in

ავტომობილების 8 მუზეუმი, რომლებიც ყველა ავტომოყვარულმა უნდა ნახოს

ავტომოყვარულებისთვის მანქანების მუზეუმის დათვალიერება ძალიან ამაღელვებელი მომენტია. ეს ხომ ის ადგილებია, სადაც შეგიძლია ახლოდან და პერსონალურად ნახო ისეთი მოდელები, რომლებიც ადრე მხოლოდ პრიალა ჟურნალებზე ან ინტერნეტში გქონდა ნანახი. ბევრი მუზეუმი ისტორიულ ავტომობილებს ინახავს და საშუალებას გვაძლევს, ამ ისტორიაში ჩვენც ვიმოგზაუროთ.

როგორც უკვე მიხვდით, ეს სტატია მანქანების ცნობილ მუზეუმებს ეძღვნება. ერთად გადავხედოთ მათ.

1. BMW Welt

თუ მანქანები გიყვართ და მიუნხენში მოხვდით, მოსანახულებელი ადგილების სიას ერთი გაჩერებაც დაამატეთ – BMW Welt მუზეუმი. გარდა იმისა, რომ თავად მუზეუმს დაათვალიერებთ, შეგიძლიათ მწარმოებლის ქარხნის ტურიც აიღოთ და შიგნიდან ნახოთ, როგორ კეთდება ყველასთვის საყვარელი მანქანები. 

აქვე დაათვალიერებთ უახლეს მოდელებს ან, უბრალოდ, დასხდებით და დატკბებით BMW-ს აურით, რომელიც თქვენ ირგვლივ იტრიალებს.

2. Mercedes-Benz-ის მუზეუმი

ეს მუზეუმიც გერმანიაში, ოღონდ შტუდგარდში მდებარეობს. ის არაჩვეულებრივი ადგილია თავად ბრენდის სულის შესაცნობად და ზოგადად, ავტოინდუსტრიის ისტორიის გასაგებად. 

ზოგიერთი მანქანა, რომელიც აქაა წარმოდგენილი, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გამოვიდა და ისინი საჯარო მოხმარების არ იყო. განსხვავებული სტილისა და აეროდინამიკის გამო ეს მოდელები სატესტო, თუმცა შთამბეჭდავ ავტომობილებად დარჩა. 

3. Porsche Museum

როგორც ჩანს, შტუდგარდი მხოლოდ მერსედესის მუზეუმით არ იწონებს თავს. აქ ლეგენდარული ბრენდის, პორშეს მოყვარულებიც იჯერებენ გულს საყვარელი ბრენდის მოდელების ნახვით. ამ მუზეუმში წარმოდგენილია როგორც Porsche 918-ის პირველი პროტოტიპი, ისე ნებისმიერი სხვა მოდელი, რომლის შესახებაც იცოდით ან შეიძლება არც გაგიგიათ.

4. Petersen Museum

ლოს ანჯელესში, ანგელოზების ქალაქში მდებარე ეს მუზეუმი საკულტო ავტომობილებითაა სავსე. შეიძლება ითქვას, ის მოიცავს ყველაზე უნიკალურ მანქანებს, რაც კი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეგიძლიათ ნახოთ. მათი უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა აქ ისეთი მანქანებიც ინახება, რომლებიც შეიძლება არც არასოდეს გქონდათ გაგონილი. ბევრ ახალთან ერთად, აქ ძველი მოდელებიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ. აქ იხილავთ როგორც Ford GT40-ს, ისე ჯეიმს ბონდის Land Rover Defender-ს. 

5. Cité de l’Automobile

პარიზში მდებარე ეს მუზეუმი უამრავ ლამაზ და ისტორიულ მანქანას მოიცავს. აქ 1878 წლის მოდელების ნახვაც კია შესაძლებელი. მაგალითად, სარბოლო Bugatti-ს კლასიკური მანქანები და უცნაური მოდელები, რომლებიც მხოლოდ ერთეულების სახითაა წარმოდგენილი და მხოლოდ ეს მუზეუმი ინახავს.

მაგალითად, ეს. ფრანგი დიზაინერის, პოლ არზენსის მიერ შექმნილი „კვერცხი” (L’Oeuf). 

6. Audi Museum

ის გერმანიაში, ინგოლშტადტში მდებარეობს და Audi-ს კონცეპტუალურ მანქანებს აერთიანებს, მათ შორის ისეთებსაც წარმოებაში არასდროს რომ არ გამოსულა. აქ ნახავთ როგორც სარბოლო მანქანებს, ისე იმ კლასიკად ქცეულ მოდელებს, რომლებმაც ინდუსტრია ჩამოაყალიბეს და იმ მანქანებსაც, რომლებსაც აუდი დღესდღეობით აწარმოებს.

7. Henry Ford Museum

ჰენრი ფორდის მუზეუმი ისტორიული დაწესებულებაა მიჩიგანის შტატში. ის თავად ჰენრი ფორდმა დააარსა 1929 წელს, რათა ამერიკული ინოვაციები და ტექნოლოგია თაობებისთვის შემოენახა. მუზეუმი გარე და შიდა სივრცეებს მოიცავს. დამთვალიერებელს აქ ისეთი მოდელების ნახვა შეუძლია, როგორებიცაა: ჯონ კენედის საპრეზიდენტო ლიმუზინი, Model T და ცხენების ეტლიც კი. 

8. Ferrari Museum

მართალია, იტალიაში იმდენი რამაა სანახავი, ადამიანს შეიძლება ერთი ცხოვრებაც არ ეყოს, მაგრამ თუ ავტომოყვარული ხართ, დაიტოვეთ დრო Ferrari Museum-ის დასათვალიერებლად. ის თავად მწარმოებლის სათავო ოფისთან და ქარხანასთან ახლოს, მარანელოში მდებარეობს. აქ უამრავი ძვირფასი მანქანაა, მათ შორის ისინი, რომლებიც ფორმულა 1-ში მონაწილეობდნენ და რამდენიმე გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

მსოფლიოში კიდევ ბევრი ავტომუზეუმია, რომლებშიც ასევე არაჩვეულებრივი მანქანები იყრის თავს. ვეცადეთ, ყველაზე ცნობილები აგვერჩია და თქვენთვის მათზე ინფორმაცია მოგვეწოდებინა. თუ ამ რომელიმე ქალაქში მოხვდებით, გაიარეთ ავტომუზეუმში და შემდეგ ჩვენი სტატიაც გაგახსენდებათ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ზაზა ფაჩულიამ თბილისში კალათბურთის აკადემიის მეორე ფილიალი გახსნა

ლიბერთის თანადგომით, ცაგერის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში „ვეფხისტყაოსნის“ 30 უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა გამოიფინა