in

7 რჩევა ჩვენს ორგანიზაციაში Agile მეთოდოლოგიის დასანერგად

თუ ბოლო პერიოდში თქვენც ჩვენსავით ხშირად გხვდებათ თვალსა და ყურში სიტყვა Agile, მაგრამ კარგად არ ხართ გათვითცნობიერებული, რა არის და რატომ უნდა გამოიყენოთ ის საკუთარ კომპანიაში, მაშინ მოგვყევით – ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. 

ფაქტობრივად, არცერთი კომპანია თუ სტარტაპი არ არსებობს პროექტების გარეშე. პროექტს ყოველთვის ჰყავს მენეჯერი და შემსრულებელი გუნდის წევრები სხვადასხვა პოზიციით, მაგრამ გიკითხავთ ოდესმე თქვენი მენეჯერისთვის, რა მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით მოქმედებს? იქნებ ეს ეჯაილის მეთოდია? Agile პროექტების მართვის მსოფლიოში ცნობილი და გავრცელებული მეთოდოლოგიაა. ის აგებულია პრინციპებზე, რომლებიც ეხმარება გუნდის წევრებს, მენეჯმენტსა და დამკვეთებს პროცესების უმტკივნეულოდ და ეფექტურად დაგეგმვასა და განხორციელებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება ეჯაილში არის უკუკავშირები, რომლებიც პროცესის გაუმჯობესებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. 

იმისათვის, რომ ეჯაილის სიღრმეებს უკეთ გავცნობოდით, გიორგი მიქაცაძეს გავესაუბრეთ, რომელიც არის Senior Agile Coach • Chapter Lead საქართველოს ბანკში:

M: ეჯაილის მეთოდოლოგია ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა პროექტების მართვის მიმართულებით. მოდი, პირველ რიგში, გვითხარით, მენეჯმენტის სხვა მეთოდებისგან რით განსხვავდება ეჯაილი და რამ განაპირობა მისი პოპულარობა?

მარტივ ენაზე რომ განვმარტოთ – ეჯაილი არის მართვის მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მისი დანერგვის მერე იმაზე მოქნილები გახდნენ, ვიდრე მანამდე პოზიციონირებდნენ ბაზარზე. 

წლების განმავლობაში კომპანიების მართვის საკმაოდ აპრობირებულ მეთოდოლოგიად ითვლებოდა waterfall. რაღაც პერიოდის შემდეგ მას გარკვეული მანკიერებები აღმოაჩნდა და როგორც ხდება ხოლმე, ამ დროს კომპეტენტური ადამიანების ჯგუფებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა მეთოდოლოგია იყო ისეთი, რომელიც ამ მანკიერებებსა და პრობლემებს მოაგვარებდა. აშშ-ის ერთ-ერთი ზამთრის კურორტზე შეიკრიბა 17 წარმატებული დეველოპერი და შეიმუშავა ახალი მოდელი, რომელსაც დღეს უკვე ეჯაილის სახელით ვიცნობთ. შეიქმნა 12 ძირითად პრინციპზე დაფუძნებული მანიფესტი, რომელმაც მეტი მოქნილობა, მეტი სისწრაფე, სტაბილურობა და გამჭვირვალობა შესთავაზა მომხმარებლებს. სწორედ ამან გახადა ეს მეთოდოლოგია პოპულარული.

M: რით ხასიათდება Agile მეთოდოლოგია, როგორ მუშაობს ის?

Agile-ს შემთხვევაში, პიროვნებები და ურთიერთქმედებები უფრო წინაა დაყენებული, ვიდრე პროცესები და ინსტრუმენტები. პიროვნებები და ურთიერქმედებები უფრო მარტივად ადაპტირებადია და ერგება გარემოსაჭიროებებს, ვიდრე პროცესები და ინსტრუმენტები. ეს კი 21-ე საუკუნეში ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეჯაილი კომპანიას საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილად ეთანამშრომლოს დამკვეთს/კლიენტს, ის არ აქცევს კომპანიას მკაცრ ჩარჩოებში. გარდა ამისა, ეჯაილი საშუალებას გვაძლევს, პროექტის ფარგლებში ცვლილებებზე უფრო მარტივი რეაგირება გვქონდეს, ვიდრე ეს სხვა, უფრო მოძველებულ მეთოდოლოგიებშია.

