშნავს) უკეთესი თვითკონტროლისა და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებებისკენ.

სალი ჰელგესანისა და მარშალ გოლდსმითის „როგორ მიიწევენ წინ ქალები“ – იგულისხმება კარიერული განვითარება, წინსვლა და აღმასვლა (“How Women Rise”, Sally Helgesen, Marshall Goldsmith)

ორივე ავტორი მენეჯმენტის და აღმასრულებელი ქოუჩინგის გურუდ მიიჩნევა და მათ ცალ-ცალკე მრავალი, ძალიან პოპულარული წიგნი აქვს დაწერილი. უშუალოდ ეს კი ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელშიც ავტორები ქალი მენეჯერებისა და ლიდერების, ამერიკის ყველაზე დიდი და ცნობილი კომპანიების გავლენიანი ხელმძღვანელი ქალების წარმატებისა და ამ გზაზე შემხვედრი ფუნდამენტური დაბრკოლებების შესახებ საუბრობენ. ასევე გამოყოფენ კონკრეტულ ქცევასა და დამოკიდებულებებს, რომელიც ქალ ლიდერებს გამოარჩევთ. ძალიან სასარგებლო და კარგი საკითხავია ყველა იმ ლიდერისა და მენეჯერისთვის, რომელსაც უნდა გენდერული და კოგნიტიური შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენებისა და სტერეოტიპებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს. 

ძენ ბუდისტი მასწავლებლისა და ავტორის – ჰაემინ სუნიმის „ისეთი რამეები, რომელთაც მხოლოდ მას შემდეგ შენიშნავ, რაც სვლას შეანელებ“ (“The Things You Can Only See When You Slow Down” Zen Buddhist teacher and author  – Haemin Sunim)

სამხრეთ კორეაში დაბადებული ძენ ბუდისტი მასწავლებლისა და ავტორის – ჰაემინ სუნიმის მიერ დაწერილი, ეს ძალიან ლამაზად ილუსტრირებული წიგნი, სწორედ დღევანდელ დღეს და ჩვენს ეპოქაში სჭირდებათ მუდამ შედეგებზე ორიენტირებულ და მუდმივად  გადარბენებში მყოფ მენეჯერებს, რადგან მცირედი გადაცდომაც კი ხშირად კატასტროფულად აისახება მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე. წიგნი შეგვახსენებს სასიცოცხლოდ აუცილებელ და ერთი შეხედვით მარტივ სიბრძნეებს: რომ რაც წარსულში მოხდა, ან რაც მომავალში მოხდება, ის კი არაა რეალურად პრობლემა, არამედ ჩვენი დამოკიდებულებები და რეაქციები მომხდარის მიმართ. 

წიგნი 8 მცირე თავისგან შედგება, რომელიც თემატურადაა დალაგებული (დასვენება, პირადი ურთიერთობები, სულიერი ცხოვრება, ა.შ.). წიგნის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კი ასე ჟღერს: „When your mind rests, the world rests – ,,როცა შენი გონება ისვენებს, მთელი სამყარო ისვენებს.“ ის შეგვახსენებს „’უბრალოდ’’ ყოფნის ჯადოსნურ ძალას, თანაგრძნობისა და სიყვარულის ძალას,  საკუთარი თავისა და სხვებისთვის პირადი სივრცის მიცემის აუცილებლობას, ხშირად შენელებას, სუნთქვას და ხანგრძლივი, ნამდვილი ბედნიერების საკუთარ თავში პოვნის შესაძლებლობას – “Choose happiness, not success.”

