1
Mar
2019

როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება 9 დღეში – 9 ხერხი

1 Mar 2019

წარმატებულ ხალხს წარმატების მიღწევის სხვადასხვა ხერხი აქვს შემუშავებული. ზოგი კონკრეტული წესებით ხელმძღვანელობს, ზოგი კი საერთო, საზოგადოებაში გაზიარებულ ცოდნასაა მინდობილი. რაც არ უნდა იყოს და წარმატების მიღწევის როგორი კონკრეტული გზებიც უნდა გქონდეთ, არსებობს ის ზოგადი ჩარჩო, რომელში მოქცევაც საჭიროა, რათა თქვენს კარიერასა და ზოგადად საქმიანობას დადებითი განვითარება ჰქონდეს.

statiebi-bog
statiebi-bog

წარმოგიდგენთ 9 გზას, რომელიც დაგეხმარებათ, 9 დღეში გაიუმჯობესოთ ცხოვრება:

დააყენეთ თქვენი თავი სხვის ადგილას

თქვენში ემპათიის განვითარება იწყება მაშინ, როდესაც სხვების ცხოვრებაზე/მდგომარეობაზე ფიქრს დაიწყებთ – რა აწუხებთ და რას განიცდიან და რომ მათი შეგრძნებებიც ისეთივე რეალურია, როგორიც თქვენი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, ისწავლოთ სხვების მხარში დგომა და ერთგულება.

იყავით ზომიერად ცნობისმოყვარე

ალბერტ აინშტაინი ამბობდა: “მე არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული ტალანტი, მე უბრალოდ განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე ვარ.” თუმცა, მხოლოდ ალბერტ აინშტაინს რომ არ დავესესხოთ, უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ცნობისმოყვარეობა ადამიანებს ეხმარება, სხვებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ – მათ განსაკუთრებული კომუნიკაციის უნარი აქვთ. ასეთ ადამიანებთან სხვები მარტივად მიდიან მჭიდრო კავშირამდე.

იპოვეთ თქვენი მიზანი

ხშირად შეახსენეთ თქვენს თავს, რომ თქვენი მიზანი არ არის დღეში 10 საათი, ხოლო კვირაში 5 დღე მუშაობა 30 წლის განმავლობაში – ბოლოს კი, გოლფის კურსებზე სიარული. რეალურად, ის რაც გჭირდებათ, საკუთარი თავის, საკუთარი ბედნიერების პოვნაა. გარკვეული დროის მერე კი საკუთარ თავს ჰკითხეთ:

რა გავლენა ვიქონიე სხვების ცხოვრებაზე?

ვის დავეხმარე ცხოვრების გაუმჯობესებაში?

ისწავლეთ მოთმინება

მოთმინება სწორედ ისაა, რაც გეხმარებათ, უკეთესად დაფიქრდეთ მაშინ, როდესაც ცუდ სიტუაციაში იმყოფებით ან უარესი –  სამყარო თავზე გემხობათ. მოთმინება გეხმარებათ, თვითკონტროლის რეჟიმი განივითაროთ. როდესაც პრობლემურ სიტუაციაში ვიმყოფებით, ხშირად მხოლოდ საკუთარ შეხედულებებზე ვორიენტირდებით, მოთმინება კი გვაძლევს საშუალებას, სხვების მხარეც დავინახოთ.

ისწავლეთ ჭკვიანი ადამიანებისგან

გონიერი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, ბევრი ისწავლონ სხვა, მათთვის უფრო გონიერი ადამიანებისგან. ისინი საკუთარ თავს არასდროს მოიაზრებენ სრულყოფილი ცოდნის მქონეებად, სწორედ ამიტომ სხვებთან ნეთვორქინგს ხშირად ამყარებენ. დაპატიჟეთ თქვენთვის საინტერესო და ჭკვიანი ადამიანი ყავაზე და დაუსვით კითხვები, რომლებიც მომავალში თქვენს პიროვნულ ზრდასა და საქმიანობას გამოადგება.

დაფიქრდით, რა მოგგვრით სიმშვიდეს?

სიმშვიდე ის ელემენტია, რომელიც გვიბიძგებს უფრო ნაყოფიერად ვიმუშაოთ. მშვიდი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, საღ გადაწყვეტილებებს გვაღებინებს. სწორედ ამიტომ, დაფიქრდით, რა მოგგვრით ამ მდგომარეობას? იზრუნეთ ჰობზე, რომელიც გამშვიდებთ, წადით აუზზე და იცურეთ, ან უბრალოდ გადით ბუნებაში და ცოტა ხნით მაინც მოწყდით რუტინულ ყოფას.

აიმაღლეთ ცნობიერება

ცნობიერების ამაღლება მაშინ ხდება, როდესაც საკითხს მრავალი კუთხით უდგებით. საკუთარ თავსა და სხვებზე ფიქრი გვეხმარება, განვივითაროთ უნარი, რომელიც უფრო ღრმა აზროვნებას გვასწავლის. დააკვირდით იმასაც, რასაც აქამდე არ აკვირდებოდით – ეს დაგეხმარებათ, სხვადასხვა მიდგომები განივითაროთ.

იყავით მეტად სპონტანური

გადაბმული სამუშაო დღეები ხშირად “სიცოცხლის ნიშან-წყალს” გვაკარგვინებს. ასეთ მომენტში კი სწორედაც სპონტანურობა გვჭირდება. გააკვირვეთ საკუთარი თავი – გააკეთეთ ის, რასაც მისგან არ მოელით. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელსაც ამხელა გავლენა აქვს თქვენივე თავზე, იზრუნეთ, რომ მან თავი კარგად იგრძნოს.

შეეგუეთ, რომ ცხოვრებაში წარუმატებლობები ხშირია

თუკი ნებისმიერ წინაღობას მარტივად და მოკლე დროში ნებდებით, იცოდეთ რომ თქვენ უამრავ გაკვეთილს ტოვებთ, გაკვეთილს, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. წარუმატებლობა ხშირია, სტაბილურად დადებითი გამოცდილება არავის აქვს. შეეგუეთ რომ ეს ასე ხდება და ეცადეთ ნებისმიერი მარცხი წარმატებად აქციოთ.

წყარო: Inc

 



განხილვა