M: თქვენი ინფორმაციით, რამდენად გავრცელებულია ეჯაილის მეთოდი ქართულ კომპანიებში და რამდენად მაღალია მოთხოვნა მის შესწავლაზე?

დიახ, მოთხოვნა ნამდვილად მაღალია. განსაკუთრებით ისეთი კომპანიების მხრიდან, რომლებიც თავიანთ მომხმარებელთან უშუალო შემხებლობაში არიან. დაახლოებით 2018 წლიდან აქტიურად დაიწყო საქართველოში შემოსვლა ეჯაილმა. ერთ-ერთი პირველები იყვნენ საქართველოს ბანკი, თიბისი, აჭარა გრუპი, IT კომპანიები, ერთი სიტყვით, ისეთი დიდი ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა უცხოურ რესურსებზე. ეს იმპლემენტაციის პროცესი დღესაც გრძელდება და არიან კომპანიები, რომლებმაც უკვე წარმატებით დანერგეს და რომლებიც ახლა ნერგავენ ეჯაილს თავიანთ საქმეში. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც შემოდის, არის, რომ ზოგიერთი კომპანია კლასიკურ მოდელს მიჰყვება, ხოლო ზოგს თავისი კორექტივები შეაქვს. ამ მხრივაც მოქნილია ეჯაილი, რომ გუნდს მისცეს თავისუფლების საშუალება და მეტ-ნაკლებად შეიტანოს თავისი მიდგომები ამ მეთოდოლოგიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, პროფესიონალური რეკომენდაციაა, რომ რაც უფრო მიჰყვები ძირითად პრინციპებს, უფრო სრულყოფილი იქნება მართვის პროცესი.

არის ბევრი კურსი, მათ შორის მეც მაქვს ჩემი კურსი, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებს ვასწავლით ეჯაილისა და მისი ფრეიმვორკების პრინციპებს.

M: და ბოლოს სტატიის მთავარ თემას რომ გავცეთ პასუხი და ჩამოვთვალოთ 7 რჩევა, თუ რატომ უნდა დანერგონ კომპანიებმა ეჯაილი?

ჯერ ძალიან ზოგადად გიპასუხებთ – Agile უნდა დავნერგოთ იმიტომ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ. ეს ყველგან ეგრეა – როცა რაღაც ახალს ნერგავ, ამას იმისთვის აკეთებ, რომ პრობლემული საკითხები მარტივად უნდა გადაჭრა. რაც შეეხება პუნქტებს, მოდი, მივყვეთ:

