in

7 წინადადება, რომელიც ფრილანსერებს არ უნდა ვუთხრათ საქმიან ურთიერთობაში

თანამედროვე სამყარომ, დისტანციური სამუშაო ადგილების ზრდამ, ტექნოლოგიებმა და ამ მიმართულებით მომუშავე ხალხის მოზღვავებამ უკვე არც ისე ცოტა ხანია ერთი საინტერესო მიმართულება, ფრილანსერობა შექმნა. ფრილანსერები შტატგარეშე თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტული პროექტის ფარგლებში ერთვებიან ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაში და მას თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე სამუშაოს უწევენ. ამ სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ კი შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. ზოგჯერ კომპანიები ერთი და იგივე პიროვნებასთან დიდი ხნის განმავლობაში, იმ ინტერვალებით თანამშრომლობენ, როცა მისი მომსახურება სჭირდებათ და ანაზღაურებაც ამის მიხედვით გამოითვლება. 

ერთი შეხედვით, ფრილანსერობა საკმაოდ კომფორტულია – არ გიწევს დილით ადრე ადგომა და კონკრეტულ საათზე სამსახურში გამოცხადება; დროს ისე ანაწილებ, როგორც შენთვისაა ხელსაყრელი; გაქვს შესაძლებლობა, მუშაობის პარალელურად ისწავლო, სხვა აქტივობებით დაკავდე; იმდენი პროექტი აიღო, რისი მოსწრებაც შეგიძლია და არა იმდენი, რამდენსაც ვინმე დაგავალებს – ერთი სიტყვით, ბევრი საინტერესო უპირატესობა აქვს ფრილანსერად მუშაობას, თუმცა, დავინტერესდით, როგორია ქართული ბაზარი ამ კუთხით, რა შეცდომები მოსდით როგორც თავად ფრილანსერებს, ისე მათ დამკვეთებსაც. რამდენიმე ფრილანსერს გავესაუბრეთ და გავიგეთ მათი „ტკივილები” საქმიანი მოლაპარაკებებისა თუ უშუალოდ პროცესის დროს. ამ გამოკითხვის საფუძველზე შევარჩიეთ ის 7 წინადადება, რომელიც არ უნდა უთხრათ ფრილანსერ ადამიანებს, თუკი მათი განაწყენება არ გსურთ. 

დავიწყოთ ყველაზე ხშირი შემთხვევით…

„რთულად არ შეხედო, მარტივად გააკეთე” – ამ ფრაზას თურმე ქართველ ფრილანსერებს ხშირად ეუბნებიან. ერთი შეხედვით, გამამხნევებელი და თითქოს საქმის გამამარტივებელი წინადადება ფრილანსერს არც ისე უხარია, რადგან იგი, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, მიიჩნევს, რომ თავად უნდა შეაფასოს შესასრულებელი სამუშაოს სირთულე თუ სიმარტივე. 

გარდა ამისა, ხშირად ერთი შეხედვით მინიმალისტური დავალება უფრო მეტ ფიქრს, მოკვლევასა და შესრულების სინატიფეს მოითხოვს, ვიდრე კომპლექსური. 

ფრილანსერების აზრით, ამ ფრაზის უკან სინამდვილეში, ნაკლებ ანაზღაურებაზე შეთანხმება დგას. 

თანხას მაშინ გადავიხდი, როცა საბოლოოდ დავადასტურებ ნამუშევარს” – ესეც საკმაოდ ხშირად გამოყენებული წინადადებაა, რომელსაც ფრილანსერები საქმიანი შეთანხმების დროს ისმენენ. მათი გამოცდილებით, ასეთ პირობაზე დათანხმება ხშირ შემთხვევაში, ფრილანსერისთვის წამგებიანია და იმაზე მეტ რესურსს ხარჯავს, ვიდრე ის ანაზღაურებაა, რაზეც დამკვეთთან არის შეთანხმებული. 

როგორც ფრილანსერები ამბობენ, ამ მიდგომის მიზეზი ისაა, რომ სამუშაო პროცესში ბევრჯერ გადააკეთონ პროდუქტი. ეს კი არა მხოლოდ ფრილანსერს, არამედ ხშირად პროექტსაც აზარალებს და დროში წელავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ფრილანსერი, რომელმაც ეს ფრაზა დაგვისახელა, გრაფიკული ან ვებდიზაინერი იყო.

