პირველი ბეჭდური რეკლამები საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მაშინ აქტუალური იყო საგაზეთო განცხადებები, რომელთა შორისაც საკმაოდ კრეატიული რეკლამაც თავს იჩენდა ხოლმე. თუმცა მას მერე, რაც, გლობალურად, უკვე ვიდეორეკლამამ მოიკიდა ფეხი, იყო დრო, როცა ეს ფორმატი საქართველოში უცხო ხილად ითვლებოდა და თითოეული მათგანის გამოჩენა განხილვის, შეფასებებისა თუ მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა. მათგან ზოგმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ დღემდე გვახსოვს; სადმე თუ ამ რეკლამას წავაწყდებით, ნოსტალგიით ვივსებით. ბევრი ვიდეორგოლი იმდროინდელია, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ციფრული მედია, ამიტომ მათი უმეტესობა ტელევიზიით გვაქვს ნანახი.
გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა ძველი ქართული 9 რეკლამა, რომლებიც, სულ ცოტა, 10 წლის (ზოგი 20) მაინც არის და თავის დროზე ყველას ძალიან გვიყვარდა.
ჯეოსელი – „ბიჭები წვიმაში”
დღეს არა მხოლოდ რეკლამა, არამედ თვითონ ამ სახელწოდების ბრენდიც კი აღარ გვხვდება, თუმცა მაშინ ცნობილი ქსელის რეკლამებს დიდი ინტერესით ველოდებოდით ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და მიმზიდველი ვიდეო SMS-ების ფუნქციას გვირეკლამებდა. გავიხსენოთ, როგორ მოასწრო გიომ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მეგობრების გაფრთხილება და როგორ აღმოჩდნენ ბიჭები წვიმაში.
TBC ბანკის რეკლამა – „ფულის შენახვა საუკუნეების მიხედვით”
დღეს თიბისის მრავალფეროვან კომუნიკაციებს მიჩვეული მომხმარებლები, ამ რეკლამას დიდი ნოსტალგიითა და სახეზე ღიმილით ვიხსენებთ. ბანკის მიზანი იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისში ფულის ბანკში შენახვის უსაფრთხოებასა და უპირატესობებზე გაესვა ხაზი, ამიტომ მოკლე ვიდეოთი, საუკუნეების მიხედვით, აჩვენა ფულის შენახვის ტრადიციების ევოლუცია.
მაგთი – „ბალი სულ სხვაა”
ალბათ ვერაფერი იქნებოდა იმაზე უკეთესი, რაც მაშინ კრეატიულმა გუნდმა მოიფიქრა. მაგთის ახალი სერვისის „ბალის” საზოგადოებამდე მიტანა იმდროინდელი პოპულარული ქართველი მომღერლების მონაწილეობითა და დასამახსოვრებელი სიმღერით, მხოლოდ რეკლამად კი არა, ერთგვარ ჰიტად იქცა და ფრაზა „ბალი სულ სხვაა”, დიდსა თუ პატარას დაამახსოვრებინა.
„მაი არაა მაგთი?”
ამ ვიდეორგოლს ალბათ აღწერაც არ სჭირდება. ქართული მუსიკის ჰანგები ფონად და სანდომიანი გლეხის ცნობილი ფრაზა: „მაი არაა მაგთი?”, ყველასთვის დასამახსოვრებელი გახდა და გვახსენებდა ყველას ბრენდის გზავნილს, რომ მაგთი ყველგან იჭერს.
18/18
თვრამეტი, თვრამეტი – ეს ფრაზაც იმდენად პოპულარული გახდა, რომ სადმე, სადაც ამ რიცხვის დასახელება ხდებოდა საჭირო, ყველანი ორჯერ ვიმეორებდით. ეს კი რიკო კრედიტის რეკლამის დამსახურებაა, რომელშიც პოპულარული ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ.
ბორჯომი
ალბათ ყველას კარგად გვახსოვს ბორჯომის ეს რეკლამა: ძველებური ავტობუსი, მწვანეში ჩაფლული გზა, მინერალური გზა და სიმღერა, რომელიც ვიდეოს გასდევს.
მისტერ რექსი
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი იყო არა მხოლოდ იმ დროის ქართულ რეკლამებს, არამედ ზოგადად, ქართული რეკლამის ისტორიაში დღემდე. მისტერ რექსის სარეკლამო სერიები და მისი მეშვეობით მოყოლილი GPI-ს ამბები სახალისო, სიუჟეტური და დასამახსოვრებელი გახდა.
ბარამბოს რეკლამა და ზღაპრული პერსონაჟი
ვინც იმ წლებში მართლაც ბავშვობის ასაკში ვიყავით, ყველას კარგად გვახსენდება ზღაპრული პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი გიორგი ყიფშიძე განასახიერებს. ბარამბოს ტკბილეულის ეს რეკლამა, სადაც მოგვიწოდებდნენ, რომ რამდენ კანფეტსაც შევჭამთ, იმდენი სურვილი აგვისრულდება, ნამდვილად გვანდომებდა ტკბილეულის შეძენას.
ბუმ-ბუმ-ბუმ
ტექნობუმის ეს რეკლამა და წითელი კაცუნა თავისი ჩამთრევი, ენერგიული სიმღერით დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკლამა, რომელზეც ხან გვეცინებოდა, ხან კი ხალისით ავყვებოდით ხოლმე სიმღერის ტექსტს.
ეს ის 9 რეკლამაა, რომლებიც ჩვენ სტატიის ფორმატში ჩავატიეთ. მკითხველს შესაძლოა ბევრი სხვაც გაახსენდეს. მაინც რომელ რეკლამებს დაამატებდით ამ სიას?
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი