in

7 წიგნი ბრენდინგზე, რომელიც 2023 წელს უნდა წაიკითხოთ — ექსპერტთა რჩევები

თუ 2023 წელს ბრენდინგში ცოდნის გაღრმავება დაისახეთ მიზნად, შემოგთავაზებთ წიგნებს, რომლითაც მრავალ კითხვას გასცემთ პასუხს ან ახალი კუთხით შეხედავთ იმას, რაც გეგონათ, რომ უკვე კარგად იცოდით… რა არის ბრენდის იდენტობა? როგორი იქნება ბრენდინგის მომავალი? როგორ კარგავენ დიდი კომპანიები საღ აზრს? როგორ მოვიპოვოთ ბრენდის ძალა? როგორი უნდა იყოს ბრენდისა თუ მომხმარებლის გამოცდილება? როგორ ვაქციოთ ბრენდინგი წარმატების ინსტრუმენტად ან საერთოდ, რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის შეძენას? 

BOG
BOG

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ალექს ჩიქოვანის, შოთა ჩინჩალაძის, ერეკლე ინაშვილის, ირინა დუმბაძის, ლევან კობერიძის, ანდრო მეტრეველისა და თინა მაყაშვილის რჩევებით შეძლებთ წიგნებზე, რომლებიც ბრენდინგს ეხება.

Wally Olins “Brand New: The Shape of Brands to Come” — ალექს ჩიქოვანი, ბრენდის სტრატეგი: 

მსოფლიოში ბრენდინგის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მისი განმავითარებელის და დღევანდლამდე მომყვანის უოლი ოლინსის წიგნს Brand New: The Shape of Brands to Come-ს გირჩევთ. ვოლის თბილისში ვიზიტისას ერთხელ, მაგრამ საფუძვლიანად, რამდენიმე საათით შევხვდი. არ დამზარდა, მიპასუხა ყველაფერზე, რაც ვკითხე და გამიზიარა ისიც, რაც ვერ ვკითხე, იმიტომ, რომ ამდენი უბრალოდ არ ვიცოდი. ის რამდენიმე საათი, მინიმუმ სამწლიან შემეცნებას უდრიდა და მინდა, რომ თქვენც იცნობდეთ მას. ეს მისი ბოლო წიგნია. ბრენდინგის ერთ-ერთი ფუძემდებლის დაწერილი ბრენდინგის ისტორია-ანდერძი. ბრენდინგის სამყაროს ერთგვარი რეზიუმე დაბადებიდან დღევანდლამდე, რაც მთავარია, ბრენდინგის თავისებური მომავლის ხედვით — საით წავა ბრენდინგი, რა იქნება მნიშვნელოვანი და რატომ. ეს წიგნი არ მოგცემთ ტექნიკურ ცოდნას, როგორ კეთდება კონკრეტული ბრენდის სტრატეგია, ეს წიგნი დაგანახებთ, რატომ და როგორ გაჩნდა ბრენდინგი, რა მნიშვნელობა აქვს მას დღეს, ექნება ხვალ და რაც მთავარია, დაგანახებთ, რა არის ის ფუნდამენტური პრინციპები, რაც არასდროს იცვლება, მიუხედავად ეპოქისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სიღმისეული ცოდნის მფლობელი იქნებით და არა, ზედაპირულის. 

Martin Lindstrom “The Ministry of common Sense” — შოთა ჩინჩალაძე, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი:

ბრენდინგი, უპირველესად, ბიზნესის მართვის სტრატეგიაა და არ შემიძლია დანიელი სტრატეგის და ძალიან საინტერესო ადამიანის, Martin Lindstrom-ის წიგნი The Ministry of common Sense გამოვტოვო. მითუმეტეს, რომ „ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ“, ამ წიგნის შინაარსი ძალიან აქტუალურია. აქ მარტინი თავისი გამოცდილებიდან უამრავ მაგალითს აზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ კარგავენ კომპანიები საღ აზრს ზომაში ზრდასთან ერთად და, რაც ყველაზე მტკივნეულია, ადამიანურობას. მკითხველი იმასაც კარგად დაინახავს, როგორ აზიანებს და ანგრევს ბიუროკრატიული ჩახლართულობა და „ჩვენ დიდი კომპანია ვართ, ასე მარტივად არ გამოვა“ დამოკიდებულება ყველაზე დიდ ბრენდებსაც კი. ეს წიგნი მაღალი თანამდებობის მქონე პირებმა, მენეჯერებმა და იმ ადამიანებმა უნდა წაიკითხონ, ვისაც მომხმარებლის ცხოვრების შეცვლა რეალურად სურს და შეუძლია კომპანიების სტრატეგიულ მართვაზე ჰქონდეს გავლენა.

