in

როგორ ვიქცეთ უკეთეს დიზაინერად? — 9 რჩევა ინდუსტრიის ექსპერტებისგან

დარდობთ იმის გამო, რომ კარიერულად ვერ ვითარდებით და ხელოვნური ინტელექტიც გაშინებთ? დიზაინის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ახალი ხელსაწყოებისა თუ პროგრამების დაუფლებაც მნიშვნელოვანია ისევე, როგორც დიზაინის ტრენდებისთვის თვალის დევნება. თუმცა, მანამდე ერთ კითხვას უნდა უპასუხოთ: რა სურთ დღეს შემოქმედებით ხელმძღვანელებსა თუ დამქირავებელ მენეჯერებს დიზაინერებისგან?

BOG
BOG

კითხვაზე სწორ პასუხებს ინდუსტრიის ექსპერტები გვთავაზობენ და მას 9 რჩევის სახით წარმოგვიდგენენ:

1. იმუშავეთ თქვენს ამბიციასა და თავდაჯერებულობაზე

შემოქმედებითი საზღვრების გარღვევა თუ გსურთ, ჯერ თავდაჯერებული უნდა გახდეთ, რათა რისკებზე წასვლაც შეძლოთ და ამბიციების რეალობად ქცევაც. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და ბევრი ისწავლეთ, გამუდმებით ეძებეთ ინსპირაცია თქვენი კომფორტის ზონის მიღმა. თუ პროცესის გამარტივება გსურთ, ამ ლინკზე გაეცანით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ გახდეთ მეტად თავდაჯერებული.

2. შეეგუეთ მოულოდნელობებს

ნამდვილი შემოქმედებითობა ექსპერიმენტებიდან იბადება, მიუხედავად იმისა, რომ გზად ბევრჯერ შეიძლება შეფერხდეთ. პერფექციონისტები ნუ გახდებით, უბრალოდ რაღაც მოულოდნელი შესთავაზეთ მომხმარებლებს და მეტად თამამი იყავით. ამას გვეუბნება ჯენი თეოლინი, Studio Theolin-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც:

უნაკლო დიზაინი ჩემთვის მოსაწყენია, მახინჯი კი ყურადღებას იპყრობს. მინდა მეტად ნაფიქრი, კონცეპტუალური მიდგომა ვიხილო თქვენს ნაშრომში… მირჩევნია ექსპერიმენტებში ჩართულს გხედავდეთ, უშიშრად ქმნიდეთ პროტოტიპებს თქვენთვის ხელმისაწვდომი ხელსაწყოებით, ვიდრე შემდგომი პროგრამის შეძენაზე ჩაფიქრებული გნახოთ. როცა ამას გაიაზრებთ, შედეგიც არ დააყოვნებს.

3. ეძიეთ ახალი პერსპექტივები

დიზაინის შექმნა იმასაც ეხება, თუ როგორ ვითარდებით, როგორც ინდივიდი. ამიტომ, თქვენი პერსპექტივა წიგნების, მოგზაურობისა და ახალი გამოცდილებების ძიებით გააფართოვეთ.

4. გამოიმუშავეთ ადაპტაციის უნარი

წარმატებული დიზაინერები უბრალოდ კარგ უნარებს კი არ ფლობენ, არამედ, ინდუსტრიასთან ერთად, გამუდმებით ვითარდებიან. ამიტომ, ცნობისმოყვარე იყავით და მიიღეთ მაქსიმუმი თქვენ ირგვლივ არსებული სამყაროდან, არ შეგაშინოთ ცვლილებებმა და ადაპტირდით. 

5. იმუშავეთ პრობლემების გადაჭრის უნარის გაუმჯობესებაზე

რომ დავფიქრდეთ, დიზაინიც პრობლემების ახალი და მოულოდნელი გზებით გადაჭრას ეხება… თქვენი გონების გამოწვრთნას ისე, რომ შემოქმედებითად და სტრატეგიულად იფიქროთ, რაც, თავის მხრივ, დიზაინერისთვის ფასდაუდებელი უნარია. სწორედ ამიტომ გვეუბნება Design Bridge and Partners-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სტიუარტ რედფორდი: 

ინვესტიცია ჩადეთ თქვენს ტვინში. გამუდმებით განავითარეთ თქვენი უნარი, რათა იფიქროთ შემოქმედებითად და გადაჭრათ პრობლემები. ორიგინალური, მოულოდნელი იდეების მოფიქრების უნარზე ღირებული დღეს არაფერია.

6. შეეგუეთ გაურკვევლობებს

უკეთესი დიზაინერი რომ გახდეთ, თქვენი გონება უნდა გაათავისუფლოთ. შემოქმედებითი ხელმძღვანელი ვანესა ეკსშტეინი გვირჩევს, რომ პრობლემებზე იმ გზებით ვიფიქროთ, რომლებიც გაურკვევლობებსა და პარადოქსებს მოიცავს, თუმცა, ამასთან, ახალ კითხვებსაც წარმოშობს. 

7. იპოვეთ ის, რაც აღგაფრთოვანებთ

იმის ნაცვლად, რომ ტრენდებს მისდიოთ და ინდუსტრიაში არსებულ ნორმებსაც მოერგოთ, დაეყრდენით ზუსტად იმას, რაც თქვენს პერსპექტივას უნიკალურს ხდის. 

პრობლემები იმ ადამიანების მიერ არ გადაიჭრება, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, ასე რომ, იპოვეთ გზები სხვანაირად ფიქრისთვის. ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, თქვენთვის საჭირო უნარების დადგენით უპასუხოთ, თუმცა ეს უფრო მეტად საკუთარი თავის ნამდვილ ვერსიად ყოფნას ეხება და იმის გაგებას, თუ რა აღგაფრთოვანებთ. თუ მოახერხებთ თქვენთვის საყვარელი სისულელეების კეთებას, არ ჩავარდებით ხაფანგში, რომელშიც ყველა ერთნაირია, — განმარტავს ჰეიმს ჰარსტი, Tinder-ისა და Punk Works-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

8. გაიუმჯობესეთ საკომუნიკაციო უნარები

დიზაინერად ჩამოყალიბება დიზაინის ძირითადი უნარების განვითარებას ეხება, ამ პროცესის ცოდნასა და მომხმარებელთა გამოცდილების გააზრებას. ორ სიტყვად რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, საკომუნიკაციო უნარებს მივიღებთ, რაც მოიცავს კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და პროექტის მართვის უნარებს.

9. განივითარეთ ე. წ. რბილი უნარები

დაბოლოს, ტექნიკური უნარებით სხვების ყურადღება მარტივად კი შეგიძლიათ, მიიპყროთ, მაგრამ გუნდური მუშაობა და პროფესიონალიზმი შეუცვლელ დიზაინერად გაქცევთ. გამოიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, იყავით სანდო და აჩვენეთ თქვენი პერსონალური უნარები. ეს საქმის კარგად კეთების საფუძველია. 

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება

როგორ დავეხმაროთ გუნდს გადაწყვეტილების მიღების პროცესში