in

7R – მდგრადი მოდა ზუგდიდიდან, ბიზნესი და ნარჩენების მართვის შვედური მოდელი

„ამეკვიატა იდეა, რომ ეს აუცილებლად ზუგდიდში უნდა გავაკეთო“…

Startauperi
Startauperi

„გარემოს დაცვის გამო, კერვასაც ვისწავლი და მდგრადი მოდის პოპულარიზაციასაც შევძლებ“

მარი ბენდელიანი თბილისიდან ზუგდიდში, დაახლოებით, ერთი წლის წინ გადავიდა – უკვე არსებული სოციალური საწარმოს „მწვანე საჩუქარი“ ყოველდღიურობიდან რეგიონულ საქმიანობაზე გადასვლა გადაწყვიტა. ადგილობრივ თანამოაზრეებთან ერთად, ნარჩენებისთვის მართვის ბიზნეს საქმიანობად ქცევა და გარემოს დაცვაზე მუშაობა განიზრახა. სოციალურმა საწარმომ 7R – ნარჩენების მდგრადი მართვის შვიდი პრინციპი მოიცვა: Rethink, Reduce, Refuse, Repurpose, Reuse, Recycle, Repair.

მარი ბენდელიანი

„7R-ის მთავარი დანიშნულება ნარჩენის შემცირება და რესურსების მდგრადი სარგებლობის პოპულარიზაციაა, ამავდროულად, დასაქმებისა და მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობა რეგიონში. სამკერვალო სახელოსნოს გარდა გვექნება ავეჯის აღდგენისა და ელექტრო მოწყობილობების შეკეთების სახელოსნო, ჩვენს საწარმოში შეგროვებული სხვადასხვა ტიპის ნივთები და ნარჩენები, აღდგენის ან გადაკეთების შემდგომ იქვე არსებულ ნულოვანი ნარჩენის მაღაზიაში გაიყიდება ხელმისაწვდომ ფასად,“ – გვიამბო 7R-ის თანადამფუძნებელმა, მარი ბენდელიანმა.

M: 7R-მდე „მწვანე საჩუქარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყავი და მაკულატურის გადამუშავებით ქმნიდით ახალ ნივთებს. როგორ აღმოჩნდი მაკულატურიდან ნაჭრების ნარჩენებში?

ზოგადად ნარჩენების მართვა არის ის მიმართულება, რომლითაც ვარ დაინტერესებული და ჩემი მიზანია გარკვეული წვლილი შევიტანო ამ სექტორის განვითარებაში. თუმცა ამავდროულად, მაქვს პასუხი კითხვაზე რატომ მაინდამაინც ქსოვილები? ქსოვილების ნარჩენების წარმოქმნა მსოფლიოში რიგით მეორე ადგილზეა პოლიეთილენის შემდგომ, ყოველწლიურად წარმოქმნილი ტექსტილის 85% ნაგავსაყრელზე ხვდება. ასევე, მოდის ინდუსტრიის გამო, წყლის რესურსების არამდგრადი გამოყენება და დაბინძურება ხდება. ყოველწლიურად, ჩვენ მიერ წარმოქმნილი სათბური აირების 10% სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის და ა.შ. ამ და სხვა ფაქტორების გამო, გადავწყვიტეთ ჩვენი საწარმოს პირველი სახელოსნო სწორედ მდგრადი მოდის ხელშეწყობისთვის გაგვეხსნა.

აქვე ვიტყვი, რომ მოდის ინდუსტრიაში ვერ ვერკვევი და კერვაც მოყვარულის დონეზე ვიცი, ყოველდღე ვსწავლობ ჩემ თანამშრომლებთან ერთად. ყველას უკვირს, კერვა თუ არ იცოდი სამკერვალო რატომ გახსენიო, ჰოდა, ვპასუხობ გარემოს დაცვის გამო, კერვასაც ვისწავლი და მდგრადი მოდის პოპულარიზაციასაც შევძლებ.

M: დაახლოებით, 1 წელია, თბილისიდან ზუგდიდში გადახვედი საცხოვრებლად. როგორ განვითარდა შენი, როგორც სოციალური მეწარმის გზა, მას შემდეგ?

გასული წლის აგვისტოში ჩემს საყვარელ „მწვანე საჩუქარს“ დავემშვიდობე, რადგან ახალი იდეების განხორციელება მინდოდა. ძალიან ვღელავდი, არჩევანის გაკეთება რომ მიწევდა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე, მოვერიე ჩემს თავს და გადავწყვიტე. დიდი ხანია ასეთი სივრცის მოწყობა მინდოდა, გასულ გაზაფხულს (დიახ, „გაგანია“ პანდემიაში) ამეკვიატა იდეა რომ ეს აუცილებლად ზუგდიდში უნდა გავაკეთო. ერთ დღეს, ოჯახს გავუმხილე ჩანაფიქრი და მხარი დამიჭირეს, მერე უკვე სექტორ 3-ისა და მწვანე საჩუქრის გუნდის წევრებს (ორივეგან ვმუშაობდი).

ყოველთვის ვფიქრობდი რომ მსგავსი იდეების განხორციელების დიდი პოტენციალი სწორედ რეგიონშია. ამასთან, ზუგდიდი ძალიან ამბიციური ისტორიისა და მომავლის მქონე ქალაქია. არის კიდევ ერთი მიზეზი – სახლში (ტყვარჩელში) თუ ვერ ბრუნდები, სახლთან უფრო ახლოს მაინც ვიქნები.

