ღვინის მაღაზია-ბარი „8000 მოსავალი“ ქართული ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ადგილზე მიტანის სერვისს. კომპანიას უკვე აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია გაყიდვაში არსებული ყველა ღვინო. სასურველი ღვინის შერჩევა ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი. მარკეტერი კომპანიის ახალ მომსახურებაზე ესაუბრა „8000 მოსავლის“ მარკეტინგის მენეჯერ ნუცა ნადირაშვილს.
M: რატომ გააკეთეთ ონლაინმაღაზია და მოთხოვნა არის, თუ არა ინტერნეტმომსახურებაზე?
მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ჩვენი მაღაზია და მომსახურება მოსახერხებელი ყოფილიყო მომხმარებლისთვის. ხანდახან ხდება, რომ სახლიდან ვერ გადიხარ ადამიანი, ჩვენთან კი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია, შეუკვეთო სასურველი ღვინო. ახლახან დაიწყო ეს ყველაფერი და ვნახოთ, როგორ განვითარდება.

M: რა უპირატესობა აქვს „8000 მოსავალს“?
ჩვენი კომპანიის უპირატესობა, პირველ რიგში, არის ის, რომ ღვინის ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს და ეს დიდი პლუსია, ერთ სივრცეში ამდენი ქართული ღვინო. ჩვენთან მოსული კლიენტი გარანტირებულია, რომ მის მიერ შეძენილი ღვინო იქნება კარგი. გარდა ამისა, ჩვენ ბარიც გვაქვს და ღვინოს ვთავაზობთ თაროს ფასში.
შეგახსენებთ, რომ „8000 მოსავალი“ ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზია-ბარია, რომელიც 2016 წლის მაისში დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს 500-მდე ქართული ბოთლის ღვინოს. რაც შეეხება ღვინის შერჩევას, თითოეული გადის ფარულ დეგუსტაციას, რომლის შემდეგაც ხვდება მაღაზიის თაროზე.












