გამოცდილებაზე დაფუძნებული მარკეტინგი კვლავაც მარკეტინგული ზრდის ერთ-ერთ მთავარ არხად რჩება, რადგან ბრენდები ცდილობენ მომხმარებლებთან რეალურ დროსა და სამყაროში იყვნენ ხელმისაწვდომი. დღეს სრულიად ციფრული მედიის სივრცეში ვცხოვრობთ, სადაც კონკურენცია სასტიკია და როგორი კრეატიული კონტენტიც არ უნდა დადო, ერთი ასქროლვის შემდეგ ის ყველას მარტივად ავიწყდება.
ამ პირობებში ისმის კითხვა, არსებობს თუ არა საშუალება, ისეთი გამოცდილება შევთავაზოთ აუდიტორიას, რასაც ციფრული ტექნოლოგიები ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა მარტივი მისაღწევი არ არის. ეს არის ბრენდის ისტორიაში მოგზაურობა, ემოციური კავშირის დამყარება და საკუთარი თავის ამ ბრენდთან გაიგივება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ უახლეს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ფიზიკური ბრენდის გამოცდილების შექმნისას:
ჩართეთ ემოციები
ეს მეექვსე გრძნობის გაღვივებას ჰგავს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორი ემოცია უნდა გამოიწვიოს პროდუქტმა?“ შემდეგ კი შექმენით გამოცდილება ისე, რომ ეს გრძნობა გააცოცხლოთ.
ბრენდის გზავნილის ხელახლა ჩამოყალიბება
ბრენდები ხშირად ძალიან მკაცრად განსაზღვრავენ, თუ რა სავალდებულო შეხების წერტილები უნდა იყოს ჩართული მომხმარებლის გამოცდილებაში, რათა უზრუნველყონ ბრენდის ყველა ძირითადი მახასიათებლისა და პროდუქტის უნიკალური მახასიათებლების მიწოდება.
ამ დროს მნიშვნელოვანია კრეატიული გუნდის როლი, რომლის მისიაცაა, გამოცდილება მომხმარებლის თვალით დაინახოს, ბრენდის ისტორია ცალკე გამოყოს და ისე გადაწეროს, რომ მომხმარებელი აღაფრთოვანოს.
გამოცდილი სააგენტოები დამწყებ შემოქმედებს ურჩევენ: პატივი ეცით ბრენდის იდეებს, მაგრამ ნუ მიჰყვებით მათ ბრმად, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი მომხმარებლის წინაშე ვართ პასუხისმგებელი.
თქვენი იდეა ახალია თუ უკვე არსებობს
ცადეთ თქვენი შემოქმედებითი იდეის გადმოცემა ორი წინადადებით საცდელი აუდიტორიის წინაშე. თუ ეს თქვენთვის ან იმ ადამიანებისთვის საინტერესოდ არ ჟღერს, რომლებსაც უზიარებთ, მაშინ, სავარაუდოდ, ეს იდეა არც ისე კარგია.
მართეთ ხალხის ნაკადები
მართალია, სოციალური მედიის უპირატესობა უამრავი ადამიანის მოზიდვაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ართულებს ამდენ ადამიანთან ერთდროულად ურთიერთობასა და ყველასთვის მოსაწონი პროდუქტის შეთავაზებას.
ასევე, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფიზიკურ სივრცეებს. თუ, მაგალითად, გაქვთ კაფე, უზრუნველყავით დაჯავშნის ონლაინსისტემა, რათა ყავის დასალევადაც კი, ადამიანმა შეძლოს სასურველი დროის მითითება და რიგებისგან თავის არიდება.
ამასთან, მარკეტერები გვირჩევენ, ფრთხილად ვიყოთ აქციებთან და შეთავაზებებთან. თუ ფეხსაცმლის მაღაზია გამოაცხადებს, რომ პირველ 100 მომხმარებელს ჩუქნის ფეხსაცმელს, ამან შეიძლება ათასობით მომხმარებელი დააინტერესოს და მოიყვანოს მაღაზიაში, რაც მასობრივ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
მიზნად დაისახეთ არა ბრენდის რეკლამა, არამედ თვითგამოხატვა
ყველას გვიყვარს კონტენტის გაზიარება, მაგრამ მასში ჩადეთ ისეთი მომენტები, რაც თავად ბრენდს უკავშირდება და არ არა ბრენდირებულ რეკლამას. ვიდეო თუ ამბავი, რომელსაც მიაწვდით, უნდა იყოს ადამიანური, გამოცდილებაზე ფოკუსირებული და თვითგამოხატვის მცდელობა ბრენდისგან, რომლითაც ადამიანები სიამოვნებას მიიღებენ.
იყავით გულუხვი
როცა ბრენდი, უბრალოდ, ახალი მაღაზიის გახსნაზე ეპატიჟება მომხმარებელს, ეს ბრენდის ინტერესებია, მაგრამ როცა ის სთავაზობს გახსნაზე მისვლასთან ერთად საჩუქრებს, სიურპრიზებს, გათამაშებებს, გართობას, უფასო სასმელს, კონცერტს, ფურშეტს, ვაუჩერს, უფასო ფოტოკუთხეს და ა.შ., ეს უკვე ბრენდის მხრიდან გულუხვობაზე მეტყველებს და მომხმარებლის გულს იგებს.
გადახედეთ სტატისტიკას
სტატისტიკა ხშირად მხოლოდ იმის ნახვა ჰგონიათ, რამდენი ნახვა ჰქონდა ამა თუ იმ ვიდეოს ან რა ასაკობრივი ჯგუფი იყო მათი მაყურებელი. მეტად ჩაეძიეთ მონაცემებს, ისინი მნიშვნელოვანია.
რაში და როგორ იყენებენ მომხმარებლები თქვენთან შეძენილ პროდუქტს, კიდევ რა მსგავსი პროდუქტები აინტერესებთ – ეს დაგეხმარებათ ძლიერი ემოციური კავშირის დამყარებაში.
წარმატების გაზომვა განსხვავებულად
წარმატება არ იზომება მხოლოდ და მხოლოდ გაყიდული პროდუქტის რაოდენობით. წარმატებაა: ზივიტორთა დიდი რაოდენობაც, გაზიარებული კონტენტი, ჩატარებული ღონისძიებებით, გამოკითხული ადამიანებით…
ყველაზე რთული ემოციების გაზომვაა, თუმცა შეგიძლიათ, დასვათ ისეთი კითხვები, როგორიცაა: რა ემოციას აღძრავს თქვენში ბრენდი, რამდენად ურჩევდნენ მას სხვებს, ელოდებიან თუ არა ამ ბრენდისგან სიახლეებს და ა.შ.
ამგვარად, აუდიტორიასთან მჭიდრო ურთიერთობა არაა მარტივი პროცესი, ინსტრუმენტები ვითარდება, ახალი ჩნდება, მაგრამ გახსოვდეთ – მისია ერთია – ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელსაც ადამიანები შეიგრძნობენ!