  1. პირველი არის ის, რომ ეჯაილით მართვის შემთხვევაში, გუნდს აქვს ნაკლები სტრესი იმისა, რომ რაღაცას „ტყუილად” აკეთებს. ხშირად მტკივნეული ნაწილი პროექტზე მუშაობისა ისაა, რომ რაღაცას აკეთებ 6 თვე, მიდიხარ მომხმარებელთან და ის გეუბნება, რომ ეს პროდუქტი არ უნდოდა. სწორედ ასეთი შემთხვევებისგან თავის დასაცავად არის ეჯაილიც, რომლის დროსაც მომხმარებელთან მუდმივად ხარ კომუნიკაციაში და მუდმივად იღებ მისგან უკუკავშირს.
  2. იდეის ღრმა ანალიზი vs პროტოტიპირება – თუ სხვა მეთოდოლოგიებში იდეის დამუშავება და ღრმა ანალიზი იყო პრიორიტეტი, ეჯაილში პროტოტიპირება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკვე ხელშესახები შედეგი დავინახოთ. ეს, რა თქმა უნდა, პირველადი და მცირე შედეგია, მაგრამ საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ, რამდენად ვალიდურია იდეა.
  3. ციკლური და იტერაციულ-ინკრემენტული პროცესია ეჯაილი. შეიძლება ცოტა რთული სიტყვებია, მაგრამ ვეცდები, განვმარტო. ციკლური ნიშნავს, რომ ის განგრძობითად მიმდინარეობს; იტერაციული მოიაზრებს იმას, რომ ის პატარა იტერაციებად მიმდინარეობს – გავაკეთეთ რაღაც, მივედით მომხმარებელთან, ვკითხეთ აზრი და მერე გავაგრძელეთ. ინკრემენტული კი იმას ნიშნავს, რომ ყველა იტერაციას თავისი ხელშესახები გამოცდილება გააჩნია. მაგალითად, თუ მივალ და შევთავაზებ მანქანის მაკეტს, რომელსაც აკლდება რაღაც ფუნქციები, ამით გავიგებ, რამდენად მისაღებია მისთვის ეს ტრანსპორტი და ამის მიხედვით დავამატებ კლიმატ კონტროლს, ავტოპილოტს და ა.შ. 
  4. კომუნიკაციის გაუმჯობესება – გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ვთქვით, ეჯაილში ადამიანები და ურთიერთქმედებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დოკუმენტები, ბევრად ეფექტურ შედეგს იძლევა როგორც მომხმარებელთან, ისე გუნდისწევრებს შორის მყისიერი კომუნიკაცია და რეაგირება პროცესის ყველა მხარეზე.
  5. უკუკავშირის ციკლები – აქ მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლის, ისე თავად შიგნით, გუნდებს შორის უკუკავშირები იმისთვის, რომ პროცესები იყოს გაცილებით ეფექტური. ერთმანეთს მუდმივად ვაძლევთ ფიდბექს იმაზე, თუ რა წარიმართება კარგად, რა არის გამოსასწორებელი.
  6. გუნდის შესრულება – წარმოდგინეთ, გუნდი ისე მუშაობდეს, რომ ერთმანეთში არ ლაპარაკობდეს. მაგალითად, კალათბურთის გუნდი ისე გადიოდეს მოედანზე, რომ მანამდე სტრატეგია არ ჰქონდეს შემუშავებული…ეჯაილში და მის ფრეიმვორკებში არის ცერემონიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მუდმივად გვქონდეს გუნდური კომუნიკაცია. 
  7. ხარისხიანი პროდუქტი – ეს არის ეჯაილის მთავარი მიზანი. ხარისხიანი პროდუქტი არ ნიშნავს, რომ კარგი რაღაც გავაკეთე, გავუშვი და მორჩა, ხარისხიანი პროდუქტი ნიშნავს შემდგომ მხარდაჭერასაც. ეჯაილი გვეხმარება, რომ მომხმარებლის საჭიროებებზე სულ ყური გვქონდეს მიდებული, ვითვალისწინებდეთ და ამის მიხედვით ვქმნიდეთ ხარისხს. 

შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ ის, რაც ყველა ადამიანმა ეჯაილზე უნდა იცოდეს, ისაა, რომ ორგანიზაციას თუ სურს, ბევრად ეფექტური იყოს მისი პროცესები, სწორად იყოს განაწილებული როლები და ა.შ., მაშინ ამაში ეჯაილის მეთოდოლოგია ყველაზე კარგად დაეხმარება. ის არის ახალ ეტაპზე გადასვლა და არ ნიშნავს, რომ თუ მე ხვალ ეჯაილით მუშაობა დავიწყე, მორჩა, ყველაფერი თავისით დალაგდება. ეჯაილი ნიშნავს მისი პრინციპების დაცვას, ყოველდღიურ მუშაობასა და ენერგიის ჩადებას იმაში, რომ ამ მეთოდოლოგიის მთელი ძალა და ეფექტურობა საკუთარ ორგანიზაციაში ვიგრძნოთ. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ვებსტერ უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა!

როგორ გამოიყურება საქართველოს ავტობაზა, რომელი მოდელებია პოპულარული?