in

9 AI ხელსაწყო ყოველდღიურობის გასამარტივებლად „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციისგან”

ადამიანები ხშირად ეძებენ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს სხვადასხვა პროცესის გასამარტივებლად და თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ზოგს ტექსტებისთვის სჭირდება AI, ზოგს ფოტო-ვიდეო მასალის შესაქმნელად, ზოგს მუსიკის რედაქტირებისთვის, ზოგიერთებსაც ინფორმაციის მოძიებისთვის და ა.შ. სია საკმაოდ გრძელია.

იმისთვის, რომ საქმე გაგიმარტივოთ, Marketer-ში გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა ერთი სტატია, სადაც ამ სფეროს ექსპერტები და პროფესიონალები გვირჩევდნენ ხელოვნური ინტელექტის ისეთ 9 ხელსაწყოს, რომლებიც სხვადასხვა მიზნისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ამისთვის მივმართეთ „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას” (GAIA). მისი დირექტორი, გიგი გიორგაძე და ვიცე-დირექტორები, შოთა ელყანიშვილი და ანი ჯანელიძე დაგვეხმარნენ 9 საუკეთესო AI ხელსაწყოს სიის შედგენაში.

  1. Characters.ai საიტია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სპეციფიკური ტიპის ჩატბოტებს. მაგალითად, შეგიძლიათ, ესაუბროთ ფსიქოლოგ ჩატბოტს, ბრუტუსის ჩატბოტს და ა.შ;
  2. Quilbot.com პლატფორმაა, რომელიც ძალიან კარგი ხარისხის ტექსტის გადაწერის ფუნქციონალს გთავაზობთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, სტანდარტული ჩატბოტების გამოყენებაც შესაძლებელია, მაგრამ ქვილბოტი დამატებით სიტყვების სინონიმებით ჩანაცვლების საშუალებასაც იძლევა და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებასაც გთავაზობთ;
  3. Suno AI ხელოვნური ინტელექტით მუსიკის შექმნისა და რედაქტირების ხელსაწყოებია. თუ ვიდეო კონტენტისთვის, ღონისძიების ფონად ან AI-ს შესაძლებლობების საჩვენებლად მუსიკა გჭირდებათ, Udio და Suno საუკეთესო ვარიანტებია. ორივეს უფასო ვერსია აქვს, შეუძლია ტექსტის მიხედვით სიმღერის გენერირებაც და სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შექმნა და შემდეგ რედაქტირებაც;
  4. Gong AI-ს ვიდეოშეხვედრების შეჯამება და თანამშრომლებთან შეთანხმებული გადაწყვეტილებებისა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის დაგზავნა შეუძლია. გონგის გამოყენება ასევე შეიძლება გაყიდვების ზარების ანალიზისა და ქოუჩინგისთვისაც;
  5. Notion AI – Notion-ის AI ფუნქციონალს აერთიანებს და მისი გამოყენება დოკუმენტების გენერირების, შესწორების, კატეგორიზაციისთვის, ასევე, ახალი ტექსტის ან შაბლონების მარტივი გენერაციისთვის შეიძლება და პროექტისა და პროდუქტის მენეჯერს საქმეს ძალიან უმარტივებს;
  6. Perplexity AI, რომელსაც ზოგჯერ Google-ის ნემეზისს უწოდებენ, საძიებო სისტემაა, რომელიც კითხვებზე არის დაფუძნებული. ჩატის ინტერფეისის დაფუძნებული Perplexity-ს საშუალებით, უფრო მარტივად არის შესაძლებელი სასურველ საკითხზე ზუსტი და გასაგები ინფორმაციის მიღება, რადგან კითხვაზე პასუხს Perplexity ტექსტურად აბრუნებს, მაგრამ თან შესაბამის წყაროებსაც ურთავს;
  7. Canva-ს AI ფუნქციონალით შესაძლებელია თითქმის ყველაფრის გაკეთება, რაც, მაგალითად, GAIA-ს დიზაინებისთვის სჭირდება. Canva-ს AI-ს დახმარებით მარტივია პოსტერების, ბრენდირებული ნივთების დიზაინისა და პრეზენტაციების აწყობა. თანაც მისი UX მარტივია, AI ფუნქციონალი კი, მაგალითად, ფონის მოშორება, სურათების გენერირება, დიზაინის ან ფორმატის და ზომის შეცვლა ძალიან მარტივი და სწრაფია;
  8. Grammarly უკვე ძალიან ცნობილი რედაქტორია, მაგრამ ყოველი ახალი განახლება მის ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ცოტა ხნის წინ მას გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი დაემატა, რომლითაც ტექსტის რედაქტირება, შემოკლება, ტონის შეცვლა, კონტრარგუმენტების მოფიქრება და ბევრი სხვა ბრძანების შესრულება შეიძლება. ნებისმიერ ტექსტზე მუშაობისას, „Grammarly-ს გადატარება“ აუცილებელია, რომ საბოლოო ვარიანტი უხარვეზო და კარგი საკითხავი იყოს;
  9. Enagram.ai ახალი ქართული პროდუქტია, რომლითაც ქართულ ენაზე ტექსტის ამეტყველება (Text-to-Speech), საუბრის ტექსტად გადაქცევა (Speech-to-Text) და მართლწერის შემოწმება (Spellchecking) მაღალი ხარისხით არის შესაძლებელი. ენაგრამის უფასო ვერსიაც ხელმისაწვდომია enagram.ai-ზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

Heineken-ის კამპანია „მიტოვებულ“ ლუდის ჭიქებს ეძღვნება