in

მილიონობით ნახვა მსოფლიოს მასშტაბით – ქართული პრინტი, რომელიც 8 მარტსა და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება!

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქართველი ვიზუალური არტისტი – თაკაკა აბრამია და ქოფირაითერი – ლაშა შრუტე მილორავა კოლაბორაციული პრინტით გამოეხმაურნენ და მათი ხმა, მსოფლიოს მასშტაბით, სწრაფად გავრცელდა. პრინტი მილიონობით ინტერნეტმომხმარებელმა ნახა! სხვადასხვა ადამიანის სოციალური კედლების გარდა, იგი მოხვდა საერთაშორისო გვერდებზე, როგორიცაა:
Art is a way of survival – 18 000-ზე მეტი რეაქცია, 20 000-ზე მეტი გაზიარება;
Art∆  – 4800-ზე მეტი რეაქცია და 4500-მდე გაზიარება;
In a relationship with freedom – 1 300-ზე მეტი რეაქცია, 350-ზე მეტი გაზიარება;
No one saves you – 1200-ზე მეტი რეაქცია, 200-ზე მეტი გაზიარება.
გარდა ამისა, ქართული პრინტი მოხვდა Ads of The World-ზე, სადაც Top Shared Ad-ში პირველ ადგილზეა. თვითონ, შრუტეს კედელზე (სადაც იგი პირველად განთავსდა) პოსტს 800-მდე რეაქცია და 480 გაზიარება აქვს.

როგორ უნდა მივიტანოთ საზარელი გზავნილი, ერთი შეხედვით, მარტივი ვიზუალით, ადამიანების ცნობიერებამდე? სოციალური პრინტი ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს – „ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია… ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება”.

„სურათი ერთია, დიდად რაკურსებიც არ განსხვავდება. ყალბი თარიღები კი ფაქტებს ნამდვილად არ ცვლის!“ – ამბობენ ავტორები. თაკაკა აბრამიასა და ლაშა შრუტე მილორავას კოლაბორაციისა და  სოციალური პრინტის გავირუსების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ:

ლაშა შრუტე მილორავა – ქოფირაითერი
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გავვირუსდით. შარშან, ისევ და ისევ ჩვენი ინიციატივით, „დურექსისთვის“ არაოფიციალური პრინტი გავაკეთეთ, სადაც ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას გავკარით კბილი. ის პრინტი თხუთმეტამდე ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა მარკეტინგულმა გამოცემებმა გადააშეარეს. 0 დახარჯული ფული, 0 შემოსავალი. ყველაფერი მხოლოდ საქმის სიყვარულითა და ეგოს დასაკმაყოფილებლად. 8 მარტის შემთხვევაში სხვა ქეისი იყო. ჩვენს ქვეყანაში ბევრი სოციალური პრობლემაა, რომლის ნაწილზეც ხალხი ან არ ლაპარაკობს, ან არც ისე ხმამაღლა ლაპარაკობს, ან ლაპარაკობს, ისევ და ისევ, თავისი წრისთვის. სწორედ, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის პრობლემის მთლიანი სურათის ჩვენება იყო ჩემი მთავარი მიზანი, როცა სარვამარტოდ სოციალური პრინტის იდეაზე დავიწყე ფიქრი. თაკოს იდეა მოეწონა და მთელი ღამე მუშაობის შემდეგ, ისევ 0 თეთრის დახარჯვით მივიღეთ იმაზე კარგი შედეგი, ვიდრე წარმოგვედგინა. რთულია, ასე წინასწარ განსაზღვრო გავირუსდება, თუ არა, მაგრამ ინტუიციის დონეზე, ორივეს გვიგრძნობდა გული, რომ მხოლოდ ჩვენს ფეისბუკ გვერდებზე არ დარჩებოდა. ამხელა მოწონება სწორმა მესიჯმა და ძალიან კარგმა ვიზუალმა დაიმსახურა. სიმარტივემ, რომელიც ყველას გულს მისწვდა, ასაკის, სქესისა და როგორც აღმოჩნდა, ეროვნების განურჩევლად. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ქალებზე ძალადობა ამდენი ადამიანისთვისაა მტკივნეული, მნიშვნელოვანი თემა და თუ პრინტმა ერთს მაინც უბიძგა, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიტანოს წვლილი ამ პრობლემის აღმოფხვრაში, ესე იგი, ჩვენი საქმე ძალიან კარგად გავაკეთეთ.

თაკაკა აბრამია – ვიზუალური არტისტი
შრუტეს და ჩემი დუო დიდი ხანია არსებობს. ჩვენი viral მეგობრობა დურექსით დაიწყო. ტრამპის პრინტი საქართველოს საზღვრებს გაცდა და მსოფლიო მოიცვა. მაშინ გავაცნობიერეთ, რომ შესაძლებელია ადამიანებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 0 დანახარჯით მიწვდე. საკმარისია მხოლოდ კარგი იდეა და ამ იდეის კარგი ვიზუალიზაცია. 8 მარტის პოსტერზეც იგივე მოხდა. პრინტის ჩვენს პირად კედლებზე დადების მომენტიდან, ლაიქები და შეარები არ წყდებოდა. რომელიღაც საერთაშორისო გვერდმა თავისით გადათარგმნა კიდეც ჩვენი ქართულენოვანი პრინტი და როგორც თვითონ გვაუწყეს, პოსტს მილიონამდე რიჩი ჰქონდა. ფაქტობრივად, „მილიონერები” გავხდით. ასევე, საკმაოდ ავითვისეთ სოციალური მედიის story სივრცე. ბევრი უცხო ადამიანი გვთაგავდა. თავიდან ერთმანეთს ვუზიარებდით ამ სიახლეებს, მაგრამ თანდათან ყველაფრის დოკუმენტაცია შეუძლებელი გახდა. ჩემი აზრით, საიდუმლო გულწრფელობაშია და მომავლის მარკეტინგიც მაგ მიმართულებით უნდა განვითარდეს. მომხმარებელს უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული რეკლამაზე და ძალიან აფასებს იმას, რაც გულწრფელია. ჩვენს შემთხვევაშიც, გულწრფელმა მესიჯმა შორი გზა გაიარა და ბევრი ადამიანის გულს შეეხო. ჩვენი მიზანი იყო რეალობა, რაც შეიძლება მარტივად, გვეჩვენებინა ქართული საზოგადოებისთვის და გვსურდა, ხალხს ხმამაღლა ესაუბრა ამ თემაზე. ჩემთვის, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ჩვენს პოსტერს სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებიც აქტიურად აზიარებდნენ. ეს ნამუშევარი ბევრად ხმამაღალია, ვიდრე რეკლამა, მარკეტინგი, მთელი თავისი ცოდნით და ტერმინებით. ამ გულწრფელმა პოსტერმა ყოველგვარი მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე 0 დანახარჯით მიაღწია იმ შედეგს, რასაც მარკეტერები ხელოვნურად ცდილობენ.

მოგზაურის თვალით დანახული გზა, Delta-ს ვიდეორგოლში

საქართველოს ბანკმა 2017 წლის, CSR-ის მიმართულებით განხორცილებული პროექტები შეაჯამა