„როგორი იქნებოდა დღევანდელი ყველაზე პოპულარული პლატფორმები 1980-იან წლებში შეიქმნებოდა?“ – ეს მარტივი კითხვა იქცა პროექტის ინსპირაციად. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი პლატფორმები – Netflix, Spotify, Tinder თუ ChatGPT – 80-იანი წლების კომპიუტერულ ინტერფეისებში, პიქსელური გრაფიკით, ნოსტალგიური ესთეტიკითა და რეტრო განწყობით. სწორედ ამ იდეით შექმნა UI/UX დიზაინის სააგენტო The Image-მა კონცეპტუალური პროექტი. ვინტაჟური ინტერფეისის ელემენტები, ნოსტალგიური განლაგება – ეს სერია თანამედროვე ტექნოლოგიებს რეტრო პრიზმაში ათავსებს და კრეატიულ შერწყმად წარმოაჩენს. როგორ დაიბადა ეს იდეა, რა გამოწვევები ახლდა მის განხორციელებას და რა გზა გაიარა ქართულმა პროექტმა საერთაშორისო აღიარებამდე – ამის შესახებ გუნდის წევრები თავად გვიამბობენ.
ათუკა ქელბაქიანი, The Image-ის დიზაინის ხელმძღვანელი: „სააგენტოში კომერციული პროექტების პარალელურად მუდმივად ვცდილობთ კონცეპტუალურ ქეის სთადებზეც ვიმუშაოთ. ეს ნამუშევარიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონცეპტუალური პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც იყო, შეგვექმნა დიზაინი მსუბუქი იუმორის ელემენტებით.
პროექტმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა – მივიღეთ ბეჯი Behance-ისგან. მათ გააზიარეს ჩვენი ნამუშევარი ყველა სოციალურ ქსელში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კონცეფცია Adobe Max-ის წლიურ ღონისძიებაზე Behance-ის სტენდზე იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება გუნდს, ჩვენ ვართ თბილისში დაფუძნებული UI/UX დიზაინის სააგენტო, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია საერთაშორისო პროექტებზე მუშაობს. ძირითადი აქცენტი AI სტარტაპებზე გვაქვს გაკეთებული. ჩვენი ნამუშევრები ისეთი საერთაშორისო მედიების ყურადღებას იქცევს, როგორიცაა USA Today, Yahoo Finance და სხვა.
ამ ქეის სთადის მთავარი იდეა იყო გვეჩვენებინა, როგორი იქნებოდა დღევანდელი ციფრული ინტერფეისები, 80-იან წლებში რომ შეექმნათ. პროცესის დასაწყისში შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული თანამედროვე პლატფორმები – ChatGPT, Netflix, eBay, Tinder, Spotify და სხვა. შემდეგ შევქმენით ამ პლატფორმების პიქსელური გრაფიკის ინტერფეისები და ვეცადეთ, ქეის სთადის გარემოსაც მაქსიმალურად გაემეორებინა რეტრო სტილი. ამისთვის კი მაკინტოშის 80-იანი წლების მოდელიც კი ავაწყეთ.“
კრედიტები:
ათუკა ქელბაქიანი,
ბაჩანა ბარნაბიშვილი,
გიორგი ჩხაიძე,
ანანო ოდიშელიძე,
საბა ფრუიძე
ავტორი: თამარ მეფარიშვილი















