ბრენდი ადრე თუ უფრო პროდუქტისა და მომსახურების ირგვლივ ტრიალებდა, დღეს მის ცენტრში ადამიანები არიან, რომლებიც სწორედ ამ პროდუქტებსა და მომსახურებებს ყიდულობენ. თუ დააკვირდებით Apple-ის, Google-ისა და Nike-ის ბრენდებს, მიხვდებით, რომ მათ ერთი რამ აქვთ საერთო — რწმენის სისტემა, რომელიც იზიდავს სხვებს, გააზიარონ საკუთარი რწმენა. ეს სისტემა 7 ძირითად ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: შექმნის ისტორია, რწმენა, ხატები, რიტუალები, ლექსიკონები, „ათეისტები“ და ხელმძღვანელები. ახლა კი, თითოეული მათგანი განვიხილოთ:
- შექმნის ისტორია — ყველა ადამიანი, ადგილი თუ ამბავი დაიწყო სადღაც, ვიღაცის მიერ და რაღაც გზებით. საიდან დაიწყეთ თქვენ? Apple-მა ავტოფარეხიდან, ასე იყო HP-ს შემთხვევაშიც. Facebook-მა დიდი ამბავი საერთო საცხობრებლის ოთახიდან დაატრიალა…
- რწმენა — ყველა ბრენდს აქვს ძირითადი ღირებულებები და რწმენა, რაღაც მიზეზი არსებობისთვის. Think different. Just do it. როცა ჩვენ ღირებულებებს ვაყალიბებთ და მიზანს განვსაზღვრავთ, ანალოგიური ღირებულებების მქონე ადამიანებსაც ვიზიდავთ.
- ხატები — ეს მყისიერად მიუთითებს იმაზე, თუ ვინ ხართ თქვენ. აქ მხოლოდ ბრენდის ლოგო კი არ იგულისხმება, არამედ პროდუქტის დიზაინი, შეფუთვა, გამოცდილება და გარემო, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ.
- რიტუალები — თქვენი ავტომობილი ხატია, სამსახურში წასვლა კი რიტუალი. ამასთან, Netflix-მა და Youtube-მა ძირეულად შეცვალა ტელევიზორის ყურების ჩვევა. აქ დიდია სმარტფონების როლიც: ძიება, შეტყობინებების გაგზავნა, ტვიტები, სელფები, ფაილების ატვირთვა, ეს ყველაფერი რიტუალია.
- სპეციფიკური სიტყვები — ყველა ბრენდის საზოგადოება ქმნის საკუთარ ლექსიკონს, რომელიც მისი წევრებისთვის გასაგებია, მაგრამ არა, სხვა პირებისთვის. თუ ბრენდის საზოგადოებებს ეროვნებასავით მივუდგებით მაშინ, საჭირო გახდება ფრანგულის, ინგლისურის, ჩინურისა თუ სხვა ენების შესწავლა. მაგრამ თუ ამას უფრო ვიწრო ჭრილში განვიხილავთ, ალბათ, მედიცინის, მარკეტინგის, იოგისა და სხვა სფეროების ტერმინების სწავლა დაგვჭირდება.
- „ათეისტები“ — ყველა ბრენდს ჰყავს „ჰეითერები“, ადამიანები, რომელთაც არ სურთ, კონკრეტულ საზოგადოებაში ყოფნა. ეს მარტივად გასაგები გახდება, თუ Mac-სა და PC-ს ერთმანეთს დავუპირისპირებთ. თან, აქ ვერავინ გეტყვით, რომ რისიც გწამთ, არასწორია.
- ხელმძღვანელი — ყველა ბრენდის საზოგადოებას ჰყავს ლიდერი, გმირი ან ინოვატორი, რომელმაც საკუთარი ხედვით სამყარო გარდაქმნა…
ამ შვიდი ეტაპის გავლით კი ბრენდები რწმენის სისტემებს ქმნიან, რომლებიც სხვებსაც იზიდავს… თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მერვე ხელსაწყოც, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: როგორ უნდა განაწილდეს ეს 7 ელემენტი სოციალურ, ციფრულ და ტრადიციულ მედიებში? დღეს გამორჩეული ბრენდინგის შექმნა სწორედ ამ 7+1 ინსტრუმენტით არის შესაძლებელი.