დიდი მიზნები ყველას გვაქვს, იქნება ეს პროექტის დაწყება, წიგნის დაწერა თუ კურსის დამთავრება… თუმცა ყოველდღიურ საქმეებში ისე ვიკარგებით, რომ მუდმივად პროკრასტინაციას მივმართავთ… წელსაც ასე რომ არ მოხდეს, 90/90/1-ის წესს გაგაცნობთ, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
რას გულისხმობს 90/90/1-ის წესი?
მნიშვნელოვან მიზანზე ფოკუსირების გზას გთავაზობთ. იდეა 90 წუთის გატარებაში მდგომარეობს, 90 დღის მანძილზე, 1 მიზნისთვის და, სასურველია, თუ ეს 90 წუთი სამუშაო დღის პირველ ნაწილში იქნება. ჩათვალეთ, რომ პროდუქტიულობის სტრატეგიაა, რომელიც ქაოსში გზის გაკვლევასა და პროგრესირებაში დაგეხმარებათ. კონცეფცია რობინ შარმას ეკუთვნის, კანადელ მწერალს, რომელმაც იგი პირველად თავისსავე წიგნში The 5 AM Club გაგვაცნო. ქვემოთ კი დეტალურად მოგიყვებით, როგორ მუშაობს ეს სისტემა:
90 დღე — კონკრეტულ რუტინაზე 3 თვის მანძილზე ხართ მიბმული, რაც საკმარისია იმისათვის, რომ რეალური შედეგები დაინახოთ, თუმცა არა იმდენად, რომ გრძელვადიან ჩვევად აქციოთ…
90 წუთი — სამუშაო დღის პირველ საათნახევარს უძღვნით მიზანს, დროს, როცა თქვენი ენერგია და ფოკუსირების უნარი პიკშია ისე, რომ არც ყურადღება გეფანტებათ სხვა საკითხებით.
1 მიზანი — პრიორიტეტებს შორის ჟონგლიორობის ნაცვლად, მხოლოდ იმ ერთზე ხართ კონცენტრირებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქნება ეს პროექტის წამოწყება, წიგნის წერა თუ რაღაც უნარის გაუმჯობესება. შემდგომ კი დღეში 90 წუთს სწორედ ამ მიზნის მიღწევას უთმობთ.
როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში 90/90/1-ის წესი?
აირჩიეთ მიზანი — პრიორიტეტი მიანიჭეთ იმას, რაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუსრულებელი შემოგრჩათ.
გამოყავით დილით დრო — სამუშაო დღის პირველი 90 წუთი დაბლოკეთ და სხვებს უთხარით, რომ ამ დროს არ იქნებით ხელმისაწვდომი, რადგან მუშაობთ.
თავი აარიდეთ ყურადღების გამფანტავ საკითხებს — ფოკუსირებული გარემო შექმენით, გათიშეთ ელ.ფოსტა, ხმა ჩაუწიეთ ტელეფონს და ჩახურეთ არასაჭირო გვერდები თქვენს კომპპიუტერზე.
დაგეგმეთ თქვენი სესია — ყოველი 90-წუთიანი სესიის დაწყებისას, სწრაფად წამოწიეთ წინ ის საკითხები, რომლებზეც მუშაობას აპირებთ, ეს დროის პროდუქტიულად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
სრულად კონცენტრირდით — ეცადეთ, გონება არ გაგეფანტოთ…
უერთგულეთ ამ წესს — შემდგომი 90 დღის მანძილზე ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ, თანმიმდევრულობით მიღწეული შედეგი კი გაოცებულს დაგტოვებთ.
აქციეთ რუტინის ნაწილად — სპეციალისტები ამ წესის იმასთან მიბმას გირჩევენ, რასაც უკვე დღის დასაწყისში რუტინულად აკეთებთ, მაგალითად, საუზმე ან ყავის დალევა.
თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესს — ეს მეტად მოტივირებულს გაგხდით და საშუალებას მოგცემთ, თქვენი ძალისხმევის შედეგიც დაინახოთ.
ჩამოაყალიბეთ გუნდი — კარგი იქნება, თუ 90/90/1-ის გუნდს ჩამოაყალიბებთ თქვენს მეგობრებთან ერთად, რომელთაც, თავიანთი მიზნები აქვთ. ასე ერთმანეთის მიმართაც გაგიჩნდებათ პასუხისმგებლობა და მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.
იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ — პროგრესირება სრულყოფილებას არ ნიშნავს, უბრალოდ მიზნის ერთგულებას მოითხოვს, ამიტომ არაუშავს, თუ თქვენი ჩვეული დილის რუტინა მოგენატრებათ ან ხან 90 წუთის ნაცვლად, საათს დაუთმობთ მის შესრულებას.











