in

7 გზა, თუ როგორ გავუფრთხილდეთ პლანეტას

იმისთვის, რომ რაიმე მიზანი შესრულდეს, საჭიროა ადამიანების რესურსი. რატომღაც ხანდახან გვავიწყდება, რომ თითოეული ადამიანის ქმედება ამ სამყაროში რაღაცას ნიშნავს. ჩვენ მიერ პლანეტის შენარჩუნებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია და თუ თითოეული ადამიანი გაიაზრებს ამ ვალდებულებას, საკმაოდ სასიამოვნო შედეგებს მივიღებთ. შესაბამისად, წარმოგიდგენთ 7 გზას, თუ როგორ შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯები პლანეტის გადასარჩენად.

შეამცირეთ ხორცითა და რძით კვება

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველებს, რომელთა ხორცსაც შემდგომ საკვებად ვიყენებთ, საკვებად ძალიან დიდი რესურსი სჭირდებათ. იმავენაირად არიან ძროხებიც, რომელთა რძესაც ვსვამთ. რეალურად ეს საკვები რესურსი დედამიწას აკლდება და ჩვენც საბოლოო ჯამში ამ რესურსით ვსაზრდოობთ ხოლმე. ამიტომაც, თუკი ამ ორი პროდუქტს საკვებ რაციონში შეამცირებთ, დედამიწას ნამდვილად არგებთ.

შეცვალეთ გადაადგილების საშუალება

სამწუხაროდ, ყველგან ფეხით გადაადგილების ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მანქანა ჰაერის დაბინძურების ნომერ პირველი საშუალებაა. შესაბამისად სადაც შეგვეძლება, იქ ფეხით უნდა გადავაადგილდეთ. გარდა ამისა, არსებობს სხვა საშუალებაც – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი, სქროლი, სკუტერი და ბევრი სხვა  რომელიც შეიძლება ისეთივე კომფორტული არ არის, როგორც საკუთარი ავტომობილი, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად არც თუ ისე ცუდი გზაა. რეალურად, ბევრი ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მანქანით ნაკლებად ვიაროთ ხოლმე და თუ პლანეტაზე ზრუნვას გადავწყვეტთ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

დაზოგეთ წყალი

თუკი ის ადგილი, სადაც ცხოვრობთ, წყლის ნაკლებობას არ განიცდის, არ ნიშნავს იმას, რომ გაქვთ ფუფუნება, ბევრი წყალი მოიხმაროთ. რეალურად, ყველაზე მეტ წყალს ჩვენ სააბაზანოში მოვიხმართ. მიაქციეთ ყურადღება, რა დროს ატარებთ სააბაზანოში და შხაპზე რამდენ წყალს ხარჯავთ – შეამცირეთ შხაპის დრო. ნუ დატოვებთ ონკანს მოშვებულს მაშინ, როცა კბილებს იხეხავთ ან სულაც თმას იღებავთ. რეალურად, ხომ ამ დროს წყალი სრულებით არ გჭირდებათ. წყალი ის რესურსია, რომელიც ერთი შეხედვით ულევი ჩანს, თუმცა, მისი არასწორად მოხმარების გამო, შეიძლება ერთხელაც ამოიწუროს.

ნაკლები რაოდენობით მოიხმარეთ ქაღალდი

იცით, რომ მოჭრილი ხეების მერქნის 40% მხოლოდ ქაღალდის დასამზადებლად გამოიყენება? მას შემდეგ, რაც ფურცლებზე დაპრინტვა ძალიან იაფი გახდა, ფურცლების გამოყენება მკვეთრად გაიზარდა. რეალურად, ეს საფრთხეს უქმნის ბუნებაში მცხოვრებ ცოცხალ არსებებს. დაფიქრდით, დღის განმავლობაში რამდენად ხშირად იყენებთ ფურცელს.. იქნებ უკვე გამოყენებული ფურცლის თავიდან გამოყენება ისევ შეიძლება? ან იქნებ, დიდი შრიფტით არ წეროთ მასზე და გაითვალისწინოთ, რომ უფრო ეკონომიურად გამოიყენოთ იგი?

გამოიყენეთ მრავალჯერადი კონტეინერები და ბოთლები

ძალიან ბევრი ნაგავსაყრელი მხოლოდ პლასტმასას ბოთლებითაა ავსებული. წყლის დალევა საკმაოდ სასარგებლოა, თუმცა დღეში 3 ბოთლი წყლის ყიდვა – არც ისე. იმისთვის, რომ ამ კუთხით გარემოზე ვიზრუნოთ, მარტივი გამოსავალი არსებობს: ატაროთ მრავალჯერადად გამოყენებადი ბოთლები. ეს ეხება კონტეინერებსაც, რომლებსაც ყოველ დღე ვყიდულობთ იმისთვის, რომ საკვები სამსახურში წავიღოთ. იქონიეთ მყარი კონტეინერი, რომელსაც მუდმივად გამოიყენებთ.

დაფიქრდით, რას აგდებთ ნაგავში

სანამ ნივთს გადააგდებთ, დარწმუნდით, რამდენად არასაჭირო ნივთს აგდებთ… იქნებ მისი გამოყენება კიდევ ერთხელ შეიძლება? იქნებ თქვენ თუ არა, სხვას სჭირდება ის საგანი, რომელსაც აგდებთ? რატომ უნდა შეავსოთ ნაგავსაყრელი იმ ნივთებით, რომელთა გამოყენებაც ჯერ კიდევ შეიძლება? ამიტომაც, დაფიქრდით სანამ რაიმე ნივთს ნაგვის ყუთში გადაუშვებთ.

შეძენის მაგივრად ინათხოვრეთ ან შეაკეთეთ

ნებისმიერი ახალი ნივთი სამომავლო ნარჩენია, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდება და გარემოს აბინძურებს. ამიტომაც, დაფიქრდით, სანამ რამეს შეიძენთ – ხომ არ შეიძლება ინათხოვროთ ან უბრალოდ ძველი შეაკეთოთ?

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

NASA და Microsoft ერთიანდებიან — მალე AI Earth Copilot დედამიწის მონაცემებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის

„გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში“ – „აგროსფეროს“ Yara-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