in

9 სასაცილო ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად

M2
M2

თუ სქროლვისას საკუთარ თავს ბევრჯერ დაჰპირებიხართ საქმის დაწყებას, ერთი ის შეგვიძლია გითხრათ, რომ მარტო არ ხართ და არც სიზარმაცედ უნდა ჩათვალოთ ეს ამბავი. ზოგჯერ პროდუქტიულები რომ გავხდეთ, ერთი შეხედვით სულელური სტრატეგიების დანერგვა გვჭირდება, იქნება ეს ტაშის დაკვრა ლოგინის გასწორების შემდეგ, ფლეილისტის ჩართვა განწყობისთვის თუ სპორტის კომენტატორებივით საუბარი მთელი დღის მანძილზე…

ქვემოთ ექსპერტების გამოცდილებებზე დაყრდნობით, 9 ამგვარ სტრატეგიას გაგაცნობთ:

1. აცდუნეთ ტვინი პატარა ნაბიჯებით

თერაპევტი რისა უილიასი ერთ ფსიქოლოგიურ ხრიკს გვასწავლის და გვეუბნება, რომ პირველი ნაბიჯი სასაცილოდ პატარა უნდა იყოს — „ისე მარტივად უნდა ჟღერდეს, რომ თქვენს ტვინს გაუჭირდეს წინააღმდეგობის გაწევა, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ერთი თავის დაწერა დაავალოთ, უთხარით, რომ უბრალოდ დოკუმენტი უნდა გახსნას და სათაური აკრიფოს“.

ასე კი აღმოაჩენთ, რომ უცბად სათაურზე ბევრად მეტს გააკეთებთ. ადამიანების უმეტესობისთვის ხომ სწორედ დაწყებაა ყველაზე რთული. 

2. შექმენით თქვენთვის მამოტივირებელი ფლეილისტი

ქოუჩი სემ დილან ფინჩი Hype Playlist-ის სტრატეგიას გვაცნობს:

„ისეთი სიმღერებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც მაგალითად ქორწილში რომ მოგესმინათ, დაუყოვნებლივ საცეკვაო სცენაზე ახვიდოდით, ნოსტალგიური, ოპტიმისტური მუსიკაა, რომელიც თქვენს სხეულს არხევს“. 

ეს ფლეილისტი კი სწორედ მაშინ უნდა ჩართოთ, როცა მიხვდებით, რომ ყურადღება ძალიან გაფანტული გაქვთ, ბევრს სქროლავთ ან პროკრასტინაციას მიმართავთ. მუსიკით მოძრაობის სურვილი გაგიჩნდებათ, რა დროსაც დოფამინსა და სხეულის გაცნობიერების საკითხს ემოციების რეგულირებისა და ამოცანებზე გადართვისთვის გამოიყენებთ. 

3. დაითვალეთ ისე თითქოს ცეკვას აპირებთ

რაღაცა დაიწყეთ და თავს პარალიზებულად გრძნობთ? დაითვალეთ 5,6 – 5,6,7,8! ეს მშვენივრად მოერგება თქვენს Hype Playlist-ს. ან შეგიძლიათ შემდეგი მეთოდითაც დაითვალოთ: 3,2,1 — წავიდა! ან ისე, როგორც ცეკვის დროს ითვლიან ხოლმე… თუ გსურთ, შეგიძლიათ ამას ფიზიკური მოძრაობაც დაამატოთ, ადგეთ, ტაში დაუკრათ, მხრები გაარხიოთ… ასე საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ მანამდე არსებულ აქტივობას ვასრულებთ და ახალზე გადავდივართ. 

4. სამუშაო სიისთვის კალენდარი გამოიყენეთ

აქ Power Planning-ზე უნდა გესაუბროთ, რომელიც სემ ლაურა ბრაუნს ეკუთვნის. მარტივად, მთელი კვირის გეგმების Google Calendar-ში გაწერა იგულისხმება და თუ რაღაცები შეიცვლება, შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ამ სიაში მხოლოდ გასაკეთებელი საქმეები ან შეხვედრები უნდა ჩაწეროთ, კვირის მანძილზე დრო დასვენებისთვის, სოციალიზაციისთვის, ვარჯიშისთვის, სეირნობისთვის, ძილისა თუ კვებისთვის სპეციალურად უნდა გამოყოთ. 

5. გამოიყენეთ მუსიკა საქმეების კეთებისას წამმზომის მსგავსად

ამ შემთხვევაში Task Playlist უნდა გამოიყენოთ, კონკრეტული სიმღერები ტაიმერად ჩათვალოთ და ეს დრო დალაგებას, საბუთების მოწესრიგებას თუ ელ.წერილების გაგზავნას დაუთმოთ. 

6. შეაფასეთ ამოცანები ინტენსივობის და არა, მნიშვნელობის მიხედვით

ზოგჯერ საქმე დროის კი არა, სტრესის მენეჯმენტს ეხება. ამიტომაც საქმეების ინტენსივობით დალაგებას გვირჩევენ, ინტენსივობაში კი სტრესის დონე იგულისხმება. რა თქმა უნდა, თავიდან საქმე დაბალი ინტენსივობის მქონე ამოცანებით უნდა დაიწყოთ, რითაც შემდგომი რთული საქმეების დასრულებაც თქვენთვის ემოციურად მეტად გამარტივდება. 

7. ჯერ იმოქმედეთ და შემდეგ იფიქრეთ

ის, რასაც Overthinking-ს უწოდებენ, პროდუქტიულობას უთხრის ძირს, ამიტომაც მოგვიწოდებენ ჯერ მოქმედებისკენ, შემდეგ კი ფიქრისკენ. მაგალითად, თუ სარეცხი გაქვთ დასაკეცი, ჯერ გაიწელეთ და შემდეგ გააკეთეთ — გეთანხმებით, სულელურად ჟღერს, მაგრამ ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ კარგად მუშაობს… 

8. ისაუბრეთ დღის მანძილზე სპორტის კომენტატორივით

თუ მარტო ცხოვრობთ, რასაც აკეთებთ, იმაზე ხმამაღლა ისაუბრეთ. სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ რუტინულ საქმეებს მეტად სახალისოს ხდის. კონცენტრირებაშიც გეხმარებათ და თქვენი ტვინიც უფრო დიდი ხნის მანძილზეა ფოკუსირებული. ხან წარმოიდგინეთ რომ პოდკასტი მიგყავთ, ხან რაღაც შოუ ან კულინარიული გადაცემა. 

9. იზეიმეთ მცირე გამარჯვებები

ლოგინის დალაგებისა თუ ცოტა რთული ელ.წერილის გაგზავნის გამოც კი დაუკარით ტაში საკუთარ თავს. მცირე აღნიშვნები პოზიტიურ ქმედებებს აძლიერებს, დოფამინის დონეს ზრდის და გიბიძგებთ ისიც გააკეთოთ, რაც აქამდე არ გსურდათ. 

ახლა კი დროა სქროლვა მართლა შეწყვიტოთ და საკუთარ თავს დანაპირებიც შეუსრულოთ…

პროფესიები, რომლებიც სწრაფად გაქრება 2030 წლისთვის, AI-ის ზრდასთან ერთად

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული თავგადასავლების სტუმარი ბუდუ ზივზივაძეა – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია