5
Jun
2019

9 მთავარი სიახლე Apple-ის დეველოპერების კონფერენციიდან

5 Jun 2019

Apple-მა დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე WWDC სიახლეები წარადგინა. ისინი ეხებოდა როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე, ახალ მოწყობილობებს, რომლებსაც კომპანია 2019 წლის განმავლობაში გახდის ხელმისაწვდომს. სიახლეები ძირითადად ეხებოდა iPhone-ს, iPad-ს, Mac-ის დესკტოპ და ლეპტოპ ვერსიებს, Apple TV-სა და Apple Watch-ს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კომპანიამ Mac Pro წარადგინა – დესკტოპ კომპიუტერი, რომელიც 2013 წლის შემდეგ არ განახლებულა. ღონისძიებაზე გაჟღერებულ 9 მთავარ სიახლეზე საუბარსაც ამ ამბით დავიწყებთ:

2013 წლის შემდეგ პირველად! ახალი Mac Pro
WWDC მხოლოდ დეველოპერული ღონისძიება არაა, აქ მოწყობილობებსაც აანონსებენ. ასე, 2013 წლის შემდეგ პირველად, Apple-მა ახალი Mac Pro წარადგინა. მას 28 ბირთვიანი Intel Xeon-ის პროცესორი, 1.5 ტერაბაიტიანი მეხსიერება და 6K მხარდაჭერის მქონე, 32 ინჩიანი მონიტორი აქვს. როგორც ხვდებით, ეს მონაცემები არც ისე იაფი ეღირება… უცნობია, რა იქნება ზემოთ მოცემული მონაცემების მქონე Mac Pro-ს ფასი, თუმცა Mac Pro 8 ბირთვიანი Intel Xeon-ის პროცესორითა და 32 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, ასევე, 512GB-იანი მყარი დისკით 5 999 დოლარი ეღირება. მისი შეძენა კი შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.

IOS 13 – განახლების „ღამის რეჟიმი“ და აპლიკაციების ფუნქციები
ოპერაციული სისტემა iOS 13 ის სიახლეა, რომელიც მომხმარებელს Dark Mode-ის რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. უამრავი აპლიკაცია კი განახლებებს მიიღებს, მაგალითად მუსიკის აპლიკაციაში, მოსმენასთან სინქრონში, სიმღერის ტექსტის დანახვას შეძლებთ. მნიშვნელოვნად შეიცვალა Reminders, შეიცვალა მისი ვიზუალური მხარე და დაემატა ახალი ფილტრები. განახლება მიიღო Notes-მა, Safari-ის ბრაუზერმა, Apple Mail-მა და Apple Maps-მა. ამ უკანასკნელს Google Maps-ის მსგავსი ქუჩის ხედის (Street view) ფუნქცია დაემატა. მისი საშუალებით მიიღებთ 360 გრადუსიან ხედს ქუჩაზე. ასევე, აქ შეგიძლიათ საყვარელი ადგილების კოლექციაც გქონდეთ.

დეველოპერებისთვის iOS 13-ის ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, მომხმარებელთა ნაწილი მას ივლისიდან მიიღებს, მთელ მსოფლიოში კი 2019 წლის შემოდგომიდან იქნება ხელმისაწვდომი.

უსაფრთხოების ზომები – გარანტია პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე
Apple დიდ ყურადღებას უთმობს პერსონალური ინფორმაციის დაცვას, ამიტომ, კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ყოველ ჯერზე, ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც თქვენს მოწყობილობაშია, გთხოვთ ნებართვას ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ აღარ გჭირდებათ ამ ინფორმაციის აპლიკაციისთვის გაზიარება, პარამეტრის გამორთვა კი დაგავიწყდათ, iOS ავტომატურად გამორთავს მას, სანამ აპლიკაციას ისევ არ დასჭირდება ეს მონაცემი. Apple ასევე მუშაობს ავტორიზაციის მექანიზმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა აპლიკაციასა თუ საიტზე ავტორიზაციას სახის ამომცნობი სისტემის (Face ID) საშუალებით შეძლებთ. აქამდე, სხვადასხვა ქსელსა თუ აპლიკაციაში ავტორიზაცია/რეგისტრაცია Facebook-ის, Google-ისა თუ Twitter-ის ანგარიშებით იყო შესაძლებელი. Apple-ის აზრით, ეს პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების კუთხით, არცთუ ისე კარგი გზაა. ამიერიდან, მსგავსი რამ Apple-ის ანგარიშით, პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიით იქნება შესაძლებელი. ასევე, შეგიძლიათ დამალოთ ელექტრონული ფოსტა და თუ ასე გადაწყვეტთ, კონკრეტულ აპლიკაციას კი ის სჭირდება, Apple ავტომატურად შექმნის შემთხვევით იმეილს, რომელზე მიღებული ინფორმაციაც თქვენს მეილზე, ავტომატურად გადამისამართდება.

ასევე, სიახლეა HomeKit-ის მიმართულებით. აქ ვიდეოს დაცვის ფუნქცია ამოქმედდება, რაც გულისხმობს ვიდეოს სიუჟეტის ანალიზს, სანამ მას cloud-ზე ატვირთავთ. Apple მოგცემთ საშუალებას შეინახოთ ფაილები სმარტფონში, 10 დღის განმავლობაში, ისე, რომ არ აიტვირთოს iCloud-ზე.