საიმონ სინეკის „ლიდერები ყველაზე ბოლოს ჭამენ“ (“Leaders Eat Last”, Simon Sinek)

ყველას გვინახავს,  ალბათ, გუნდები, რომლებიც ერთი მენეჯერის მმართველობისას ყვაოდნენ და ძალიან წარმატებულები იყვნენ, ხოლო ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ – დემოტივირდნენ.  ეს წიგნი სწორედ ასეთ მენეჯერებს დაეხმარება მათი ლიდერობის უნარების გაუმჯობესების გზების დადგენაში. მკითხველს იმასაც გაახსენებს, რომ ადამიანები ემოციური არსებები ვართ, ამიტომ „უსაფრთხოების რგოლის” შექმნა აუცილებელია ჩვენი გუნდისთვის, რომ ჩვენი გუნდის წევრები თავდაჯერებულებიც გახდნენ და წარმატებასაც მიაღწიონ. 

საიმონ სინეკი ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა ის თემა, თუ რატომ ვენდობით კონკრეტულ ადამიანს/მენეჯერსა თუ ლიდერს, ან რატომ გვენდობიან ადამიანები ჩვენ?  ის შეხვდა წარჩინებულ სამხედრო ლიდერებს, რომელთაც სხვა სამხედროები თავიანთ სიცოცხლეს ანდობდნენ და მათთან საუბრის შემდეგ გაუჩნდა იდეა, შეესწავლა მათი ლიდერობის მეთოდები და სხვა სამუშაო ადგილებზეც ენახა, მუშაობს თუ არა ურთიერთნდობის იგივე პრინციპები.  ამ წიგნზე მუშაობის პროცესში ის საინტერესო მოგზაურობას აღწერს ადამიანის ემოციურ ქვაკუთხედებში.

ადამ გრანტის „კიდევ დაფიქრდი“ (“Think Again”, Adam Grant)

მენეჯერებისგან ხომ ძირითადად ყველა ყველაფრის ცოდნას მოითხოვს? მერე მათაც ხშირად უყალიბდებათ ,,ყველაფრისმცოდნეობის’’ ცრუ აზრი; პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის ორგანიზაციული ფსიქოლოგი  – ადამ გრანტი კი ამ წიგნში საუბრობს იმაზე, რომ საკუთარი ცოდნისა და უცოდინარობის გადააზრება ინტელექტზე უფრო მნიშვნელოვანია. 

კიდევ ერთი ღირებულება, რაც ამ წიგნს მენეჯერებისთვის აქვს, ისაა, რომ ხშირად მაღალი მენეჯერული რგოლის ხელმძღვანელის მიმართ უფრო შიში აქვთ, ვიდრე გულწრფელი უკუკავშირი. მენეჯერმა რომ ნათელი ხედვა არ დაკარგოს და ცრუ კომპეტენციის ხაფანგში არ გაებას, ამისთვის მას აუცილებლად სჭირდება სანდო წრის განვითარება, რომელიც მწარე სიმართლეს ეტყვის. ამისთვის ის მენეჯერებს ურჩევს, იხალისონ საკუთარი შეცდომებით, რადგან შეცდომა ადამიანურია.

და, რა თქმა უნდა: last, but not least – „სავალდებულო’’ საკითხავი: „თანამედროვე მენეჯმენტის მამად“ წოდებული ლეგენდა – პიტერ დრაკერი (Peter Drucker) და მისი „დრაკერის რჩეული“. 

 

პ.ს. კიდევ ბევრი მაგარი წიგნია მენეჯმენტსა და ლიდერობაზე. ამ, ან ნებისმიერი სხვა მენეჯერული წიგნის წაკითხვა ავტომატურად არ ხდის ადამიანს სანიმუშო ლიდერად, ან ეფექტურ მენეჯერად, თუმცა დიდწილად ეხმარება მას კომპლექსური მენეჯერული უნარების „ოკეანეში” წარმატებით ნავიგაციასა და სწორი ქცევა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

„შეიძინე რიგის გარეშე” – თვითმომსახურების აპარატები „ავერსის” კიდევ უფრო მეტ აფთიაქშია ხელმისაწვდომი

8 რჩევა, რომელიც კოლეგისთვის საჩუქრების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