1970-იანი წლები იყო თამამი, გარდამტეხი ათწლეული დიზაინის სფეროსთვის. გამონაკლისი არც ტიპოგრაფიაა, რომლის ტენდენციებიც მაშინ ცოტა ფუტურისტულ და ცოტაც თამაშების სტილს მოიცავდა.
ამ სტატიაში წარსულში ვიმოგზაურებთ და ვნახავთ, ტიპოგრაფიის როგორი ტრენდები იყო გავრცელებული ამ დროს.
- Baby Teeth
ცნობილი ნიუ-იორკელი შემოქმედი მილტონ გლეიზერი ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომელიც თითქმის ყველა გრაფიკოსმა დიზაინერმა იცის. ის ცნობილია თავისი საკულტო ლოგოთი I ❤️ New York, ასევე, DC Comics-ისთვის მუშაობით, თუმცა მას ეკუთვნის Baby Teeth ტიპოგრაფიაც, რომელიც 1968 წელს გამოვიდა და გახდა შემდეგი ათწლეულის კონტრკულტურული მოძრაობების განმსაზღვრელი შრიფტი.
- Stop
იგი ბაზარზე გამოვიდა, როგორც „ახალი ანბანური ნიშანი…ახალი გრაფიკული იდეების ძიებაში“. მის ასოებს ეტყობოდა უკიდეურესად სტილიზებული ფორმა და სპეციალურად იყო შექმნილი მიმზიდველი ლოგოების, ინიციალებისა და მონოგრამების შესაქმნელად.
- ITC Avant Garde Gothic
ჰერბ ლუბალინის და ტომ კარნაზის მიერ 1970 წელს შექმნილი ITC Avant Garde Gothic არის გეომეტრიული sans serif შრიფტების ოჯახი. ის ოსტატურად აერთიანებს თანამედროვე, მინიმალისტურ ესთეტიკას და ასახავს იმ თაობის სულს, რომელსაც სურდა გათავისუფლებულიყო წარსულის შეზღუდვებისგან და მოეცვა მომავალი.
- Trooper Roman
ეს ტიპოგრაფია 1974 წელს დეივ ტროპერის მიერ შეიქმნა. ეს არის 70-იანი წლების კლასიკური დიზაინი, რომელიც დიზაინის დახვეწილ ელემენტებს სთავაზობდა მაშინდელ ინდუსტრიას.
- Cooper Black
Cooper Black არის ულტრათამამი სერიული შრიფტი, რომელიც შექმნილია ოსვალდ ბრიუს კუპერის მიერ და პირველად გამოუშვა Barnhart Brothers & Spindler-ის ქარხანამ 1922 წელს. თავისი გამორჩეული მომრგვალებული ფორმებითა და სქელი შტრიხებით შესანიშნავად გამოხატავდა ეპოქის მეამბოხე სულს.
- Calypso
ფონტი შექმნილია როჯერ ექსკოფონის მიერ, დამზადებულია ხოსე მენდოზა ი ალმეიდას დახმარებით და გამოშვებულია Fonderie Olive-ის მიერ. Calypso არის ექსპერიმენტული შრიფტი მიმზიდველი მახასიათებლებით, რომელიც პოპარტის კატეგორიაში გადის.
- Frutiger
1970 წელს ცნობილ შვეიცარიელ დიზაინერს, ადრიან ფრუტიგერს დაევალა დიზაინის შექმნა პარიზის ახლად აშენებული შარლ დე გოლის აეროპორტისთვის. აეროპორტის უზარმაზარი ფართობი და რთული განლაგება მოითხოვდა შრიფტს, რომელიც კარგად იკითხება და ვიზუალურადაც მიმზიდველია, თუნდაც შორიდან.
- ITC Serif Gothic
ჰერბ ლუბალინისა და ტონი დი სპიგნას მიერ 1972 წელს შექმნილი ITC Serif Gothic შრიფტის ისტორია დაიწყო უარყოფილი ლოგოს ესკიზით, რომელიც შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო ხატულა გახდა და დაამშვენა „ვარსკვლავური ომების” ორიგინალური პლაკატებიც.