M: როდესაც მსგავსი ტიპის საქმიანობაზე საუბრობენ, ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ასეთი სახის ბიზნესი ნაკლებად მოგებიანია. როგორია შენი შეხედულება – რამდენად მოგებიანი შეიძლება იყოს 7R?

როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სოციალური საწარმო თავისუფლად შეიძლება იყოს მდგრადი შემოსავლების მქონე ბიზნესი, თუ სწორად დაგეგმავ საქმიანობას და მართავ.

მე მეჯრა რომ 7R-ის სივრცის სრულად ამოქმედების შემდეგ იმდენად მრავალფეროვანი სივრცე, პროდუქტი და მომსახურება იქნება შეთავაზებული საზოგადოებისთვის, რომ თითოეული სივრცე თუ სახელოსნო იქნება მოგებიანი. რაკი, სოციალური საწარმო ააიპ-ის სტატუსით მოქმედებს, საკუთარი შემოსავლები და მოგება ისევ საწარმოს და მის მიზნების განვითარებას უნდა მოახმაროს, რაც მეტ სარგებელ მოუტანს თემს, ქალაქსა და რეგიონს.

 

გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, დავზოგავთ და ხელახლა გამოვიყენებთ ისეთ ნარჩენებს როგორიც არის ქსოვილები, ავეჯი, ელექტრო მოწყობილობები. ჩვენსავე სახელოსნოებში აღვადგენთ ნივთებს და ხელმისაწვდომ ფასად გავყიდით. ასევე, დავახარისხებთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და გადამუშავების მიზნით, კერძო სექტორს გადავცემთ. ყველა სივრცის სრულად ამუშავების შემთხვევაში, ჯამში, 50 ადამიანი დასაქმდება.

M: როგორ შემოიკრიბე ადამიანები რომლებიც ახლა 7R-ს ქმნიან?

7R-ს ვქმნით მე, სალომე წიქვაძე და კიდევ ორი ოქროსხელება გოგო – ნანა გაბელია და სოფიკო კვარაცხელია. მე და სალომე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთმანეთს სხვადასხვა იდეის „დავარცხნასა“ და შემდეგ, განხორციელებაში ვეხმარებით. თან, მას ბევრი ინტერესი და უკვე დაგროვილი გამოცდილება აქვს, რაც ასე ღირებულია ჩვენი გუნდისთვის. უშუალოდ მდგრადი მოდის სახელოსნოს თანამშრომლებს რაც შეეხება, კონკურსის გზით შევარჩიეთ მოტივირებული ადამიანები, ვისთვისაც უცნაურად არ ჟღერდა, ქსოვილის ნარჩენებისაგან ახალის შექმნა რომ მოუწევდათ. საწარმოს უკვე ბევრი გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს. მათი მხარდაჭერა შეუცვლელია.

M: რა სახის პარტნიორობით ხართ დაინტერესებული?

7R-ის სივრცის მოსაწყობად, მარტო ჩვენი გუნდი არაა საკმარისი, როგორც ყველა საქმეში, აქაც მნიშვნელოვანია ინტერსექტორული თანამშრომლობა. ჩვენ ვეძებთ სივრცეს, სადაც შევძლებთ ამ ყველაფრის განთავსებას, ვფიქრობთ, ადგილობრივ თვითმმართველობას ამ მხრივ დიდი წვლილის შეტანა შეუძლია – ზუგდიდში უამრავი ძველი ქარხანა თუ უფუნქციო შენობაა, რომლის აღდგენა გარკვეული რესურსების მობილიზებით შესაძლებელი იქნება. აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების ფინანსური თუ ადამიანური რესურსით მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფინანსური მხარდაჭერა შესაძლოა იყოს გრანტი, სესხი ან ინვესტიცია. საწარმოს განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მოვიაზრებთ კერძო ინვესტიციების მოზიდვას, მაგალითად, მაღაზიისა და კაფესათვის… და ბოლო, ყველაზე მთავარი, მაინც საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაა – ნარჩენების მართვა წარმოუდგენელია, საზოგადოების ჩართულობის გარეშე.

M: გეგმებზე გვესაუბრე…

მდგრადი მოდის სახელოსნოს სამომავლო გეგმაში შედის შევქმნათ ხარისხიანი, ეკომეგობრული ტანსაცმელი და აქსესუარი, ყოველდღიურო მოხმარებისთვის. უკვე მალე გვექნება მაისურები და ქვედაბოლოები, რომელსაც სხვადსხვა სახელოსნოსა თუ მაღაზიაში აღმოჩენილი ტექსტილის მცირე ნაწილებისაგან ვქმნით. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს – ტექსტილის დიზაინერთან ეკატერინე გეგუჩაძესთან ერთად ვგეგმავთ, შევქმნათ ყოველდღიური, პრაქტიკული ტანსაცმელი, ეროვნული ქსოვილის დეტალებით. ამ პროექტში ჩართული ადამიანების უმეტესობა, მათ შორის მეც და ეკატერინეც, აფხაზეთიდან დევნილები ვართ, შესაბამისად, პირველი ჩვენებისთვის სიმბოლურად სწორედ აფხაზეთი შევარჩიეთ, როგორც მონატრებისა და მომავალი შეხვედრის სიმბოლო. პირველი ჩვენებისთვის შეიქმნება სიმბოლურად 13 სამოსი, აფხაზურ სტილში, რომლის ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში მოეწყობა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გადაწყვეტილებები, რომელმაც შექმნა „მეამა” – ლუკა კაპანაძე, ნათია ჩომახაშვილი

იაპონური სამზარეულოს ხასიათი და თავისებურებები „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანიაში – რას გვიამბობს გურამ ბაღდოშვილი