16
Mar
2018

დელეგირება თუ ავტოკრატია – 7 გზა ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად

16 Mar 2018

ადვილია, იყოთ უკმაყოფილო გადაწყვეტილების მიღების პროცესებით თქვენს კომპანიაში, თუმცა, რთულია იპოვნოთ ერთი გზა პრობლემის გამოსასწორებლად. ცხადია, არაფერი ხდება ბიზნესში მანამ, სანამ ვინმე მოქმედებას არ გადაწყვეტს. დღეისათვის, ბაზარი ძალიან ჩქარა ვითარდება, ბიზნეს გეგმის თაიმლაინები კი კრიტიკულია. რაც შეიძლება იყოს სწორი გადაწყვეტილება დღეს, შესაძლოა აღმოჩნდეს არასწორი ხვალ. შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენ გვმართებს ვიყოთ მომავლის მოაზროვნეები და ცოტათი, „სინოპტიკოსებიც“. ჯერჯერობით, ერთ-ერთ ყველაზე ხშირ უკმაყოფილებას, ამ მიმართულებით, იწვევს გადაწყვეტილებების უნებლიე მიღება ან არამყარობა, თითოეულ ადამიანს კი აქვს მეტნაკლებად განსხვავებული ხედვა, სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით.

წიგნში Effective People Management,  ავტორი Pat Wellington ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დელეგაცია თუ ავტოკრატია უნდა იყოს თანაზომიერი გამოცდილებისა და ცოდნის დონესთან, როგორც მენეჯერების, ასევე, გუნდის წევრების შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ დელეგირების საშუალებას თქვენი გუნდი უნდა გაძლევდეთ. გთავაზობთ გადაწყვეტილების მიღების 7, ერთმანეთისგან განსხვავებულ, მენეჯერულ გზას:

გადაწყვეტილება და შეტყობინება
ერთ-ერთი მეთოდია, გადახედოთ გადაწყვეტილების მიღების ვადებსა და მიზნებს, პრიორიტეტებს და შემდეგ, ავტოკრატულად შეასრულოთ ესა თუ ის მოქმედება, მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოთ გუნდის ინფორმირება. ამ მიდგომამ, შესაძლოა, გუნდის წევრების დემოტივაცია გამოიწვიოს, თუმცა, შესაძლოა იყოს საჭირო, როდესაც დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გადაწყვეტილება და კომუნიკაცია გუნდის წევრებთან, მიზეზების ახსნა 
მეორე გზა არის, მიიღოთ გადაწყვეტილება და წარუდგინოთ როგორც გუნდს, ასევე, კომპანიასა თუ მომხმარებელს, განუმარტოთ თქვენი ქმედების მიზეზები, ასევე, ის ბენეფიტები, რაც ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის სცენარი, რომლითაც გუნდს სწავლის საშუალებას აძლევთ, უხსნით, რას რატომ აკეთებთ, რაც თქვენ მიმართ გუნდის ნდობას გაზრდის.

გადაწყვეტილების წარმოდგენა და კომენტარების მოსმენა
შეგიძლიათ მიმართოთ გადაწყვეტილების პრეზენტაციის ხერხს, რის ფარგლებშიც, განიხილავთ მის საფუძვლებს, შეხვედრაზე კი იწვევთ გუნდის წევრებს. მათთვის გადაწყვეტილების რაციონალურობის შესახებ აზრის კითხვა და კომენტარების მოსმენა, დისკუსიის გამართვა, არის საკმაოდ კარგი გზა პროცესში გუნდის ჩასართავად. ეს მეტად ინტერაქტიული და ნაყოფიერი მიდგომაა. წინ გადადგმული ნაბიჯია გუნდის წევრების მხრიდან საკუთარი როლის გააზრების, ასევე, გადაწყვეტილების შესახებ აზრის გამოთქმისა და კმაყოფილების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გუნდის წევრებისთვის, არამედ, კომპანიისათვისაც.

გადაწყვეტილების შეთავაზება და დისკუსიის გამართვა
თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ წინასწარი გადაწყვეტილება გუნდთან. ასე შეაფასებთ თქვენი გუნდის ხედვებს, მანამ, სანამ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ რეალური გავლენა აქვთ დასკვნით გადაწყვეტილებაზე და მათი კონტრიბუციის გათვალისწინება იქნება ღირებული, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე, კომპანიისთვის.

სიტუაციის განხილვა და იდეების მოსმენა
სანდო პროცესია, წარუდგინოთ კონკრეტული სიტუაცია ჯგუფის წევრებს. წაახალისეთ ისინი, რომ შემოგთავაზონ საკუთარი იდეები და დამატებითი პარამეტრები. განიხილეთ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი სცენარები. სთხოვეთ, რომ იყვნენ მეტად ჩართულები, აგრძნობინეთ მათი როლი. საკუთარი გავლენის შეგრძნება ყოველთვის ზრდის მოტივაციას.

განმარტეთ სიტუაცია და სთხოვეთ გუნდს, მიიღოს გადაწყვეტილება
ეს მოქმედი საშუალებაა, მივცეთ გუნდს გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა, უნდა დავუწესოთ გარკვეული ლიმიტი. ამ მიდგომის საშუალებით, თქვენ ირჩევთ ან არ ირჩევთ იყოთ ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილე. ეს მეთოდი მოითხოვს მწიფე და გამოცდილ გუნდს, რომელიც მზადაა, აიღოს საკუთარ თავზე გადაწყვეტილების მიღების დიდი პასუხისმგებლობა.

სთხოვეთ გუნდს, განიხილოს პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილებები
ამ მეთოდით, გუნდის წევრები ახდენენ არსებული სიტუაციის ანალიზსა და პრობლემების იდენტიფიკაციას. ავითარებენ პრობლემის გადაჭრის ხერხებს და ქმნიან მიზანშეწონილი ქმედებების ჯაჭვს. თქვენ თანხმდებით გადაწყვეტილებას და მის იმპლემენტაციას. ეს აყენებს გუნდს სტრატეგიული საფეხურზე და აქცევს გადაწყვეტილებისუნარიანად კომპანიაში.

როგორც წესი, ახალბედა ანტერპრენუარები და სტარტაპები იყენებენ ამ ჩამონათვალის თავში მოქცეულ მეთოდებს, დიდი კომპანიები კი პირიქით. თუ ასე არ ხდება, ვხედავთ დისფუნქციურ ბიზნესს, ან ისეთს, რომელიც კონკურენციას ვერ წევს თანამედროვე ბაზარზე. თქვენ უნდა დაახარისხოთ თქვენი როლი და პროცესი საკუთარი მოტივაციისა და მოლოდინის მიხედვით. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ შეიცვალოთ და ადაპტირდეთ ორგანიზაციის განვითარების კვალდაკვალ. ხართ თუ არა სწორ ადგილას, სწორ ორგანიზაციაში? ხართ ეფექტური, კმაყოფილი და მოტივირებული იმისათვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპანიას სჭირდება?



განხილვა

1 Response