Siri-ს ახალი ხმა და ფუნქციები აქვს 
ხმოვან ასისტენტ Siri-ს ახალი, ბუნებრივთან მიახლოებული ხმა აქვს. ეს ხელოვნური ინტელექტისა და Text-to-speech ტექნოლოგიის დახმარებით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ხმოვან ასისტენტს უკვე აქვს Apple-ის მოწყობილობების – AirPod-ისა და CarPlay-ს მხარდაჭერა. სირის შეუძლია ყურსასმენებში თქვენი ტექსტური შეტყობინებები წაიკითხოს და გაძლევთ საშუალებას, დაუყონებლივ უპასუხოთ მათ.

iPad-ს საკუთარი ოპერაციული სისტემა აქვს
Apple-ის გადაწყვეტილებით, ამიერიდან, iPad-ს საკუთარი, სპეციფიკური ოპერაციული სისტემა აქვს. აქ აპლიკაციებს შორის მოძრაობა Slide Over რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქ შეძლებთ ორი ჩანაწერი ერთდროულად ნახოთ, ან ორი მეილი გვერდიგვერდ და შეადაროთ ერთმანეთს (მაგალითად). iPads-ებს ასევე ექნებათ USB პორტი, ტექსტის რედაქტირების ფუნქცია – კოპირება, ჩასმა, ამოჭრა და ა.შ. ოპერაციული სისტემით Apple-ის ტაბლეტების გამოყენება Mac კომპიუტერების მსგავსად, უფრო პროდუქტიულად იქნება შესაძლებელი.

ფუნქცია Sidecar-ით iPad-ის Apple-ის კომპიუტერის დამატებითი ეკრანად გამოყენებაა შესაძლებელი. iPad-ი Mac-ს უკაბელოდ უკავშირდება. მაგალითად, MacBook-თან მუშაობისას, iPad-ის დამატებით ეკრანად (touchscreen) გამოყენებას შეძლებთ. რა თქმა უნდა, ამისთვის, Apple-ის ორი პროდუქტის ქონა დაგჭირდებათ. კომპანიაში ამას Sidecar-ს ეძახიან და iPad-ს შეეძლება როგორც უკაბელო, ასევე, კაბელიანი კავშირის დამყარება Apple-ის სხვა მოწყობილობებთან.

ვემშვიდობებით iTunes-ს
როგორც ნავარაუდევი იყო, iTunes, ფაქტობრივად, გაუქმდა და მისი ფუნქციები აპლიკაციებზე – Apple Music-ზე, Podcast-სა და Apple TV-ზე გადანაწილდა. macOS-ის ახალ ვერსიაში, რომელსაც Catalina უწოდეს, iTunes-ს სამ ცალკეულ აპლიკაციად დაიშლება – Music, Podcasts და TV. პოდკასტის აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ მოძებნოთ გადაცემა ან ეპიზოდი, TV და მუსიკის აპლიკაცია კი დიდად არ შეიცვლება და ჟანრებისა და რეკომენდაციების დონეზე დაგეხმარებათ შესაბამისი კონტენტის მოძებნაში.

iOS და macOS-იც სამომავლოდ ხმის კონტროლის ფუნქციას გთავაზობთ, ასე რომ, შეძლებთ აკონტროლოთ ყველაფერი – აპლიკაციის გახსნიდან დაწყებული, ტექსტის რედაქტირებით დასრულებული. ხმოვანი ბრძანებები (კარნახი) ადგილზე, სმარტფონშივე დამუშავდება, ისე, რომ არც ერთი ბგერა არ გაიგზავნება cloud-ზე.

SwiftUI დეველოპერებს კოდირებას უფრო სწრაფად შეაძლებინებს
SwiftUI არის ფუნქცია, რომელიც გვაჩვენებს, რომ Apple დეველოპერ მომხმარებელზეც ზრუნავს. მისი საშუალებით კოდირება გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი. აქ კოდის წერა კოდის მექანიკური, ხელით აკრეფის გარეშე იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, SwiftUI-ს ექნება ავტომატური მხარდაჭერა სხვადასხვა ენაზე და რა თქმა უნდა, „ღამის რეჟიმი“.

მულტიმომხმარებლის მხარდაჭერა tvOS-ზე
როგორც Apple-მა მარტში დააანონსა, Apple TV-ს ოპერაციული სისტემა tvOS გაითვალისწინებდა ტელევიზიაზე მორგებულ სერვისებს. WWDC-ზე გაცხადებული სიახლე კი ოპერაციული სისტემის ახალ შესაძლებლობას ეხება – ის მულტიმომხმარებელზე მორგებას შეძლებს. ანუ, თუ ოჯახის წევრები ერთი Apple TV-თ სარგებლობენ, tvOS თითოეულ მათგანზე მორგებულ/პერსონალიზებულ შეთავაზებებს გააკეთებს.

Apple-ის ჭკვიან საათს უკვე საკუთარი აპლიკაციების მაღაზია აქვს
Apple-მა განაახლა ოპერაციული სისტემა Watch OS 6. განახლების მიხედვით, Apple Watch-ს საკუთარი აპლიკაციების მაღაზია აქვს, მაღაზიაში ძებნა კი ხმოვან ასისტენტ Siri-ს დახმარებით, ხმოვანი ბრძანების მეშვეობითაც შეგიძლიათ. აქ რამდენიმე სპეციფიკური აპლიკაციაა, მათ შორის, ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებული. მაგალითად, Apple Watch გაჩვენებთ რა პროგრესი გაქვთ გასულ თვესთან შედარებით, ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებით, ან შესაძლებელს გახდის გქონდეს მენსტრუალური კალენდარი საკუთარ საათში.

განხილვა