7UP-მა განახლებული ბრენდის იდენტობა სულ ახლახან წარმოგვიდგინა და ეს 7 წლის მანძილზე PepsiCo-ს მიერ განხორციელებული პირველი ცვლილებაა. ნეტავ, ამას სიმბოლური დატვირთვაც ხომ არ აქვს? ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, მომდევნო შვიდ წელში მივიღებთ, მანამდე კი მოდით, ახალ შეფუთვას დავაკვირდეთ. იგი კვლავ სასმლის დამახასიათებელ მწვანე ფერს ინარჩუნებს, მაგრამ აქ უკვე ახალ სლოგანს იხილავთ: New Get Up, Same 7UP, რომელსაც თან ახლავს ციტრუსის ელემენტები, რათა მისი გემოს „ნატურალობა“ უკეთ შეიგრძნოთ…
თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რომ ახალ შეფუთვას თაროებზე იპოვით, რადგან კომპანიის თქმით, ახალი დიზაინის მქონე 7UP-ისა და 7UP Zero-ს ქილები გაყიდვაში მარტიდან ჩაეშვება. მართალია, მისი მოყვარულებისთვის მწვანე კარგად ნაცნობია, თუმცა დიზაინში ციტრუსისა და კონტრასტული ხაზების დამატება ნამდვილად შემატებს მას ახალ ენერგიას. ამასთან, ბრენდს სურს, მომხმარებლებამდე მთელ მსოფლიოში „მოულოდნელი გზებით“ მივიდეს.
„UPliftment-ის კონცეფცია მსოფლიოში ყველა ადამიანს უნდა შეეხოს. 7UP-ის ახალი ვიზუალური იდენტობა შთაგონებული იყო ბრენდის ისტორიაში მისივე შექმნილი ამაღელვებელი მომენტებით. PepsiCo Design & Innovation-ის გუნდმა ნათელი და თავდაჯერებული ვიზუალური იდენტობის სისტემა შექმნა, რომელიც გავრცელდება კულტურებს, რეგიონებსა და ენებს შორის“, — აცხადებს მაურო პორჩინი, PepsiCo-ს მთავარი დიზაინერი.