ახალი წელი ახლოვდება და საჩუქრების ასარჩევადაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რაც უნდა რთული იყოს თქვენთვის ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის საჩუქრის არჩევის პროცესი, გეტყვით, რომ პროფესიონალურ კონტექსტში საქმე ბევრად უფრო კომპლექსურადაა… ხოლო, თუ გადაწყვეტთ, რომ სამსახურში ახალი წლის თამაშებს შეუერთდეთ, ქვემოთ მოცემული ფაქტორები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
1. გაეცანით თქვენი ინდუსტრიის რეგულაციებსა და კომპანიის პოლიტიკას საჩუქრების შესახებ
მაშინ, როცა საჩუქრების გადაცემა გულუხვობისა და დაფასების გამოხატვისთვის მარტივი ჟესტია, ზოგიერთ ინდუსტრიაში, როგორებიცაა, მაგალითად ფინანსური სერვისები, ჯანდაცვა, ფარმაცევტული და სამედიცინო სფეროები, საკმაოდ მკაცრი საჩუქრების გაცემის პოლიტიკა არსებობს. ეს პოლიტიკა კი, თავის მხრივ, მექრთამეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და მსგავსი აღქმების წინააღმდეგ მუშაობს.
სწორედ ამიტომ, ინდუსტრიასა და კომპანიაში არსებული პოლიტიკის ცოდნა მნიშვნელოვანია. ხოლო, თუ საჩუქარი საერთაშორისო მასშტაბზე გადის ან საზღვრებს გარეთ უნდა გადასცეთ ვინმეს, გაითვალისწინეთ იქ არსებული პოლიტიკაც და დაფიქრდით, უბრალო საჩუქარს ვინმე, მაგალითად, გადაწყვეტილების მიმღებზე ზემოქმედ ფაქტორად ხომ არ ჩათვლის.
2. დახარჯეთ ცოტა ფული
ეს იმ დისკომფორტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, რომელიც თან ახლავს მდიდრული საჩუქრის მიღებას, როცა თავად იცით, რომ ანალოგიურად არ დაგიხარჯავთ… ამიტომ, კარგი იქნება, თუ საჩუქრებისთვის კონკრეტულ თანხას დააწესებთ, იქნება ეს 25, 50 თუ 100 ლარი. მაგრამ თუ ბევრს უკეთებთ საჩუქარს, ჯობს, კონკრეტული თანხა შეამციროთ.
3. აქციეთ პერსონალიზებულად, მაგრამ არა, ძალიან პირადულად
თქვენი საჩუქრის პერსონალიზების გზა კოლეგის სახელით შეწირულობის გაკეთებაა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელსაც მხარს უჭერს. ან შეგიძლიათ საჩუქარი ინდივიდის გარე ინტერესებს დაუკავშიროთ. თუ ძალიან ახლოს არ იცნობთ, არც ეს არის პრობლემა, პატარა კვლევა სოციალური მედიის დახმარებით შეგიძლიათ ჩაატაროთ ან რჩევები მათ ნაცნობებს ჰკითხოთ. აქ ჰობი, ინტერესები და ის საკითხები შეგიძლიათ განიხილოთ, რაც, თუნდაც, სამსახურისთვის სჭირდებათ. მაგალითად, თუ ჩანაწერების გაკეთება უყვარს, პერსონალიზებული წიგნაკი შეგიძლიათ უყიდოთ, სურათის ჩარჩო მაგიდისთვის, ყავის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი ან ჭიქა, რომელიც მუდმივად თბილი ყავის დალევის საშუალებას მისცემს. საყვარელ სასუსნავებსაც თუ გაიგებთ, მას ნამდვილად ასიამოვნებთ. მაგრამ დარწმუნდით, რომ შორს დარჩებით იმ საჩუქრებისგან, რომლებიც ძალიან პირადულია, აქ სამკაულებისა და ტანსაცმლის ჩუქებისგან თავის შეკავებას გირჩევენ.
4. აჩუქეთ გამოცდილება
კვლევის თანახმად, ადამიანები უფრო ახლოს გრძნობენ თავს საჩუქრის ავტორთან, როცა მათ მიღებული საჩუქრები რაღაც გამოცდილების შეძენის საშუალებას აძლევს. კინოს ბილეთები ან რესტორნის სასაჩუქრე ბარათი თქვენი კოლეგისთვის ის პატარა სიამოვნება იქნება, რომელიც მას არ დაუგეგმავს.
ხოლო, თუ ჯგუფის ხელმძღვანელი ხართ, კარგი იქნება გუნდური გასვლა, მაგალითად, სადღესასწაულო ვახშამი ან ისეთი აქტივობა, როგორიცაა ყინულზე სრიალი. თუ გსურთ, ამ პროცესში ინკლუზიურიც იყოთ, მონაწილეობის მიღება არავის უნდა დააძალოთ.
5. გაერთეთ, მაგრამ ზომიერება არ დაგავიწყდეთ
მართალია, ყველას უყვარს სიცილი, სახალისო და ამასთან, გამოსადეგი საჩუქრები, მაგალითად, ჭიქა, რომელსაც აწერია You’re on Mute ან წიგნაკი, რომელშიც ის სია უნდა ჩამოწეროთ, რასაც არ გააკეთებდით… მაგრამ კარგი იქნება, თუ თავს შორს დაიჭერთ ისეთი საჩუქრებისგან, რომლებიც ძალიან სულელურად, ვულგარულად, გამაღიზიანებლად ან შეურაცხმყოფლად შეიძლება აღიქვან. სხვისი დისკომფორტი ან მისი საზღვრების გადაკვეთა არ უნდა გარისკოთ, სანაცვლოდ, ასეთი რამ უფრო ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეგიძლიათ აჩუქოთ.
6. დაფიქრდით, სანამ ალკოჰოლს ან რაიმე საჭმელს აჩუქებთ
შესაძლოა, ადრესატისთვის კონკრეტული საჩუქრები მისაღები იყოს და სხვებისთვის მისი გაზიარება გარკვეულ სიამოვნებასაც ანიჭებდეს, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ აქვს მას კვების სპეციალური რაციონი, პრობლემები ალკოდამოკიდებულებასთან ან აქ, რაიმე რელიგიური საკითხები ხომ არ იჩენს თავს… პატარა კვლევის ჩატარება ძალიან დაგეხმრებათ. ხოლო, თუ დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ სავაჭრო ცენტრის ან კონკრეტული მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი გაუგზავნოთ, რათა თავადვე აირჩიონ სასურველი პროდუქტი.
7. აჩუქეთ ცოდნა
სწავლასა და განვითარებაზე ყველა ვზრუნავთ, ამიტომ საჩუქრისთვის ერთ-ერთ ვარიანტად ბიზნეს ჟურნალის გამოწერის ჩუქება შეგიძლიათ განიხილოთ ან კვლავ სასაჩუქრე ბარათი, ოღონდ, ამჯერად წიგნების მაღაზიის. შეგიძლიათ მათივე ინტერესის გათვალისწინებით შესაბამისი წიგნი თავადვე უყიდოთ.
8. იფიქრეთ (საჩუქრის) ყუთს მიღმა
თქვენ არ გჭირდებათ ფულის დახარჯვა ან რაიმე მატერიალური ფორმის საჩუქარი, რათა კოლეგას ასიამოვნოთ. დაფასებისთვის პატარა ჩანაწერების დატოვება გამოცდილი და პრაქტიკული ქმედებაა. ეს საშუალებას მოგცემთ, აჩვენოთ, რას აფასებთ მასთან მუშაობისას ყველაზე მეტად. საქმე რომ გაგიმარტივოთ, ჩანაწერის შემდეგი ფრაზით დაწყებას შემოგთავაზებთ: „წლის ბოლოს ვუახლოვდებით და მინდა იცოდე, რომ მე ვაფასებ _____ შენში“. ესაუბრეთ კონკრეტული მახასიათებლების შესახებ და იმაზე, თუ რა დადებითი გავლენა ჰქონდა მას თქვენზე.
გამოდის, სამსახურში თანამშრომლისთვის საჩუქრის გაკეთებისას თქვენ არც სტრესში ყოფნა და არც ბევრი ფულის დახარჯვა გიწევთ. ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით კი, კოლეგების გაბედნიერების შანსებს გაზრდით, აჩვენებთ დაფასებას და მათთან თბილ კავშირსაც დაამყარებთ.
წყარო: HBR