13
Feb
2019

როგორ დავზოგოთ დრო და ვიყოთ მეტად პროდუქტიულები?

13 Feb 2019

ხშირად ისე გადის დღეები, ოდნავადაც ვერ ვხვდებით, რაში დავხარჯეთ უამრავი დრო, მით უმეტეს, თუ შედეგები, მაინც და მაინც, ვერ ვხედავთ. ბევრი საქმე, ხშირად, ადამიანს უნარს უქვეითებს, დაფიქრდეს და გააანალიზოს, კონკრეტულ საკითხზე რა დრო უნდა გამოყოს, როგორ გაზარდოს საკუთარი პროდუქტიულობა და, ამავდროულად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ვალდებულება. დროის დაზოგვა არ არის მარტივი, თუმცა, თუკი ამას მოახერხებთ და, ამავდროულად, მას რაციონალურად გადაანაწილებთ, მყისვე დაინახავთ შედეგს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ გზებს, თუ როგორ დაზოგოთ დრო:

გადაანაწილეთ თქვენი დავალებები დღის იმ მონაკვეთში, როდესაც თავს პროდუქტიულად გრძნობთ

ამისათვის, პირველ რიგში, დაადგინეთ საკუთარი ქრონოტიპი, კერძოდ, როგორი რეჟიმისკენ ხართ მიდრეკილი. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ღამით გვიან წვებიან და დილითაც გვიან იღვიძებენ, ყველაზე პროდუქტიულად გაღვიძების შემდგომ მუშაობენ. რაც მთავარია, ძილს დრო, შეძლებისდაგვარად, არ უნდა მოაკლოთ, თორემ ასეთ შემთხვევაში, თქვენ თუ არა, თქვენს შრომის ნაყოფიერებას მაინც სძინავს.

დაავალეთ თქვენს თავს ყველაზე მეტი საქმე მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ საამისოდ შესაფერისი განწყობა და მორალური მზადყოფნა გაქვთ. თუკი გვიანობამდე მუშაობთ, ეცადეთ დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ საქმის დიდი ნაწილი, რათა საღამოთი დაისვენოთ და დაძინებაც მშვიდად შეძლოთ.

თუ ასე მოიქცევით, მეტად გეცოდინებათ, სად და რაში იხარჯება თქვენი დრო. შესაბამისად, შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და რესურსების სწორად გადანაწილებას. თუმცა, როგორც ცნობილია, ყველაზე ეფექტური თავდაპირველად იმ საქმეების მოშორებაა, რომლებიც ყვეალზე მეტად არ გსიამოვნებთ. დაიწყეთ დღე ამგვარად, რადგანაც მათი გაკეთება მაინც მოგიწევთ, ხოლო რაც მალე გააკეთებთ, ლოგიკურად, უკეთესი იქნება.

როდესაც დროის დაზოგვაზე ზრუნვას დაიწყებთ, დაფიქრდით, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ?

მანამ, სანამ იმ საქმეს უთმობთ უამრავ დროს, რომელიც დიდად არ გსიამოვნებთ, დაფიქრდით, საერთოდ რატომ აკეთებთ ამას? ხშირად ადამიანები იმაზე ხარჯავენ დროს, რაც საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. მართალია უმეტესწილად, არ გვაქვს შესაძლებლობა, გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენი აღქმით ცუდსა და კარგ საქმეს შორის, თუმცა, არის საკითხები, რომლებსაც მეტი ინტერესით ვუდგებით. შესაბამისად, მათ უფრო მცირე დროშიც ვასრულებთ, რადგან მოგვწონს მასზე მუშაობა და არ ვწელავთ მასზე განკუთვნილ დროს.

სანამ მუშაობას შეუდგებით, კარგად დაფიქრდით და შეადგინეთ დღის განრიგი, რომლითაც დროის მენეჯმენტს მარტივად მოახერხებთ. და, თუმცა, ეს არც ისე მარტივია, დაიმახსოვრეთ, რომ დრო ზედმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ იგი არარაციონალურად დახარჯოთ.

წყარო: Inc



განხილვა