თქვენც გეჩვენებათ, რომ წლის ბოლო სამი თვე ყოველთვის ყველაზე დატვირთულია?
შეიძლება ამის მიზეზი მოახლოებული შობა-ახალწელია, შეიძლება ის, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი შვებულების დღეების გამოყენებას ყველა ერთდროულად ცდილობს, ან, უბრალოდ, ზაფხულში გადადებული ბრიფები ახლა ხდება აქტუალური და დეკემბრამდე დასრულება სჭირდება.
ისეა თუ ასე, წლის ბოლოს დამკვეთებს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდათ. შედეგად, ჩვენც უფრო მეტს ვმუშაობთ, მეტ ყავას ვსვამთ, ნაკლებად ვისვენებთ და ძილსაც ვიკლებთ. რაღაც მომენტში კი ხვდები, რომ ეს ყველაფერი მაინც არ არის საკმარისი.
ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება ამ პერიოდის ადვილად გადალახვაში:
იარეთ ფეხით, ოღონდ ისე, რომ სიამოვნებაც მიიღოთ
ეს ის რჩევაა, რომელიც ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად არ ვითვალისწინებთ. გარეთ გატარებული დრო სხეულს ამოძრავებს, გონებას კი სამუშაოსგან ცოტა ხნით ათავისუფლებს. თუ გასეირნების მიზეზი არ გაქვთ, ეცადეთ, უბრალოდ, ეს ჩვევა გამოიმუშაოთ.
გამოიყენეთ დღის სინათლე
შემოდგომა-ზამთარის სეზონზე დღის სინათლის ნაკლებობა დამატებით სირთულეს ქმნის. თუ სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას არ გაძლევთ, თუნდაც ლანჩის დროს 20-30 წუთით გარეთ გასვლა უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მთელი დღე დახურულ სივრცეში ყოფნა.
შეამცირეთ ზედმეტი ხმაური
ზოგჯერ სამსახურის სტრესს თავად სამუშაო კი არა, ტელეფონიდან წამოსული უწყვეტი შეტყობინებები და სოციალური ქსელებიც აძლიერებს, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალი არასაჭირო შეტყობინებებია.
წლის ყველაზე დატვირთულ პერიოდში კარგი იდეაა, საკუთარ თავს მაინც დაუტოვოთ რამდენიმე საათი, როცა ტელეფონის გარეშე იქნებით, განსაკუთრებით, სამუშაო დღის მერე.
თუ გეძინებათ, დაიძინეთ – დანაშაულის გრძნობის გარეშე
დღის განმავლობაში მოკლე ჩათვლემას ხშირად დროის დაკარგვად აღვიქვამთ, თუმცა გადაღლის დროს რამდენიმე წუთით დაძინებაც კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
კრეატიული სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოკლე ძილი მათ გონების „გადატვირთვაში“ ეხმარება და საშუალებას აძლევს, ცოტა ხნით მაინც გამოეთიშონ გარესამყაროს.
თუ მთელი წელი ბევრს მუშაობდით და უკვე დაღლილობას გრძნობთ, დასვენება სიზარმაცე არ არის. ზოგჯერ ყველაზე პროდუქტიული რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, სწორედ არაფრის კეთებაა.
დაიცავით თქვენი დასვენების დრო
წლის ბოლო ყველაზე დატვირთული პერიოდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვებულება უნდა გადადოთ. პირიქით – შეიძლება სწორედ ახლა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დასვენებისთვის გამოყოფილი დრო სამუშაომ არ „შეჭამოს“.
თუ რამდენიმე კვირის შვებულება შეუძლებელია, ერთი კვირით ოქტომბერში ან ნოემბერში დასვენებაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
დიდი დედლაინის დროსაც კი გაჩერდით
როცა რამდენიმე საქმე ერთდროულად გაქვთ დასასრულებელი, ყველაზე ბუნებრივი რეაქცია კიდევ უფრო დიდხანს მუშაობაა. მაგრამ ზოგჯერ ეს საპირისპირო შედეგს იძლევა: იღლებით, კრეატიულობა ქვეითდება და პრობლემის გადაჭრას უფრო მეტი დრო სჭირდება.
ამიტომ შეიძლება რამდენიმე საათით ან ერთი დღით საერთოდ სხვა საქმეზე გადაერთოთ. გაისეირნეთ, შეხვდით მეგობრებს, უყურეთ ფილმს, გააკეთეთ ის, რაც სამსახურთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.
დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის
ყველაფრის მარტო გაკეთება აუცილებელი არ არის.
ეს საკითხი განსაკუთრებით ფრილანსერებისთვისაა მნიშვნელოვანი. ზოგჯერ იმის ცოდნაც კი, რომ თქვენი მსგავსი სირთულეები სხვებსაც აქვთ, სტრესს საკმაოდ ამცირებს.
ამიტომ ნუ დაელოდებით სრულ გადაწვას, სანამ დახმარებას ითხოვთ. ეს შეიძლება იყოს კოლეგასთან საუბარი, პროფესიულ საზოგადოებასთან შეხვედრა ან უბრალოდ მეგობართან დალაპარაკება.
საკუთარ თავს ისიც შეახსენეთ ხოლმე, რაც კარგად გამოგივიდათ
დატვირთულ პერიოდში ადვილია მხოლოდ იმაზე ფიქრი, რაც ვერ მოვასწარით, არ გამოგვივიდა ან უკეთესად შეიძლებოდა გაგვეკეთებინა.
ამიტომ წლის ბოლოს ერთი მარტივი რამ სცადეთ: ჩამოწერეთ არა ის, რა ვერ გააკეთეთ, არამედ ის, რაც გააკეთეთ.
გახსოვდეთ – წლის ბოლო კიდევ ერთი დედლაინის დასახურად არ არის შექმნილი. ზოგჯერ ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ ამ პერიოდში გააკეთოთ, არის ის, რომ ახალ წელს ბოლომდე გამოფიტული არ შეხვდეთ.