ხვალამდე ხომ მომისწრებ?” – დრო, ისევე როგორც დამკვეთისთვის, შემსრულებლისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. რა ტიპის დავალებაც არ უნდა იყოს, ერთი დღე ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ფრილანსერმა შეძლოს მისი დასრულება. ჯერ ერთი, მას შეიძლება უკვე ჰქონდა სხვა ამოცანები და გეგმები კონკრეტული დღისთვის, მეორეც, ხვალამდე მოსწრება, ფაქტობრივად, ღამის გათენებას ნიშნავს, რაც არ ჯდება ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში.

„ცოტა გადამიკეთე” – როგორც ფრილანსერი დიზაინერები და ქოფირაითერები ამბობენ, ეს ფრაზა ყველაზე ხშირად ესმით. ერთი შეხედვით, ცოტა გადამიკეთეში არ უნდა იყოს პრობლემა და ფრილანსერები არასოდეს ამბობენ ხოლმე უარს ნამუშევრის კორექტურაზე, თუმცა ეს გადაკეთების პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და საბოლოო შედეგი საერთოდ არ ჰგავდეს იმ პირველ პროდუქტს, რაც თავდაპირველ ამოცანაში იგულისმებოდა.

„ვნახოთ, დავიწყოთ და თუ რამეა, გავზარდოთ ანაზღაურება” – ფრილანსერებისთვის ესეც მტკივნეული წინადადება აღმოჩნდა, რადგან მათი დაკვირვებით, როგორც წესი, მსგავსი ფრაზით საქმიანი ურთიერთობის დაწყება ნიშნავს დაბალი ანაზღაურების შეთავაზებას, რომელიც მართლა გაიზრდება თუ არა ოდესმე, არავინ იცის. 

 

„საცდელად გამიკეთე რამდენიმე ნიმუში და თუ მომეწონება, მერე ვითანამშრომლოთ” – როგორც წესი, ფრილანსერებს თავიანთი პორტფოლიო აქვთ ხოლმე, სადაც შეგვიძლია დავათვალიეროთ მათი ნამუშევრები და გადავწყვიტოთ, ვითანამშრომლოთ თუ არა ამა თუ იმ პიროვნებასთან. 

საცდელი ნიმუშების, თან მით უმეტეს, რამდენიმეს გაკეთება ფრილანსერისგან ბევრ რესურსს მოითხოვს. გარდა დროისა, მას უწევს გონებრივი რესურსების დახარჯვა, იდეის მოფიქრება, ფორმირება, გასაკეთებელი სამუშაოს გაცნობა და სხვა. გამომდინარე აქედან, კარგი იქნება, თუ ფრილანსერს თავიდანვე კონკრეტულ სამუშაოზე შეუთანხმდებით და გაუფრთხილდებით მის შრომას.

„9-ზე ვიწყებთ და 6-ზე ვამთავრებთ” – მიუხედავად იმისა, რომ სტატია ფრილანსერობაზეა და ეს თითქოს თავიდანვე იმას გვეუბნება, რომ აქ სტანდარტულად განსაზღვრული საათები არ უნდა არსებობდეს, როგორც აღმოჩნდა, ამ წინადადებას მაინც ხშირად ეუბნებიან ფრილანსერებს. ეს ძირითადად, საქმიან ურთიერთობას საფუძველშივე ამთავრებს ფრილანსერსა და პოტენციურ დამკვეთს შორის.

ამ ეტაპზე სულ ეს არის ჩვენი სია. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა შეთავაზებები, მოთხოვნებიც იყოს, რომლებიც ფრილანსერებს „გულზე ხვდებათ”, თუმცა ეს არის ის წინადადებები, რომლებიც ჩვენ მიერ გამოკითხულ სხვადასხვა პროფესიის ფრილანსერებს შორის ყველაზე აქტუალურია. დანარჩენი მსგავსი ფრაზების გახსენებას კი ჩვენს ფრილანსერ მკითხველს მივანდობთ…

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა მნიშვნელობა აქვს ძლიერ პაროლს ჩვენი ციფრული უსაფრთხოებისთვის და რა პერიოდულობით უნდა ვცვალოთ ის?

საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ “Bank of Georgia Update – ტექნოლოგიების დღეს”