ბიზნეს სამყაროში 80/20 წესი, იგივე პარეტოს პრინციპი, ფართოდაა გავრცელებული. ეს არის ნებისმიერი საქმიანობის ეფექტურობის შეფასების პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ გამოყენებული ძალისხმევის 20%-ს მოაქვს შედეგების 80%, და დანარჩენ 80%-ს მხოლოდ 20%.
თუმცა, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, ამას სრულად ვერ დაეყრდნობით.
დააფასეთ თქვენი დრო
ყველაფერს, რასაც დღის განმავლობაში აკეთებთ, აქვს ღირებულება. თქვენ გაქვთ D დონის ამოცანები, რომლებიც არანაირ განსხვავებას არ იწვევს თქვენს საბოლოო მისიაში და მოკლედ, აქ ყველაფერი ნაკლებად ღირებულია. შემდეგ გაქვთ დონე C, რომელიც კარგ ამოცანებს მოიცავს, მაგრამ მაინც არ იყენებთ თქვენს დროს საუკეთესოდ. ამას მოსდევს A და B — ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.
იმის გარკვევა, თუ სად არის თქვენი თითოეული გეგმა A, B, C და D შკალაზე, პირველი ნაბიჯია პროდუქტიულობის გაუმჯობესებისა და თქვენი ბიზნესის ზრდისკენ. ნუ დაუშვებთ ბევრი ლიდერის შეცდომას და ნუ იფიქრებთ, რომ A და B დონეების საკითხების მოგვარება ხანგრძლივ წარმატებას მოგიტანთ. ამისათვის საჭიროა, C და D ამოცანებიც მაქსიმალურად დაამუშაოთ, გადაახარისხოთ და საბოლოოდ ჩამოიშოროთ.
6 თვის შემდეგ
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ პრაქტიკის მხოლოდ ერთხელ გაკეთება საკმარისი არ არის. დროთა განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ იწყებთ უფრო მეტი C და D დონის დანახვას თქვენი ყოველდღიური სამუშაოების სიაში, არამედ როგორც ლიდერ, სულ უფრო იზრდებით და მეტმა პუნქტმა უნდა გადაინაცვლოს პრიორიტეტულიდან ნაკლებად პრიორიტეტულში ან საერთოდ უსარგებლოში.
დავალება, რომელიც ოდესღაც B დონის ამოცანა იყო, შეიძლება გახდეს მყარი C ან D. რაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მით მეტად უნდა შეიცვალოს თქვენი პრიორიტეტები და დროის მართვის სტილი. ასე რომ, მაქსიმალური სარგებლობისთვის, რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა გადახედოთ დავალებების ჩამონათვალს და შესაბამისად უნდა დაალაგოთ.
ერთადერთი გამონაკლისი
ამ წესთან დაკავშირებით ერთი გამონაკლისი არსებობს. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც უბრალოდ გიყვართ… ამ შემთხვევაში მათი სიაში დატოვება შეგიძლიათ, უბრალოდ მათ შესაბამისი სახელი უნდა დაერქვას — გასართობი. მაგალითად, როდესაც დიზაინერი ბრენდის ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობს, შეიძლება, თქვენ მხოლოდ ინტერესის დონეზე ჩაერთოთ მასში — მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენს კომპეტენციაში არ შედის. ბოლოს და ბოლოს, აკეთო ის, რაც გიყვარს, კარგია, ეს არის ის, რაც გიბიძგებს, საქმეს ყოველდღიურად დაუბრუნდე.
და იმედია, დროთა განმავლობაში, თქვენი A დონის მრავალი ამოცანა გახდება ის, რაც მოგწონთ. მხოლოდ 80/20 წესი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი ბიზნესი იქ მიხვიდეთ, სადაც გსურთ იყოთ. მაგრამ თუ სტრატეგიული ხართ და ხშირად განაახლებთ სამუშაოს სიას, აუცილებლად რეალურ შედეგებს მიიღებთ.