Lou Downie “Good Services” — ერეკლე ინაშვილი, ბრენდის და პროდუქტის განვითარების სპეციალისტი: 

არჩევანს შეგნებულად ბრენდინგის არაკლასიკური თაროდან ვაკეთებ. Lou Downie-ს Good Services ეს შედარებით ახალი წიგნი ბრენდისა და მარკეტინგის სპეციალისტებს დაეხმარება, პროდუქტებისა და სერვისების ანატომიაში ჩაიხედონ, თვალი გადაავლონ ამ ისტორიას, განიხილონ მარტივი ენით დაწერილი მაგალითები და გაიფართოვონ დიაპაზონი მომხმარებლის გამოცდილებისა და ე.წ. ბრენდ იქსფირიენსის კუთხით. დღეს ხომ ბრენდი და პროდუქტის შექმნა ისეა გადაჯაჭვული, როგორც არასდროს.

David A. Aaker “Building Strong Brands” — ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

ბრენდინგში ჩემი სამაგიდო წიგნია დავიდ ააკერის Building Strong Brands. წლების წინ ამ დარგის შესწავლა მისი პირველი გამოცემით დავიწყე, თქვენ კი განახლებულ ვერსიას გირჩევთ. აქ, ბრენდინგი განხილულია, როგორც ერთიანი სისტემა და მოცემულია ამ სისტემის მართვის პრინციპები ცვალებად გარემოსა და ბაზრებზე მისი კაპიტალისა თუ აქტივების ერთიანი ამოქმედებით. ეს არ არის მარტივად წასაკითხი წიგნი, ესაა ბრენდინგის სახელმძღვანელო დარგის პიონერისგან, რომლის მიხედვითაც სხვა ცნობილმა ავტორებმა არაერთი წიგნი შექმნეს. ააკერი ემოციურობისა და თვითგამოხატვის გათვალისწინებით ნერგავს ბრენდის დაგეგმვას და გვაჩვენებს ბრენდს, როგორც პიროვნებას, ბრენდს, როგორც ორგანიზაციას და ბრენდს, როგორც სიმბოლოს. გვაჩვენებს, რაში და როგორ მოიპოვება ბრენდის ძალა. ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხია. 

Thomas Gad “Customer Experience Branding” — ლევან კობერიძე, ბრენდინგისა და ბიზნეს ტრანსფორმაციის სტრატეგი:

 

ეს წიგნი მათთვისაა, ვინც დაინტერესებულია, გაერკვეს, რა არის ბრენდი, ბრენდინგი და როგორ უნდა გადაიქცეს იგი ბიზნესის წარმატებისა თუ მომხმარებლებთან ურთიერთობის ინსტრუმენტად. შვედი პრაქტიკოსი ბრენდინგის გურუს ტომას გედის წიგნი Customer Experience Branding არის იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიქცეს ადამიანების რეალურ ცხოვრებაში ბრენდის სტრატეგია ბრენდთან შეხებაში რეალურ სამომხმარებლო და ადამიანურ გამოცდილებად. ამისთვის, ავტორი პრაქტიკულ ინსტრუმენტებსაც გთავაზობთ.

მარტინ ლინდსტრომი BUY-ოლოგიაანდრო მეტრეველი, კომპანია ADBRAND-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი

ეს არის მითი და რეალობა იმის თაობაზე, თუ რატომ ვყიდულობთ. ბრენდინგის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დაფასებულ ექსპერტად მიჩნეული მარტინ ლინდსტრომი წიგნში საოცარ აღმოჩენებს წარმოგვიდგენს, რომლებიც სამწლიანი ინოვაციური კვლევის საფუძველზე გააკეთა. ამ კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას. წიგნში მოთხრობილია, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებებზე? თვალშისაცემი რეკლამები, მყვირალა სლოგანები თუ გადამდები მელოდიები და ტექსტები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქვეცნობიერად, ანუ ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ? ასევე, აღმოაჩენთ იმას, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები ლოგოებს, რეკლამებს, ბრენდებსა და პროდუქტებს.

Alina Wheeler “Designing brand identity” — თინა მაყაშვილი, Kraken-ის არტ დირექტორი: 

ალინა უილერის წიგნი Designing brand identity ძალიან კარგია მათთვის, ვისაც აინტერესებს ყველაფერი ბრენდის იდენტობისა და დიზაინის საფუძვლების შესახებ. ეცნობი ყველა იმ მნიშვნელოვან ხელსაწყოს, რომელიც ამ პროცესისთვის არის საჭირო, დაწყებული ბრენდის სტრატეგიის კვლევებიდან, დამთავრებული დიზაინის აღსრულებამდე და მის გაშვებამდე. აქ შეხვდებით ბევრ ვიზუალურ მასალასა და უამრავ ციტატას ბრენდინგის ექსპერტებისა თუ დიზაინის გურუებისგან. ის, რამაც მე მისი კითხვა გადამაწყვეტინა შემდეგი კომენტარი იყო: „ბრენდინგი რელიგია რომ იყოს, ალინა უილერი მისი ღმერთი იქნებოდა, ბრენდის იდენტობის დიზაინი კი – ბიბლია“

 

შეთავაზება თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის წინანდლის მამულში საახალწლო ღონისძიებებზე

10 სასარგებლო გაჯეტი საქმიანი ადამიანებისთვის